ნატოს მღვრიე ტყლაპო

თუ ნიანგს თქვენი მტრის შეჭმა სურს, ნუ გგონიათ ის თქვენი მეგობარი

აფრიკული ანდაზა

როგორც ჩანს ტაქტიკურმა კოლაბორაციონიზმის ისტორიამ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს და უკრაინის პატრიოტიზმისთვის მებრძოლი ”გმირები’ ნაცისტურ გერმანიასთან თამაშრომლობაზეც კი წავიდნენ, არც ჩვენ და არც უკრაინელებსაც დიდად არაფერი გვასწავლა. ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელებში ასეთი ”სამარცხვინო პატრიოტები” უფრო მრავლად იყვნენ, ვიდრე საქართველოში, მაგრამ არც ჩვენ გვქონდა ამის ნაკლებობა. ალბათ ყველაზე ცნობილი ქართველი გრიგოლ რობაქიძე იყო, ვინც არც მეტი და არც ნაკლები ადოლფ ჰილტერს 1939 წელს წიგნი მიუძღვა და ის გერმანულ ენაზე გამოსცა. იყო ასევე ”ქართული ლეგიონი” (Georgische Legion), რომელიც მესამე რაიხის მხარეს იბრძოდა და საკუთარ თანამოძმეებს ხოცავდა ბოლშევიკებისგან, რომ გაეთავისუფლებინათ საბჭოთა საქართველო. იყო სამარცხვინო შალვა მაღლაკელიძე და ბევრი მისი მსგავსი იდეოლოგიურად დაბინდული გონების და არსის პიროვნება, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბოროტების მხარეს იყვნენ.

რაც შეეხება უკრაინელების კოლაბორაციონიზმს II მსოფლიო ომის დროს ამაზე ინტერნეტშიც უამრავი მასალა იძებნება. სტეპან ბანდერა და რომან შუხევიჩი იმ ”საამაყო” უკრაინელების სიის სათავეში იმყოფებიან, რომლებიც მასობრივად ხოცავდნენ ებრაელებს და პოლონელებს II მსოფლიო ომის დროს. სტეპან ბანდერა და რომან შუხევიჩი პოლონეთში სახელმწიფო დამნაშავეებად არიან აღიარებული, დასავლეთ უკრაინაში კი მათ ძეგლები უდგათ.

ასეთია ისტორიული პატერნი, რაც უკრაინელებისთვის და ასევე ქართველებსითვისაც ნაციონალური ასპირაციის კრახის გარდა ჯერ-ჯერობით სხვა არაფრით არ დამთავრებულა. მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ჩვენ გვესმის მოსაზრებები ”კეთილი” აგრესორის სასარგებლოდ, რომელმაც ეს ორი ქვეყანა ”ბოროტი” აგრესორისგან უნდა დაიცვას. თითქოს რუსეთი ერთადერთი საფრთხეა, რომლის შეცნობაც ამ ქვეყნების მმართველ ელიტებს შეუძლიათ.

ამ ქვეყნის ხელისუფლებების მიერ ბოლო პერიოდში წარმოებული პოლიტიკა ხშირად მსოფლიო პოლიტიკის პრიმიტივიზაციას ახდენს და სამყაროს ორ უკიდურესობად ჰყოფს: კეთილად და ბოროტად, პროგრესულად და რეგრესულად, ნათელად და ბნელად. თითქოს ასეთ კომპლექსურ, მრავალწახნაგოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში მხოლოდ ორი პოლუსია. მსგავსი აზროვნება ბავშვებს ახასიეთბთ მათი ნაივურობის, გამოუცდელობის, გაუნათლებლობის და სხვა ფაქტორების გამო. მსგავსი მიდგომა არ არის ზრდასრული ჩამოყალიბებული სუბიექტის რეფლექსია, ამაზე მიუთითებდა თვით გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილიც.

ამასთან დაკავშირებით საჭიროა გავიხსენოთ რას წარმოადგენს ნატო, როგორც გაჩნდა ეს ორგანიზაცია, რატომ არსებობს, რას ემსახურება და საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისთვის მასთან დაახლოება რისი მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ნატო 1949 წელს შეიქმნა ომის შემდგომ მსოფლიოში საბჭოთა კავშირთან პაექრობისთვის. საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ევროპაში და საბჭოთა კავშირის პოპულარობის ზრდის ფონზე მისი გეოპოლიტიკური ექსპანსიის შესაჩერებლად, რომელიც ”ცივი ომის” დამთავრების შემდეგ ისედაც სავალალო მდგომარეობაში იყო, (ადამიანურ ზარალს თუ გავითვალისწინეთ 27 მლნ. დაღუპული ადამიანის სახით და ეკონომიკურ ზიანს, რაც იმ მომენტისთვის 128$ მლრდ-ს უტოლდებოდა,) აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმდა და კანადამ კიდევ სხვა 9 სახელმწიფო დაიყოლია სამხედრო ბლოკში გაერთიანებულიყვნენ.

ამ 9 სახელმწიფოს შემადგენლობა კოლონიალური იმპერიების თითქის ყველა წარმომადგენელს მოიცავდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ბელგია, საფრანგეთი, დანია, ნორვეგია, ისლანდია, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია და ლუქსემბურგი.

ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ ნატოს წევრობის შესახებ განაცხადი საბჭოთა კავშირმა 1954 წელს გააკეთა, თუმცა რა გასაკვირია, რომ ეს ინიციატივა ნატომ დაბლოკა. აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი საკუთარ უარს იმ მოტივით ასაბუთბდნენ, რომ ”შეუძლებელი იქნებოდა ნატოს დემოკრატიული და თავდაცვითი ხასიათის შენარჩუნება”. სხვათა შორის ეს ის პერიოდია, როდესაც აშშ-ში უმკაცრესი რასობრივი დისკრიმინაცია იყო, ევროპაში კი შავკანიან ბავშვებს ზოოპარკებში ათავსებდნენ.

ნატოსგან მიღებული უარის შემდეგ საბჭოთა კავშირმა ”ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია” შექმნა. ასე დაიწყო ”ცივი ომი” დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის. ამ დაპირისპირების დასასრული ყველასთვის ცნობილია. ერთის შეხედვით საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციის შემდეგ, ის ამოცანები, რასაც ნატო ისახავდა უკვე შესრულებული იყო, რადგანაც ”წითელი საფრთხე” განეიტრალებული იყო, ხოლოს სამხედრო ალიანსის აზრი – ამოწურული.

თუმცა, იმის მაგივრად რომ ნატოც მისი აღმოცენების მთავარ მიზეზს უკან გაჰყოლოდა, ნატომ XXI საუკუნეში შეყო თავი, როგორც აგრესიულმა სამხედრო ბლოკმა, თვითნებურად თავს დაესხა სუვერენულ ქვეყნებს და საკუთარი გეოგრაფიული არეალიდან საკმაოდ დაშორებულ სახელმწიფოებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატომ ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიები გააჩაღა, რასაც იქამდე ვერ ბედავდა. ობიექტურობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ არც ”ცივი ომის” დროს იყოს ნატო ბოლომდე უმწიკვლო პაციფისტური ორგანიზაცია. ასე მაგალითად ”ცივი ომის” დროს ევროპულ ქვეყნებში ნატოს ტერორისტული დაჯგუფება “გლადიო” მოქმედებდა. ნატოს ტერორისტული წარსული ევროპაში 90-იან წლებში გასაჯაროვდა. ამ თემაზე არაერთი პუბლიკაცია და წიგნი დაიწერა.

ნატოს ოფიციალური ლეგენდა 2 იდეოლოგიურ ასპექტს მოიცავს: პირველ რიგში ნატოს თავდაცვითი ხასიათი გააჩნია და მეორეს მხრივ მისი მისია დემოკრატიული ფასეულობების, თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვაა. ამ ორივე ასპექტს აბათილებს ნატოს ისტორიული პრაქტიკა.

‘’ცივ ომში’’ გამარჯვების მოპოვების შემდეგ აშშ ჰეგემონი გახდა და მსოფლიოში საკუთარი პოლიტეკონომიური წესრიგის დამყარება დაიწყო. ‘’ვარშავის ხეშლეკრულების’’ და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ინტეგრირებულები იქნენ აშშ-ის გავლენის სფეროში. ამ ინტეგრაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ‘’საბაზრო რეფორმების’’ კვალდაკვალ ნატო გახდა.

იმის მიუხედავად რომ ჯეიმს ბეიკერმა, ჯორჯ ბუშ უფროსის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა, გორბაჩოვს სამჯერ დაპირდა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, ეს დაპირება ჰაერში ნასროლ ცარიელ სიტყვებად დარჩა. ნატომ 9 გეოპოლიტიკური გაფართოება გადაიტანა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 5 გაფართოვება მოხდა, ხუთივეჯერ აღმოსავლეთით.

1999 წელს სამხედრო ალიანსში უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთი გაწევრიანდა. ზუსტად 10 დღეში ამ ქვეყნის მოქალაქეები გადასროლილ იქნენ მეზობელ იუგოსლავიასთან ომში, რომელსაც ნატო 78 დღის განმავლობაში უმოწყალოდ ბომბავდა და სისხლის გუბეებით გაავსო მთელი ქვეყანა.

იმავე წელს ვაშინგტონის სამიტზე ახალი სტრატეგიული კონცეპტი იქნა მიღებული, რომელიც ნატოს უფლებას აძლევდა არამხოლოდ თავი დაეცვა, არამედ თავსდასხმითაც დაკავებულიყო და საკუთარი საზღვრებს მიღმა ჩაეტარებინა ოპერაციები.

2 წლის შემდეგ, 2001 წელს ნატოს ჯარები თავს დაესხა ავღანეთს. რით დამთავრდა ეს დამანგრეველი 20 წლიანი სამხედრო ავანტიურა, სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, როდესაც ამერიკული თვითმფრინავები ერთმანეთის მიყოლობით ტოვებდნენ ქვეყანას; ბედის ამარა მიგდებული ავღანელები აეროპორტის ასაფრენ ზოლზე თავგანწირულად მისდევდნენ თვითმფრინავს, ხოლო ზოგიერთი მათგანი თვითმრინავის ფრთებზე აბობღდა და რამდენიმე წამში ტრაგიკულად დაიღუპა.

ნატოს გაფართოება წლების მიხედვით

2004 წელს ნატომ თავის რიგებში ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესტონეთი მიიღო. მათ მოყვა ხორვატია და ალბანეთი 2009 წელს, 2017 წელს ჩერნოგორია, ხოლო 2020-ში ჩრდილოეთ მაკედონია.

2005 წლიდან დაწყებული ნატოს და უკრაინის თანამშრომლობა დაჩქარებული დიალოგის ფორმატით მიმდინარეობდა. 2008 წელს ალიანსმა განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ განევითარებინა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. ამ მიმართულებით სვლამ ახალი ბიძგი ევრომაიდანის შემდეგ მიიღო. ნატოში გაწევრიანებისკენ მიმართული კურსი უკრაინის კონსტიტუციით გამყარდა 2019 წელს და ქვეყანამ მიიღო ‘’გაფართოებული შესაძლებლობების პარტიორის’’ სტატუსი. იგივე სტატუსი გააჩნიათ ავსტრალიას, საქართველოს, იორდანიას, ფინეთს და შვედეთს.

საქართველოს და ნატოს თანამშრომლობა 1990-იანი წლების დასაბამიდან დაიწყო. 2002 წელს ნატო-ს პრაღის სამიტზე საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

2004 წლიდან ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. კერძოდ, 2004 წლის 29 ოქტომბერს, ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ალიანსმა დაიწყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP – Individual Partnership Action Plan) ფორმატში თანამშრომლობა.

2019 წელს ნატომ საკუთარი ინტერესების ზონაში აფრიკაც შეიყვანა, იქამდე კოლუმბიაში და ლიბიაშიც გაინავარდა, სადაც «ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაციის» შემდეგ მონობა დაბრუნდა, ახლო აღმოსავლეთელმა ექსტრემისტებმა იარაღის ქარავანი მიიღეს, ხოლო მიგრაციულმა კრიზისმა ევროპაში მემარჯვენე ძალების აღზევებას შეუწყო ხელი.

დღესდღეობით, ნატო 2030 დღის წესრიგის თანახმად სამხედრო ალიანსი აზიაში მიემართება, სადაც აშშ ჩინეთთან შეტაკებისთვის ემზადება, რომლის არნახული ეკონომიკური ზრდა ერთპოლარული მსოფლიოს დასასრულს მოასწავებს აშშ-ის ჰეგემონიური ლიდერობით.

ნატოს გაფართოების პოლიტიკას რომ ქვეყნებს შორის დაძაბულობის ახალი მუხტი შეაქვს, აშშ-ის ოფიციალური პირებიც აღიარებენ. თვით ჯორჯ კენანმა, ამერიკელმა დიპლომატმა და «ცივი ომის ერთ-ერთმა არქიტექტორმა» ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ამერიკული პოლიტიკის «ყველაზე საბედისწერო შეცდომა უწოდა» ცივი ომის შემდეგ და ივარაუდა, რომ ის ნაციონალისტურ, ანტიდასავლურ და მილიტარისტულ განწყობების გაღვივებას შეუწყობდა ხელს რუსეთში.

ობამას და ბუშის დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რობერტ გეიტსი აღიარებს, რომ ნატოს გაფართოებამ «რუსეთთან ურთიერთობა დაძაბა». იმავე აზრზეა აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი. მან აშშ-ის საგარეო პოლიტიკას «აგრესეიული» უწოდა და ნატოს გაფართოება და აშშ-ის მიერ «ფერადი რევოლუციების» მხარდაჭერა გააკრიტიკა.

ნატოს აპოლოგეტები ხშირად იყენებენ ლირიკას დემოკრატიულ ფასეულობებზე და ადამიანების უფლებებზე, რასაც მათი თქმით სამხედრო ალიანსი უზრუნველყოფს საკუთარი წევრების მოქალაქეებისთვის. როგორ ეხამება ეს ავტოკრატიული თურქეთის წევრობას ნატოში, ნავთობის ომებს, რომელთა მსხვეროლი პირველ რიგში მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ამას უკვე აღარ აზუსტებენ ევროატრანტიკური ბლოკის მეხოტბეები.

1999 წელს ნატოს მიერ იუგოსლავიის განადგურება

ნატო – ეს არაა უფლედამცველი ორგანიზაცია. ნატო სამხედრო ალიანსია, რომელიც ატომური იარაღით და სხვა გამანადგურებელი ტექნიკითაა აღჭურვილი, ექსპანსიურად მოქმედებს და მთავარი ინვესტორის, აშშ-ის ინტერესებთთან სუბორდინაციაშია. ამ მილიტარისტული გაერთიანების ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ეს ინტერესები დაიცვას, ამავდროულად იმპერიის სამხედრო ავანტიურებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება აშშ-ის პარტიორებზე ხდება ალიანსის ფარგლებში.

იქედან გამომდინარე, რომ ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება, როგორც ყველა წევრზე თავდასხმად, აღნიშნული ბლოკის ექსპანსია კვებავს არა მხოლოდ რეგიონალურ კონფლიქტებს, არამედ მსოფლიოს ომის გლობალურ საფრთხეს. ყოველი ახალი ქვეყნის წევრობასსთან ერთად ნატო საზღვრები ფართოვდება და უახლოვდება კონკურენტების ტერიტორიებს.

სუვერენიტეტის გაგება გულისხმობს, რომ სუვერენულ ქვეყანას თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს ვისთან დაამყარებს ინტიმურ პოლიტიკურ კავშირს. თუმცა ნებისმიერი მსგავსი გადანაცვლება რეალურ პოლიტიკურ ლანდშაფტზე ხდება, რაც სხვადასხვა სუბიექტების ინტერესების ერთობლიობაა. ეს ინტერესები ერთმანეთზე მოქმედებს და ვერ იქნება იგნორირებული ფრთოსანი ფრაზების და ლამაზი თეორიების გამო.

სუვერენიტეტის არსის პატივისცემის მიუეხედავად, დასავლეთის ბევრი გულმხურვალე მხარდამჭერი თანხმდება იმაზე, რომ მექსიკა მაგილითად სამხედრო ბლოკში ვერ შევა ჩინეთთან ან რუსეთთან, რადგანაც ეს გამოიწვევს კონფლიქტს აშშ-სთან. ანალოგურად უკრაინას არ შეუძლია რუსეთის ინტერესების უგულებელყოფა ნატოს საკითხთან მიმართებაში.

საერთაშორისო ურთიერთობები არ არის თვითმავალი პროცესი. ეს არის ურთიერთობა. ურთიერთობა კი გულისხმობს, რომ მხარეები ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებენ. ინტერესების ბალანსი ძალთა თანაფარდობაზეა დამოკიდებული, რაც სხვადასხვა პირობების წამოყენების საშუალებას იძლევა.

ცხადია, რომ უკრაინისთვის ერთადერთი სცენარი, რომლის გეოგრაფიული მდებარეობა მას ორ იმპერიას შორის ამყოფებს, უბლოკო სტატუსია, ანუ სხვანაირად სამხედრო ნეიტრალიტეტი. სამხედრო ნეიტრალიტეტმა უკრაინისთვის საკუთარი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. 2014 წლამდე, მაიდანის ოლიგარქების ხელისუფლებაში მოსვლამდე, რომლის შემდეგადაც დაიწყო ნატოსკენ სწრაფი სვლა, უკრაინას ტერიტორიები არ დაუკარგავს, უკრაინელები ომში არ დახოცილან.