მინიმალური ხელფასის გაზრდა ეკონომიკას არ ვნებს – ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში

შვედეთში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა გახდა ცნობილი ეკონომიკაში. გამარჯვებული 3 მეცნიერი აღმოჩნდა, აშშ-ის მოქალაქე – კანადელი დევიდ ქარდი და 2 ამერიკელი – ჯოშუა ანგრისტი და გვიდო იმბენსი. პირველმა მათგანმა აღიარება შრომის ბაზრის კვლევისთვის მიიღო, ხოლო ანგრისტი-იმბენსის დუეტმა ახალი შეხედულებებისთვის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენისას. ცალ-ცალცე მუშაობის მიუხედავად მათ შეძლეს და მთელი მსფოლიოს ეკონომისტებს და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებს მოძველებული მიდგომების ახლებური გააზრება შეთავაზეს, მათ შორის სხვადასხვა ბუნებრივი ექსპერიმენტების დახმარებით.

”2021 წლის ეკონომიკური მეცნიერებების ლაურეატებმა ჩვენ შრომის ბაზრის ახლებური გაგება მოგვცეს, დაგვანახეს რა დასკვნების გაკეთებაა შესაძლებელი მიზეზ-შედეგობრივი ემპირიული კვლევებით” – წერია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

იზრდება თუ არა უმუშევრობა მინიმალური ხელფასის გაზრდის შემთხვევაში? მცირდება თუ არ ხელფასი იმ რეგიონებში, სადაც მიგრანტების მასობრივი მოდინება შეინიშნება? რა ეფექტი იქნება თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და მწარმოებლურობაზე თუ კომპანია მათ ველოსიპედებს აჩუქებს ახალ წელს ან მოწევაზე შეზღუდვებს დააწესებს? ამ კითხვებზე პასუხი ეკონომიკური პოლიტიკის წარმათვისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ მათზე პასუხის მიღება არც თუ ისე იოლია.

ზოგადი დებულება, რომ კორელაცია არ ნიშნავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, თანამედროვე ეკონომიკური კვლევების ერთგვარი დევიზი გახდა. ამ კავშირების შესაფასებლად სხვადასხვა მეცნიერებებში რენდომიზირებული (შემთხვევითი) ექსპერიმენტები გამოიყენება, როდესაც ერთი ჯგუფი ექსპერიმენტატორის ზეგავლენის ქვეშ ექცევა, ხოლო სხვა (საკონტროლო ჯგუფი) – არა, ამავდროულად ეს შერჩევა შემთხვევითია. ეს გავრეცელებული პრაქტიკაა მედიცინაში, როდესაც ვაქცინების ეფექტურობის შეფასებისას, 2 ჯგუფის შედეგები დარდება, I – ვინც მიიღო და II – ვინც არ მიიღო ვაქცინა.

თუმცა მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება ეკონომიკაში ძნელია ან საერთოდ შეუძლებელი, მათ შორის ეთიკური მიზეზების გამო. 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებმა შემოგვთავაზეს, როგორ შეიძლება არსებულ მონაცემებს შორის ვარიაციის მოძებნა, რომელიც შემთხვევით ექსპერიმენტს წააგავს და ამგვარი ბუნებრივი ექსპერიმენტის გამოყენება შეფასებისთვის.

მინიმალური ხელფასის ზრდა სამუშაო ადგილებს აუცილებლად არ ამცირებს

მეინსტრიმულ ლიბერალურ ეკონომიკურ დისკურსში გავრცელებულია ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც მინიმალური ხელფასის ზრდას სამუშაო ადგილების შემცირებასთან მივყავართ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, დევიდ ქარდმა 1990-იანი წლების დასაწყისში აწ უკვე გარდაცვლილ ალან კრუგერთან ერთად მინიმალური ხელფასის ზრდის ეფექტის შედარება დაიწყო ნიუ-ჯერსის შტატში პენსილვანიის მსგავს მაჩვენებელთან შედარებით. 1990-იანების დასაწყისში ნიუ-ჯერსიში მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 4.25$-დან 5.05$-მდე გაიზრდა, ხოლო პენსილვანიის შტატში ხელფასი უცვლელი დარჩა. მარტო ნიუ-ჯერსის შტატის მონაცემების შეფასება დასკვნების გასაკეთბლად არასაკმარისი იქნებოდა, რადგანაც უმუშევრობაზე ბევრი სხვა ფაქტორი მოქმედებს. ნიუ-ჯერსის მაჩვენებლების შედარება მეზობელ შტატთან ბევრად უფრო კომპეტენტურია და ზუსტ შედეგს იძლევა, რადგანაც ამ ორი მეზობელი შტატის შრომის ბაზარი ფაქტიურად იდენტურია. ქარდმა და კრუგერმა კვლევისთვის სწრაფი კვების რესტორნების შრომის ბაზარი შეარჩიეს, იმიტომ რომ იქ ანაზღაურება მინიმალურია და კანონით გათვალისწინებული მინიმალური ხელფასი დიდ ზეგავლენას ახდენს. ამ კვლევის შედეგი კი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა:

”მინიმალური ხელფასის ზრდა თუ მოქმედებს უმუშევრობის მატებაზე, მხოლოდ უმნიშვნელოდ. ანუ მინიმალური ხელფასის ზრდა აუცილებლად არ ამცირებს სამუშაო ადგილებს.”

ესაა ამ კვლევის მთავარი დასკვნა, რაც ბევრი ქვეყნისთვის ხელისუფლებისთვის შეიძლება აღმოჩნდეს უმნიშვნელოვანი ინფორმაცია.

საქართველოში მაგალითად კანონით გათვალისწინებული მინიმალური ხელფასი 20 ლარია, მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა. როდესაც 2020 წელს საქართველოს პარლამენტში მინიმალური ხელფასის კანონის ცვლილება განიხილებოდა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ეს კანონი ჩააგდო. ფორმალური მიზეზი მაშინ სწორედ ის არგუმენტი გახლდათ, რომ ეს უმუშევრობის ზრდას გამოწვევდა. ასე რომ ნობელიანტი დევიდ ქარდის დამსახურებით ეს ლიბერალური დაშვება უკე წარსულს ჩაბარდა.

ბუნებრივი ექსპერიმენტების სხვა მაგალითები მოიცავდა იმიგრაციის ზეგავლენას შრომის ბაზარზე. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა იმის ცოდნა, რა იქნებოდა იმიგრაციის გარეშე საერთოდ. ამ შემთხვევაშიც დევიდ ქარდმა ბუნებრივ ექსპერიმენტს მიმართ – 1980-იან წლებში მაიმიში კუბელი მიგრანტების დიდი ნაკადი მოაწყდა და სწორედ ამ ფაქტის ზეგავლენის ანალიზი დაიწყო ნობელის პრემიის ლაურეატმა. ქარდმა ვერ აღმოაჩინა ნეგატიური შედეგები ქალაქის მკვიდრი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით განათლების დაბალი დონის მქონეებისთვის – ხელფასი არ შემცირდა, უმუშევრობა კი არ გაიზარდა. სხვა მსგავსმა კვლევებმაც, რაც ამის შემდგომ ჩატარდა გამოაშკარავა, რომ იმიგრაციის მორიგი ტალღა დადებითად მოქმედებს ქვეყანაში დაბადებული მაცხოვრებლების შემოსავალზე, ვინც შეიძლება ამით დაზარალდეს ეს არიან იმიგრაციის წინა ტალღის დროს სხვა ქვეყნიდან გადმობარგებული ხალხია.

განათლების ზეგავლენა შემოსავლებზე

ის, რომ ხარიასხიანი განათლება და შემოსავლების პირდაპირპროპორციული არახალია და ამ თემაზე დისკუსიები დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს. თუმცა ღრმა და ყოვლისმომცველი კვლევები ამ თემაზე არც თუ ისე ხშირად გვხვდება. სწორედ ამაში მდგომარეობს ნობელის პრემიის II ლაურეატის ჯოშუა ენგრისტის დამსახურება. მან 1990-იან წლებში ზემოთხსენებულ ალან კრუგერთან ერთად ადამიანების მიერ განათლებაში დახარჯული წლების კვლევა დაიწყო მათ მიერ გამომუშავებულ შემოსავლებთან მიმართებაში.

რა თქმა უნდა არსებობენ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც შედარებით ნაკლებ დროში მეტ ცოდნა-განათლებას იძენენ და მაღალი პროდუქტიულობა გააჩნიათ. ამოსავალი კითხვა, რაც ამ კვლევის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენისას შეიძლება გაჩნდეს იმაში მდომარეობს, როგორ გავიგოთ მაღალი შემოსავლები ნიჭიერების და მაღალი IQ-ის დამსახურებაა, თუ საკუთრივ განათლებაში დახარჯული წლების?

ამიტომაც ანგრისტმა და კრუგერმა მახვილგონიერება გამოიჩინეს და ამ შემთხვევიშიც ბუნებრივ ექსპერიმენტს მიაგნეს. აშშ-ში მოსწავლეებს სკოლის დამთავრება 16 ან 17 წლის ასაკში შეუძლიათ იმის მიხედვით, თუ რომელ შტატში ცხოვრობენ. ბავშვები, რომლებიც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში არიან დაბადებულები სკოლაში ერთად შედიან. ასე რომ, ვინც წლის დასაწყისში დაიბადა სკოლის დამთავრება მათზე ადრე შეუძლია, ვინც წლის ბოლოს დაიბადა. ენგრისტმა და კრუგერმა I და IV კვარტალში დაბადებული ადამიანების შედარება დაიწყეს. მათ შეამჩნიეს, რომ პირველი ჯგუფი საშუალოდ სწავლაზე ნაკლებ დროს ხარჯავდა. ამასთანავე ზრდასრულ ასაკში მათ უფრო ნაკლები შემოსავალი ჰქონდათ, ვიდრე IV კვარტალში დაბადებულს.

ისინი ვინც წლის დასაწყისში იყო დაბადებული სწავლაზე 1 წლით ნაკლებს ხარჯავდა და 1 წლით ადრე იწყებდა მუშაობას, ვიდრე ისინი ვინც წლის ბოლო დაიბადა. კველევის შედეგად გაირკვა, რომ განათლებაში დამატებით დახარჯული 1 წელი შემოსავლების 9%-იან ზრდას იწვევს.

მონაცემების ანალიზი ანგრისტი კრუგერის კვლევის მიხედვით (1991). ადამიანებს 12 წლიანი განათლებით 12%-ით უფრო მაღალი შემოსავალი გააჩნიათ, ვიდრე 11 წლიანი განათლების შემთხვევაში. ადამიანები 16 წლიანი განათლებით 65%-ით უფრო მაღალი შემოსავლების მქონეები არიან, ვიდრე ისინი, ვისაც განათლებაზე მხოლოდ 11 წელი აქვთ დახარჯული.

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ბუნებრივი ექსპერიმენტების გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა ეს ასე არაა. აღნიშნულმა კვლევებმა, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ტარდებოდა დაგვანახა, რომ ბუნებაში წინასწარ დაუგეგმავი ექსპერიმენტები ხშირად ხდება, ხანდახან ზოგიერთ რეგიონში პოლიტიკის ცვლილების შედეგად, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მიღებისას სხვადასხვა შეზღუდვის დაწესების ან თუნდაც დაბეგვრის სისტემის და საგასახადო პოლიტიკის ცვლილებისას.

2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებმა ეკონომიკაში მოძველებული მითები ახლებურად გაიაზრეს და ყველას დაანახეს, იმის მიუხედავად რომ ეკონომიკა ზუსტი მეცნიერება არაა, უამრავი ბუნებრივი ბუნებრივი ექსპერიმენტის მოძებნა შეიძლება ამა თუ იმ ეკონომიკური ღონისძიების, პოლიტიკის თუ ინსტრუმენტის ავკარგიანობის დასადგენად.

გამოყენებული მასალა – https://www.nobelprize.org/prizes/economic-sciences/2021/popular-information/

ულოფ პალმე – სოციალ-დემოკრატიის შვედი ლეგენდა

ულოფ პალმე

1986 წლის 28 თებერვალს, პარასკევს, 23 საათსა და 21 წუთზე შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულოფ პალმე სტოკჰოლმის ქუჩაში მოკლეს. მისი მკვლელი დღემდე უცნობი და დაუსჯელია. (2020 წლის 10 ივნისს შვედეთის პროკურატურამ მკვლელის ვინაობა დაადგინა: ის სტიფ ენგსტრომი აღმოჩნდა, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო ან მეორე ვერსიით – თავი მოიკლა) ყოველ წელს ამ დღეს შვედური გაზეთები და მედია საშუალებები ახალთახალ თეორიებს აცხობენ მისი მკვლელის ვინაობის შესახებ. თუმცა, მხოლოდ ერთეულნი თუ აქცევენ ყურადღებას ამ მოვლენის პოლიტიკურ მხარეს და ზეგავლენას.

ულოფ პალმეს შვედეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ორჯერ ეკავა 1969-1976 წლებში და 1982 წლიდან 1986 წლის მკვლელობამდე. ამ პერიოდში იგი სათავეში ედგა სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც ერთგული რჩებოდა მსოფლიოს აღქმის მნიშვნელოვნად განსხვავებული ხედვის – კაპიტალიზმისადმი წინააღმდეგობა სახლში და იმპერიალიზმისადმი – ქვეყნის საზღვრებს მიღმა.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პალმე მაინც უფრო ცნობილი იყო ბოლო საკითხის გამო. ტონი ბენის [ბრიტანელი პოლიტიკოსი და მწერალი, პარლამენტის წევრი] მსგავსად, ულოფ პალმეც წარმოშობით საზოგადოების შედარებით მაღალი ფენიდან იყო და გააჩნდა ზომიერი შეხედულებები, როდესაც 1950-იან წლებში პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა. პარადოქსულია, მაგრამ ზემოთ ხსენებული ბრიტანელივით, მანაც განიცადა რადიკალიზაცია 1960-იან წლებში დატრიალებული ანტიკოლონიალური და ანტისაომარი ჯანყისას. უკვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას პალმეს საერთაშორისო დღის განაწესი გამაოგნებელი იყო – იგი მხარს უჭერდა ვიეტნამში ვიეტ-კონგოელებს [სამხრეთ ვიეტნამის განთავისუფლების ეროვნული ფრონტი] ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბრძოლაში, მან ესპანეთში ციხეებში პოლიტიკური პატიმრების განადგურებისთვის ფრანკოს რეჟიმს „ღვთის მიერ დაწყევლილი მკვლელები“ უწოდა და ბოლოს 1975 წელს ეწვია კუბას, სადაც დაგმო ბატისტას მთავრობა და ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ადგილობრივ რევოლუციონერებს.

თუმცა, ზემოთხსენებული არ იყო პალმეს საერთაშორისო დღის განაწესის მწვერვალი. მისი ლიდერობით, შვედეთი არა მხოლოდ მხარს უჭერდა, არამედ აფინანსებდა კიდევაც ელ-სალვადორს, მათ შორის მის განმათავისუფლებელ მოძრაობას [ინგ. FMLN], და სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის [ინგ. FSLN] ნიკარაგუაში ბრძოლას აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი მემარჯვენე შეხედულებების მქონე ე.წ. სამხედრო კონტრას წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მან აგრეთვე მხარი დაუჭირა სამხრეთ აფრიკაში აფრიკის ეროვნული კონგრესისთვის [რედ. ინგ African National Congress] შესაბამისი დაფინანსების გამოყოფას. ის გახლდათ აპარტეიდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღია კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე. შვედეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის შემდეგ, აფრიკის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტმა ოლივერ რეჯინალდ ტამბომ მას საკუთარ მოგონებებში მიუძღვნა ბრწყინვალე ესე:

”ოლოფ პალმემ დაამტკიცა, ჩვენ მართლები ვიყავით, როდესაც გვჯეროდა, რომ წამყვანი დასავლელი პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოღვაწეები სამხრეთ აფრიკაში ღარიბი, დევნილი, გამოყენებული და განადგურებული მოსახლეობის გვერდით დასადგომად გადალახავდნენ ყველა რეალურად არსებულ და გამოგონილ შეზღუდვებს. მისი სიკვდილის შემდეგ იმედის ნაპერწკალი ჩაქრა. ჩვენი რეგიონის, კონტინენტის და სამყაროს თანამედროვე და მომავალი თაობებიც ყოველთვის შეაქებენ ულოფ პალმეს, როგორც ადამიანს, რომელიც წარმოადგენდა დიდ თავის ტკივილს იმ რეაქციული ძალებისთვის, რომლებიც წარმოადგენდნენ საშინელ და დამათრგუნებელ ძველ წესრიგს.”

ულოფ პალმე

პალმე და ე.წ. შვედური მოდელი

თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პალმე წინააღმდეგობაში მოდიოდა სახლშიც არსებულ გამჯდარ ინტერესებთან – იგი შვედური სოციალურ-დემოკრატიული ღირებულებების საუკეთესო ტრადიციებისადმი ერთგული იყო. მისი თანამდებობაზე ყოფნისას, მან გამოავლინა ერთგულება კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებისადმი; კერძოდ, იგი იცავდა ეკონომიკას იმით, რომ სადღაც სამუშაო ძალის 70-80% გაერთიანებული იყო პროფკავშირებში და სახელმწიფო ფლობდა ეკონომიკის ძირითად ნაწილს; საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იყო თითოეული მოქალაქისთვის საბაზისო მოთხოვნილებების და საჭიროებების ხელმისაწვდომობა.

ულოფ პალმეს წინამორბედი, ტაგე ერლანდერი, რომელიც 23 წლის განმავლობაში შეუსვენებლად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, შეხედულებების და მიუხედავად იყო მშვიდი და საზრიანი ადამიანი; მეტიც, ორთოდოქსი მარქსისტი და ჭეშმარიტი სოციალისტი. 1974 წელს მას ჰკითხეს თუ რა იყო თუ რა მომავალი ელოდა და იდეა იდგა ნაციონალიზაციისა და წარმოების კონტროლის მიღმა. მან უპასუხა, რომ „გადასახადების გზით კაპიტალისტური ეკონომიკიდან წარმოების სადღაც 50% იქნა ამოღებული. თუ ჩვენ შევძლებთ ამ წილის 60-70-80% გაზრდას, მაშინ ჩვენი კეთილდღეობის სახელმწიფო დაემსგავსება სოციალიზმის რაღაც ფორმას.

ულოფ პალმე და ტაგე ერლანდერი

სწორედ რომ ამ სახის ეკონომიკას აშენებდნენ მემარცხენეები. 1932 წელს შვედეთის სოციალურ-დემოკრატიულმა მოძრაობამ ე.წ. დიდი დეპრესიის ფონზე გაიმარჯვა არჩევნებში იმ დაპირებით, რომ ხელმისაწვდომს გახდიდა სრულ დასაქმებას და შესთავაზებდა მოსახლეობას ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას. ერნსტ ვიგფორსი, რომელიც შემდეგში ფინანსთა მინისტრი გახდა, თავს დაესხა მემარჯვენე მეტოქეებს რიტორიკული შეკითხვით „გაგვაჩნია მუშაობის უფლება თუ არა?“; მეტიც, განაცხადა, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპის (ინგ. laissez-faire – გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ საკითხებში მინიმალურ და/ან სრულად ჩაურევლობას, რასაც დღეს საბაზრო ეკონომიკას უწოდებენ) მიმდევრები აკნინებდნენ ქვეყნის განვითარებას იმით, რომ თვისობრივად ქადაგებდნენ მუშებისთვის უმუშევრობას და სიღარიბეს.

1932 წლიდან 1990 წლებამდე სოციალ-დემოკრატებისთვის სრული დასაქმება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტი. ცნობისთვის, უმუშევრობის დონე არასდროს ასულა 2-3% -ზე მაღლა ამ პერიოდში. კეთილდღეობის სახელმწიფოს გაფართოება იყო სტრატეგია, რომლის საშუალებითაც მიიღწეოდა სოციალიზმი; ამ მიდგომაში, სახელმწიფო სექტორის მიზანი იყო კაპიტალისტური წარმოების სისტემიდან გამოსვლა ისე, რომ გაგრძელებულიყო მოგებაზე ორიენტირებული პრინციპის შენარჩუნება.

ამ პოლიტიკურ თაობას, რომელმაც შექმნა რეფორმისტული სტრატეგიები, გააჩნდა ერთი საერთო რამ: დემოკრატიულ-სოციალისტური შეხედულებებისადმი ღრმა ერთგულება. პალმე და მისი წინამორბედი პოლიტიკოსები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მსოფლიოში უძლიერესი სოციალურ-დემოკრატიული პარტია, იყვნენ რეფორმისტები, რადგან მათ სურდათ კაპიტალისტური საზოგადოების შეცვლა. ზრდადი რეფორმების მიღმა იდგა დემოკრატიული სოციალიზმის აღმშენებლობის იდეა; ამ იდეის მიღწევა კი შესაძლებელი იყო სოციალურ-დემოკრატიული ღირებულებების მეშვეობით, მათ შორის და განსაკუთრებით, სიმდიდრის თანაბარი გადანაწილებით, დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესით და სიტყვის თავისუფლების დაცვით.

თუ პალმეს მკვლელობას ამ კუთხით მივუდგებით, ეს პოლიტიკურ მკვლელობად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან გააჩნდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზეგავლენა. როდესაც მან სვევიოგენის ქუჩა გადაკვეთა სტოკჰოლმში,1986 წლის 28 თებერვლის 23:17-ზე, იგი იყო იმ პარტიის ლიდერი, რომელიც დაუპირისპირდა პრივატიზაციის იდეას კეთილდღეობის სისტემის ფარგლებში და 1985 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა; მეტიც, შემოიტანა ე.წ. კერძო კომპანიებში შემოსავლის/მოგების მიმღების ფონდი [wage-earner funds – კერძო კომპანიის მოგების დაბეგვრა და მიღებული სახსრებით ამავე და/ან სხვა შვედური კომპანიების წილების შესყიდვა, რომ ორგანიზაცია ნელ-ნელა გადავიდეს კოლექტიურ მფლობელობაში ანუ სახელმწიფოს საკუთრებაში], ეწინააღმდეგებოდა ევროპული ეკონომიკურ თემში/გაერთიანებაში წევრობას [რედ. უწინ ინგ. the European Economic Community (EEC), დღეისთვის იგივე ევროკავშირი], ემხრობოდა საგარეო პოლიტიკაში ნეიტრალიტეტისა და მიუმხრობლობის პოლიტიკას; და ბოლოს, იპოვა გზა იმისთვის, რომ მომხდარიყო საჯარო სექტორის სუბსიდირების გზით ნახევარ ეკონომიკაზე განვრცობა, ანუ შემოღებულ იქნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი გადასახადები. ის სოციალ-დემოკრატია, რომელიც აღმოცენდა ულოფ პალმეს მკვლელობისთანავე შვედეთსა და მის მიღმა არანაირ კავშირში ზემოთხსენებულთან უკვე აღარ იყო.

პალმეს შემდეგ

1980 წელს შვედეთი სავარაუდოდ მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეგალიტარული კაპიტალისტური სახელმწიფო იყო. პალმეს მმართველობისას წინა ათწლეულების მომხდარ ძვრებს ხელისუფლებამ უპასუხა ახალი სოციალურ-დემოკრატიული პოლიტიკით: საყოველთაო საბავშვო მზრუნველობით, პენსიონერებისა და მცირეწლოვანი ბავშვების მქონე მშობლების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფით, თითოეულ ბავშვზე შესაბამისი ფულადი ჯილდოს დაწესებით და საყოველთაო უფასო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, მათ შორის, აბორტის შემთხვევაში.

თუმცა, OECD-ის [ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია] თანახმად, დღეისთვის შვედეთი მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულის ზრდის კუთხით მოწინავე სახელმწიფოდ არის ჩათვლილი. სოციოლოგ გორან ტერბორნის წიგნის „კაპიტალიზმი, ძლევამოსილნი და ჩვენ დანარჩენნი“ (Capitalism, the Powerful and the Rest of Us)-ს თანახმად, კეთილდღეობის და სიმდიდრის გადანაწილების კუთხით შვედეთი მსოფლიოში ნაკლებად ეგალიტარულ სახელმწიფოთა სიაში შედის და უთანასწორდება ისეთ ქვეყნების, როგორიც არის ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ამერიკის შეერთებული შტატები.

1980-იან წლებში ეკონომიკიდან შემოსავლის დაბეგვრის პროცენტი გაიზარდა და აჭარბებდა 50%-ს. დღეისთვის, ეს არის 43%-ი ანუ სახეზეა 2000 წელთან შედარებით მთლიანი ეროვნული შემოსავლის 7%-იანი კლება; ანუ, საზოგადოებრივ სიკეთეებზე წელიწადში 240 მილიარდი შვედური კრონით (20 მლრდ ფუნტით) ნაკლები იხარჯება.

ათწლეულების განმავლობაში შვედეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკა ეყრდნობოდა სრული დასაქმების ხედვას. 1990 წელს ეს მიდგომა შეიცვალა და მთავარი ყურადღება გამახვილდა დაბალ ინფლაციაზე. ეს ნაბიჯი იყო განპირობებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით, მაგრამ ამასთანავე, ასეთი ხედვა ათწლეულების მანძილზე იყო მხარდაჭერილი და განვითარებული ადგილობრივი მემარჯვენეებისა და მათი ეკონომიკური მრჩევლების მიერ. აქცენტების ცვლილებისას, უმუშევრობის დონე არცერთხელ ჩამოვარდნილა 6-8%-ზე დაბლა; რიცხვი, რომელიც სამჯერ აღემატება აქამდე არსებულ მონაცემებს.

ბოლო წლებში ჩვენ აგრეთვე გავხდით შეუკავებელი ნეოლიბერალური რევოლუციის მოწმენი, რომელიც წახალისებული იყო კერძო საკუთრებაში მყოფი მოგებაზე ორიენტირებული და ამასთანავე საჯარო სახსრებით დაფინანსებული სკოლების აღმოცენებით; დაწესებულებების, რომლებსაც თავის დროზე მხარს უჭერდა მილტონ ფრიდმანი. ეს სწორედ ის სკოლებია, რომლებსაც ე.წ. ”ჩიკაგოს ბიჭები” იყენებდნენ პინოჩეტის დროინდელ ჩილეში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად; თუმცა, იქაც კი, საბოლოო ჯამში, მოხდა მათი ჩამოშლა. დღეისთვის შვედეთში ყოველი მეხუთე ბავშვი დადის ასეთ კერძო სკოლაში, სადაც მათში აღრმავებენ უკვე გამოცხადებულ რასობრივ და კლასობრივ დაყოფას. უკვე რამდენიმე წელია, რაც ჯანდაცვის სისტემაში უსახსრობის გამო ბობოქრობს კრიზისი, რომელიც აგრეთვე გამყარებულია კერძო ჰოსპიტალური სექტორის აღმშენებლობის სფეროში არსებული ჩავარდნებით.

2018 წლის შემდეგ, შვედეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება იყო, იძულებული გახდა დაედო ზავი ცენტრისტულ პარტიებთან; შესაბამისად, დასთანხმდა ნეოლიბერალურ პროგრამის ისეთ საკითხებს, როგორიც არის მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის გადასახადის შემცირება, დასაქმების ცენტრების პრივატიზაცია და გასაქირავებლად გამზადებული უძრავი ქონების სფეროში რეგულაციების მოხსნა.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ზავის დადების შემდეგ სოციალ-დემოკრატების რეიტინგის დონე ამომრჩევლებში მერყეობს 22-23%-ის ფარგლებში, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე მხარდაჭერა, რომელიც გააჩნია ქვეყნის ყველაზე დიდ მემარჯვენე-ექსტრემისტულ პარტიას – ”შვედ დემოკრატებს”.

პოლიტიკურად სწორ სიტყვებს თუ შევარჩევთ, რაღაც დაემართა ულოფ პალმეს პარტიასა და მის ქვეყანას. მისი მკვლელობიდან 34-ე წლისთავზე სოციალ-დემოკრატია იმყოფება ეგზისტენციალურ საფრთხეში. ზემოთ მოყვანილმა პარადიგმის ცვლილებამ განაპირობა ათწლეულების მანძილზე უკუსვლა და ამას ჯერ-ჯერობით ბოლო არ უჩანს.

მემკვიდრეობა

მისი ხსოვნის დღეებში თქვენ შეიძლება გაიგონოთ სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსების მხრიდან სინანულის სიტყვები იმის შესახებ, თუ როგორ გაფერმკრთალდა და დაიკარგა პალმეს პოლიტიკური მიღწევები. თუმცა, დღევანდელმა პარტიამ თვისებრივად გაანადგურა ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა. ასეთ სიცარიელეში, პალმე სწრაფად გახდა უბრალოდ ისტორიის ნაწილი.

ულოფ პალმე არ იყო მესია. ბევრი პოლიტიკოსის მსგავსად მასაც ჩაუდენია შეცდომები. მისი იდეები ხშირად თანხვედრაში არ მოდიოდნენ ცივი ომის დასრულების რეალობასთან და იმ მოცემულობასთან, რომ ახალ ერაში კაპიტალი აღარ ექვემდებარებოდა ერ-სახელწმიფოებს. თუმცა, პალმეს მკვლელობას გლობალური დატვირთვა გააჩნდა – დასრულდა რადიკალური, რეფორმისტული სოციალ-დემოკრატია, რომელსაც ჰქონდა კაპიტალისტური სისტემის მიღმა არსებული მსოფლიოს ხედვა და ახსოვდა საუკუნეების განმავლობაში იმპერიალიზმის მიერ ჩადენილი დანაშაული. პალმეს სიკვდილმა აგრეთვე მოკლა ეს პოლიტიკა.

გარდაცვლილი პოლიტიკოსის მემკვიდრეობა არ იქნა ჩანაცვლებული ახალი სოციალ-დემოკრატიული იდეებით; პირიქით, მოხდა ევროპის ცენტრისტულ-მემარცხენე პარტიების მიერ ნეოლიბერალიზმისადმი, მისი ეკონომიკური პოლიტიკისადმი მისადაგება. 1986 წლის შემდეგ სოციალ-დემოკრატიამ ვერანაირი საზოგადოებაზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა ვერ შვა; ნებისმიერ შემთხვევაში არა ისეთი, რომელიც კითხვის ქვეშ დააყენებდა ბიზნესს ელიტების მხრიდან წარმოების პროცესზე არსებულ მარწუხებს. ე.წ. კერძო კომპანიებში შემოსავლის/მოგების მიმღების ფონდი, რომელიც დაარსდა 1982 წელს გაუქმებულ იქნა 1991-94 წლებში მემარჯვენე მთავრობის მიერ ზედმეტი ხმაურის გარეშე.

პალმეს მოშორების შემდეგ სოციალ-დემოკრატიის მძლავრმა და კარგად ორგანიზებულმა მეტოქეებმა უფრო დამჯერი და თანამშრომლობაზე ორიენტირებული ოპონენტები გაიჩინეს. სოციალ-დემოკრატია, როგორც მდგრადი პოლიტიკური ხედვა ჩამოიშალა. დღეისთვის იგი ჩამოშორდა საუკუნის განმავლობაში დამოუკიდებელ მოაზროვნეების ინტელექტუალურ მემკვიდრეობას; განსაკუთრებით კი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის აქსელ დანიელსონის (ინგ. Axel Danielson) ხედვას, რომ მათ „უნდა გაევლოთ ხაზი საკუთარ თავსა და სხვებს შორის.“ დღეისთვის სოციალ-დემოკრატები წარმოადგენენ მორიგ, რიგით ჯგროს.

პარტიის ოფიციალური ხაზის თანახმად, პალმეს მკვლელობის მიზეზი იყო პიროვნული ზიზღი. თუმცა, ამ ზიზღის წარმოშობის შესწავლა არის საჭირო. უდავოა, რომ პიროვნული თვისებებით პალმე მართლაც, რომ გამომწვევი იყო, განსაკუთრებით მეტოქეებთან კამათისას. მაგრამ, საბოლოო ჯამში, სწორედ რომ მისი პოლიტიკური გზავნილი იდგა პიროვნული მიუღებლობისა და ზიზღის მიღმა. პალმე გახდა სამიზნე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალიან არ მოსწონდათ ის, თუ რის მიღწევა შეეძლო გადასახადების გაზრდის და დემოკრატიის გზით დაპირისპირებაზე ორიენტირებულ, აგრესიულ, თამამ და თავდაჯერებულ მშრომელთა მოძრაობას.

მსგავსი პოლიტიკის გარეშე ზიზღს ადგილი ვერ ექნებოდა. პალმესადმი მიუღებლობა არ იყო ერთ პროვოკაციაზე ორიენტირებული მოკამათე პოლიტიკოსისადმი მიუღებლობა, რომელმაც საკუთარ შედარებით მაღალ წარმომავლობას უღალატა; ეს იყო ერთი დაგეგმილი მიზანმიმართული კამპანია ადამიანის წინააღმდეგ, რომლის პოლიტიკა ემუქრებოდა გამჯდარ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ინტერესებს.

ე.წ. შვედურმა მოდელმა იმედი მისცა მსოფლიოს მემარცხენეებს. ძლიერმა პროფკავშირებმა, დახვეწილმა კეთილდღეობის სახელმწიფომ და გენდერულმა თანასწორობამ შვედეთი სამაგალითო სახელმწიფოდ გადააქციეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბერნი სანდერსი ხშირად იშველიებს სწორედ რომ ე.წ. ნორდიკულ სახელმწიფოებში არსებულ კეთილდღეობის მოდელს, მათში არსებულ უფასო ჯანდაცვასა და საუნივერსიტეტო განათლებას, როგორც სამგზავრო რუკას.

პალმეს დაკრძალვა

სამწუხაროდ დღეს შვედეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტია საპირისპირო მიმართულებით მიდის. მისმა საერთაშორისო ოფიცერმა/წარმომადგენელმა, რომელმაც ახლახან მოინახულა ამერიკა, სანდერსს ზედმეტად „რადიკალი“ უწოდა. უკეთესია შეეკრა მილიარდერებს. დღეისთვის, პალმეს პოლიტიკური პარტიისთვის პიტ ბუტიგეგი [რედ. ამერიკელი დემოკრატი პოლიტიკოსი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მინისტრი/თავმჯდომარე] უფრო შთამაგონებელია. თუმცა, მილიონობით შვედი სოციალისტისთვის სწორედ რომ სანდერსი არის სამაგალითო პიროვნება და ხატი. მისი დებატებში გამოსვლები, დებატების წაქეზება და სიტყვით გამოსვლები აქტიურად ვრცელდება სოციალურ მედიაში, როგორც რიგითი, ასევე პოპულარული ადამიანების მიერ. მისი თამამი გამოსვლები ”დემოკრატიული სოციალიზმის’’ შესახებ დღემდე იპყრობს სოციალ-დემოკრატების გულებს; იპყრობს თითოეული იმ ადამიანის გულს, რომელიც ჯერ კიდევ ოცნებობს მსოფლიოს შეცვლაზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე.

28.02.2020 | დანიელ სუჰონენი | Tribune

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი საშემოსავლო გადასახადი?

სად იხდიან გადასახადების გადამხდელები ყველაზე მაღალ გადასახადებს? 2019 წლისთვის ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე პირები ყველაზე დიდ გადასახადს შვედეთში იხდიდნენ – 57.19%-ს, რაც ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით უფრო მეტია. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საშუალო მაჩვენებელი, სადაც ყველა განვითარებული ქვეყანაა თავმოყრილი – 41.65%-ს შეადგენს. ზოგადად საშემოსავლო გადასახადი სკანდინავიურ ქვეყნებში შედარებით მაღალია: დანიაში – 55.89, ფინეთში – 53.75 და ისლანდიაში – 46.24%.

საზოგადოებრივი პასუხიმგებლობის პრინციპიდან გამომდინარე ყველაზე შეძლებული მოქალაქეები შედარებით ნაკლებად წარმატებული თანამოქალაქეების მინიმალურ საჭიროებებს უზრუნველყოფენ. შემოსავლების გონივრული გადანაწილების გარეშე შეუძლებელია სოციალურად სამართლიანი, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბება. მაღალი გადასახადები არა მხოლოდ ნაკლებად შეძლებული ადამიანების საჭიროებას აკმაყოფილებს, არამედ ყველა მოქალაქის, მათ შორის მდიდრების ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებს და ამაზე ბევრი კვლევა არსებობს. ნიშანდობლივია, რომ სწორედ სკანდინავიური ქვეყნების მოქალაქეები ლიდერობენ ხოლმე ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში. მაღალი საშემოსავლო გადასახადების მიხედვით ნორდიკულ ქვეყნებს მხარს უბამენ ავსტრია, ჰოლანდია და ბელგია.

მეორეს მხრივ ზოგიერთ ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადი ან მინიმალურია, ან საერთოდ გაუქმებულია. ამ პოლიტიკის მიმდევრები ძირითადად ნავთობით განებივრებული ქვეყნები არიან, ისეთები როგორებიცაა საუდის არაბეთი, ყატარი და ქუვეითი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი ნავთობის რეალიზაციის შედეგად მიღებულ აურებელ შემოსავლებს მოქალაქეების საჭიროებების და მაღალი ცხოვრების დონის უზრუნველსაყოდ იყენებენ. კარიბის ზღვის ზოგიერთ კუნძულზე საშემოსავლო გადასახადები საერთოდ გაუქმებულია, მაგალითად ანტიგუა და ბარბუდა გამოდგება. ასევე კაიმანის და ბაჰამის კუნძულებიც და ბერმუდაც ცნობილია, როგორც საგასახადო ”სამოთხე”, სადაც დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და ფინანსური მაქინაციები ხდება.

Amazon გადასახადებისგან თავს ირიდებს

ამაზონის მიერ წარმატებულად წარმოებული ბრძოლა აშშ-ს საგადასახადო სისტემის წინააღმდეგ დაუბრკოლებლად გრძელდება. საცალო ვაჭრობით დაკავებულმა გიგანტმა 2020 წელს მიღწეული არნახული გაყიდვების და შემოსავლების შესახებ განცხადება გააკეთა; ამასთანავე, მისთვის ეფექტურმა ფედერალურმა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთმა მხოლოდ 9.4% პროცენტი შეადგინა, რაც სავალდებულო კორპორატიული გადასახადის – 21% – ნახევარზე ნაკლებია.

ყველა არსებული მონაცემით, პანდემიისას ამაზონის ზრდამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. მსოფლიო მასშტაბით წინა დასაბეგრმა შემოსავალმა (რედ. ინგ. pretax income ) 2020 წელს $24 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 73%-იან ზრდას წარმოადგენს პანდემიის წლამდე შემოსულ მოგებასთან შედარებით – $14 მლრდ დოლარი. მისი გაყიდვები წინა წელთან შედარებით პანდემიისას 38%-ით გაიზარდა. აშშ-ში კომპანიის შემოსავალი 2020 წელს $20 მლრდ დოლარი იყო. Amazon-ს რომ გადაეხადა მოგების სავალდებულო 21%-იანი ფედერალური საშემოსავლო გადასახადი ის შეადგენდა $4.1 მლრდ დოლარს. თუმცა, ამაზონმა განაცხადა $1.8 მლრდ დოლარის გადასახადის გადახდის შესახებ, რაც ნახევარზე ნაკლებია; ანუ, მან თავიდან აირიდა $2.3 მლრდ დოლარის ოდენობის გადასახადი.

მას შემდეგ, რაც ტრამპის GOP-საგადასახადო კანონი (რედ. GOP – “Grand Old Party” – დიადი ძველი პარტია ანუ აშშ-ს რესპუბლიკური პარტია) ძალაში შევიდა, რომელმაც სავალდებულო კორპორატიული საგადასახადო განაკვეთი 21%-მდე დაწია, ამაზონმა აშშ-ში მიღებული მოგებიდან ეფექტური ფედერალური საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის მხოლოდ 4.3% გადაიხადა. 2018-2020 წლებში ამაზონმა $7.2 მლრდ დოლარის ოდენობის სუბსიდია მიიღო; ეს ის სხვაობაა, რომლის გადახდაც კომპანიას მოუწევდა იმ შემთხვევაში, თუ ბოლომდე დაფარავდა 21%-იან განაკვეთს.

ტრამპის საგადასახადო კანონმდებლობის (რედ. GOP Tax Law) ფარგლებში Amazon-ის მიერ კორპორატიული გადასახადის თავიდან აცილების მონაცემები.
 
 2020201920183 წელი, 2018-2020
აშშ-ს წინა-საგადასახადო შემოსავალი (pretax income)$20.2 მლრდ$13.3 მლრდ$11.2 მლრდ$44.7 მლრდ
მიმდინარე ფედერალური საშემოსავლო გადასახადი$1.8 მლრდ$162 მლნ$-129 მლნ$1.9 მლრდ
ეფექტური ფედერალური საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი  9.4%  1.2%  -1.2%  4.3%

მეთოდები, რომლებსაც ორგანიზაცია იყენებს ეფექტური საგადასახადო განაკვეთის დასაწევად ძირითადად უცვლელი რჩება: კომპანიამ $1.8 მლრდ დოლარი დაზოგა საფონდო გარიგებებისთვის (რედ. stock options) მიღებულ საგადასახადო შეღავათებზე და დამატებით $639 მილიონი დოლარი შემოინახა სხვადასხვა საგადასახდო კრედიტების გამოყენებით.

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი

2018-2020 წლებში ამაზონმა აგრეთვე მიიღო გაუფასურების შეღავათები (რედ. depreciation breaks); თუმცა, ამან რაიმე ზეგავლენა კომპანიის მიერ 2020 წელს გადასახადების სახით გადახდილ საბოლოო ჯამზე ვერ მოახდინა. გაუფასურების შეღავათები აძლევს შესაძლებლობას კომპანიას შეამციროს აღჭურვილობაზე საჭირო თანხები იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს აღჭურვილობა უვარგისობაში მოვა. ამ მიდგომის მომხრეებს კონგრესში მიაჩნიათ, რომ ეს ხელს უწყობს ინვესტიციებს და ზოგადად ეკონომიკას; თუმცა, სავარაუდოდ, იგი უფრო აჯილდოებს კომპანიებს იმ ფინანსური დაბანდებებისთვის, რომლებსაც ისინი ისედაც გააკეთებდნენ.

გაუფასურების შეღავათები საკმაოდ რთული თემაა და კომპლექსურ ზეგავლენას ახდენს. ერთ-ერთია ის, რომ ხდება გადასახადის გადახდის მომავალში გადატანა იმის და მიუხედავად, რომ საბოლოო ჯამში, პერსპექტივაში, ეს ამცირებს კომპანიების მიერ შემოტანილი გადასახადების რაოდენობას. ამაზონის მსგავს კორპორაციებზე დაკვირვება კი ნათელს ხდის, რომ ეროვნული საგადასახადო კოდექსი ამ მიმართულებით საერთოდ ვერ უძალიანდება ამაზონს.

ამაზონის მიერ გადასახადებისგან თავის არიდება არის თანმიმდევრული. ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიამ აშშ-ში მიღებული მოგებიდან ეფექტური ფედერალური საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის მხოლოდ 4.3% გადაიხადა. ბოლო ათი წლის განმავლობაში კი, ამაზონის მიერ წინა-საგადასახადო მოგებაზე, რომელიც შეადგენდა $57 მლრდ დოლარს, ეფექტურმა ფედერალურმა საგადასახადო განაკვეთმა შეადგინა 4.7%-ი; ეს განსაკუთრებით გამაოგნებელია იმ ფონზე, რომ იმ დროისთვის კანონით დადგენილი განაკვეთი ძირითადად იყო 35%.

ნებისმიერი სხვა კომპანიისთვის $1.8 მლრდ დოლარის ოდენობის გადახდილი ფედერალური საშემოსავლო გადასახადი იქნებოდა იმის ნიშანი, რომ ორგანიზაციის ბუღალტრებმა უსაქმურად გაატარეს განვლილი წელი. თუმცა, ამაზონისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ბოლო საანგარიშო წელს $2.3 მლრდ დოლარის ოდენობის გადასახადს აარიდეს თავი. მსგავსი ვითარება შემაშფოთებელია, რადგან ამაზონის პანდემიური გამოცდილება მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ სასიცოცხლო საფრთხეებისგან, რომლებსაც განიცდის დანარჩენი ინდუსტრია; 2020 წლის ეკონომიკისთვის დამახასიათებელი იყო კომპანიების მიერ გაყიდვების მნიშვნელოვანი შემცირება და ნულოვანი მოგება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საგადასახადო სისტემამ უნდა შეასრულოს დაპირებული მოვალეობები; მეტიც, როდესაც ამაზონს ძალუძს საკუთარი მოგების ნახევარზე მეტის გადასახადისგან გადამალვა, ეს იმის ნიშანია, რომ საგადასახადო სისტემა უდაოდ საჭიროებს ცვლილებას.

აქვე დავამატოთ ისიც, რომ მაშინ როდესაც Amazon-ის თანამშრომლების შრომის პირობები შემაშფოთებელია, მისი დამფუძნებლის – ჯეფ ბეზოსის ქონება რეკორდულად იზრდება. Amazon-ის თანამშრომლები 10 საათი მუშაობენ, გონებას კარგავენ დაუძლურებისგან. 4000 მათგანი საჭიროებს პროდუქტების ტალონებს; ზოგიერთი მათგანი პარკინგზე ცხოვრობს სამსახურთან ახლოს. შემოდგომას ისინი წუწუნუბდნენ, რომ მათ ნიღბებს არ აძლევენ. შემოდგომას კი 20000-მდე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა.

Amazon თვალთვალის პრაქტიკას იყენებს არამარტო საკუთარი თანამშრომლების, არამედ ასევე ეკოლოგების და აქტივისტების მიმართ სოციალურ ქსელებშიც, რადგანაც მათ პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს.

სოციალური მობილობა – ნამდვილი დემოკრატიის ინდიკატორი

ლიბერტარიანელები მათთვის დამახასიათებელი ბრიყვული დამაჯერებლობით ყოველთვის დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ადამიანის წარმატება პირველ რიგში მასზეა დამოკიდებული, რომ თუ ადამიანი ღარიბია, ეს პირველ რიგში მისი ”დამსახურებაა” და არა საზოგადოებრივი მოწყობის და სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის.

თუ ადამიანს საღი აზრი ოდნავ მაიცნ შერჩა, მისთვის გასაგებია იქნება, რომ თავისუფლება თანასწორობის გარეშე აზრს კარგავს, ისევე როგორც პირიქით. თანასწორობა კი უბრალოდ ფარატინა ქაღალდზე კი არ უნდა იყოს გაწერილი, არამედ შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას უნდა გულისხმობდეს მოქალაქეებისთვის, იმის მიუხედავად ისინი მდიდარი ოჯახის წარმომადგენლები არიან, თუ ღარიბის. ესაა ჭეშმარიტი დემოკრატია. ამისთვის კი საჭიროა სოციალური ლიფტები, რომლის მეშვეობითაც ამა თუ ადამიანის შეუძლია ერთი ფენიდან მეორაში გადავიდეს, სოციალური სტატუსი შეიცვალოს, საზოგადოებრივ იერარქიაში დაწინაურდეს და ერთი სიტყვით საკუთარი შრომით, მონდომებით და ნიჭით უკეთესი ცხოვრებით იცხოვროს, ვიდრე ამას მისი მშობლები ახერხებდნენ.

სოციალური მობილობა – მიუთითებს იმაზე ექნებათ თუ არა შვილებს მშობლებზე უკეთესი ცხოვრება ან შეინარჩუნებენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს.

სოციალური მობილობა უკუკავშირშია უთანასწორობასთან. რაც უფრო მეტია უთანასწორობა, მით უფრო დაბალ ნიშნულზეა სოციალური მობილობა, და პირიქით – რაც უფრო ნაკლებია უთანასწორობა, მით უფრო სოციალურად მობილურია საზოგადოება.

ამიტომაც სოციალურ მობილობაში აბსოლუტური ჩემპიონები სკანდინავიური ქვეყნები არიან, სადაც მეტი დოზითაა სოციალ-დემოკრატია, სადაც ადამიანების წარმატება დრამატულად არაა დამოკიდებული მშობლების ქონებაზე თუ სტატუსზე, ხოლო ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, რუსეთი, არც თუ ისე შესაშურ პოზიციებზე არიან. ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, მედიცინა, სოციალური დაცვა, ღირსეული სამუშაო პირობები, სამართლიანი ანაზღაურება – სოციალური მობილობის შეფასებია ძირითად კომპონენტებია.

იმისდა მიუხედავად, რომ ბოლო წლებში მსოფლიოში ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ყველას მაინც არ აქვს წარმატების მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობები და ძალიან ბევრი ადამიანი დაბადებიდანვე განწირულია მძიმე ცხოვრებისთვის, თუ რაიმე ფენომენალური უნარები არ აღმოაჩნდა.

მსოფლიო ეკონომიური ფორუმის კვლევაში 82 ქვეყნის მონაცემებია შედარებული.

82 სახელმწიფოში არსებული სოციალური მობილობის მაჩვენებელი ეყრდნობა 5 ძირითად მახასიათებელს: ჯანდაცვა, განათლება, ტექნოლოგიებისადმი წვდომა, სამსახურის ხელმისაწვდომობა და სოციალური დაცვა.

სამწუხაროა, მაგრამ ადამიანის შესაძლებლობები შეიძლება ნაწილობრივ შეიზღუდოს იმ სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით, რომელიც ბავშვის დაბადებისას მის ოჯახს გააჩნდა.

„დაბადების ლატარეა“ სამომავლოდაც განაპირობებს შემდეგი თაობების ცხოვრებასაც, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკურ „კიბეზე“ ზევით აძრომა მაინც შესაძლებელია. ეს შესაძლებლობა კი განპირობებულია იმ პირობებით, რომელსაც ადამიანს სთავაზობს მისი სახელმწიფო.

აღნიშნული ჩამონათვალი ეყრდნობა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ წარდგენილ გლობალური სოციალური მობილობის კვლევას. იგი იძლევა 82 სახელწიფოში არსებული ვითარების ანალიზს და მათ დახარისხებას ხუთ ძირითად მახასიათებელზე დაყრდნობით: ჯანდაცვა, განათლება, ტექნოლოგიებზე წვდომა, შრომითი პირობები [რედ. პირველად გამოყენებული იყო ტერმინი work opportunities, რაც შეიძლება ითარგმნოს ქართ., როგორც სამსახურის ხელმისაწვდომობა, თუმცა აქ უკვე მითითებულია working conditions, რაც ქართ. ითარგმნება, როგორც შრომითი პირობები] და სოციალური დაცვა.

ყველა სახელმწიფო ცდილობს შესაბამისი „სათამაშო მოედნის“ შექმნას, თუმცა საინტერესოა თუ რომელი ქვეყნები უკეთესად უმკლავდებიან ამ მართლაც რომ მძიმედ დასაძლევ გამოწვევას?

სოციალური მობილობის სპექტრი

სოციალური მობილობა გულისხმობს არსებულ მდგომარეობასთან შედარებით სოციალურ-ეკონომიკურ „კიბეზე“ დაწინაურებას, დაქვეითებას ან იმავე სტატუს-კვოს შენარჩუნებას; მაგალითად, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახი, რომელიც შემდეგში ხდება საშუალო კლასის წარმომადგენელი.

უფრო მაღალი სოციალური მობილობის მქონე სახელმწიფოებში შეინიშნება ნაკლები საშემოსავლო უთანასწორობა; მეტიც, მოქალაქეებს ყველა ხუთივე მახასიათებელში მეტი თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა.

სიაში მოცემული სახელმწიფოთა ჯგუფი არის სოციალური მობილობის კარგი მაგალითი, რომელსაც შეიძლება სხვებმა მისდიონ.

ყველაზე მაღალი სოციალური მობილობის ქვეყნები

პირველ ათეულში ყველა სახელმწიფო არის ევროპული, თუმცა მათ შორისაც ურყევი მოწინავე პოზიციები სკანდინავიურ ქვეყნებს უკავიათ.

დანია 85.2-ი ქულით არის ყველაზე სოციალურად მობილური სახელმწიფო. შესაბამისად, თუ ადამიანი დაბალ შემოსავლიან ოჯახში იბადება მას დასჭირდება ორი თაობა, რომ საშუალო შემოსავალს მიაღწიოს. საპირწონედ, მაგალითად, ბრაზილიაში ან სამხრეთ აფრიკაში არსებული მიმდინარე მონაცემებით, ამას დასჭირდება ცხრა თაობა.

დანია, კოპენჰაგენი

კანადას, როგორც პირველ ოცეულში შემავალ არაევროპულ სახელმწიფოს, აგრეთვე კარგი შედეგები აქვს ყველა ძირითად მახასიათებელში; თუმცა, დანიის მსგავსად მას შეუძლია გააუმჯობესოს ე.წ. მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის [რედ. ინგ. lifelong learning] მიმართულებით არსებული ვითარება, რაც გულისხმობს უმუშევრებისთვის მხარდაჭერას და კომპიუტერული უნარების შესწავლას.

საქართველო ყველაზე ნაკლებად სოციალურად მობილური სახელმწიფოები

აღნიშნულ რეიტინგში საქართველო 53-ე პოზიციაზე იმყოფება, საშუალოზე მაღალი ჯგუფის ქვეყნებში, რაც არც თუ ისე ცუდი შედეგია. ყველაზე დაბალი ქულები საქართველოს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის [რედ. ინგ. lifelong learning] მიმართულებით (37 ქულა 100-დან) და სოციალური დაცვის კუთხით აქვს (33 ქულა 100-დან).

განვითარებადი სახელმწიფო კოტ-დ ‘ივუარი სულ რაღაც 34.5 ქულით არის სიის ბოლოში. ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც გაცამტვერებული იყო შიდა კონფლიქტებით და ეკონომიკური ცვალებადობით, სიღარიბის მაჩვენებელი აღწევს 46.3%-ს.

მთავრობამ გააუმჯობესა წვდომა საბაზისო სოციალურ მომსახურებებზე, მაგრამ გამოწვევად რჩება განათლებასა და სამართლიან ხელფასებზე წვდომა; აგრეთვე, შეინიშნება მსოფლიოში გენდერული უთანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

ინდოეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც აბსოლუტური სიღარიბის მიღმა ცხოვრობს. ამის და მიუხედავად, მას მაინც უკავია საკმაოდ დაბალი 76-ე ადგილი. შესაბამისად, ვითარების გასაუმჯობესებლად სახელმწიფოში საჭიროა ყველა სფეროში სტრუქტურული რეფორმები; ეს განსაკუთრებით ეხება სამართლიან ხელფასებს და განათლებას.

რატომ უნდა დავაბანდოთ სოციალურ მობილობაში?

კვლევის თანახმად, ეკონომიკების უმრავლესობა ძალზედ შორს არის თითოეული მოქალაქის განვითარებისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნისგან; და ეს განპირობებულია მთელი რიგი გამოწვევებით, დაწყებული სოციალური დაცვის ნაკლებობით და დაბალი შემოსავლებით და დამთავრებული ე.წ. მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სისტემის ნაკლოვანებით.

სოციალური მობილობის ძირითად მაჩვენებლებში დაბანდების არარსებობამ შესაძლოა მთავრობას და მოქალაქეებს მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი:

  • არასაიმედობა (უსაფრთხო შრომითი პირობების და კარგი ანაზღაურების არარსებობით გამოწვეული არამდგრადობა);
  • იდენტობისა და ღირსების დაკარგვის შეგრძნება;
  • დასუსტებული საზოგადოებრივი კავშირები [რედ. social fabric – გულისხმობს საზოგადოების წევრებს შორის ისეთ ურთიერთობებს და კავშირებს, რომლებიც განამტკიცებენ მის მდგრადობას და ერთობას];
  • ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკნინება;
  • პოლიტიკური პროცესისგან ნდობისა და პატივისცემის დაკარგვა.

სოციალური სარგებლის გარდა, სოციალური მობილობის მახასიათებლებში დაბანდებას გააჩნია აგრეთვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგება.

ნამდვილი საფასურის დათვლა

ზემოთ ხსენებულ კვლევაში აგრეთვე არის მოცემული ის ეკონომიკური საფასური, რომელიც თან ახლავს დაბალ სოციალურ მობილობას; მაგალითად, დათვლილ იქნა, რომ თითოეული სახელმწიფოს მიერ საკუთარი ქულის 10 ერთეულით გაზრდის შემთხვევაში ეს 2030 წლისთვის გამოიწვევდა გლობალური ეკონომიკის მშპ-ს 4.41%-იან ზრდას, რაც უდრის $5.1 ტრილიონ დოლარს.

საკუთარი ქულის 10 ერთეული გაზრდისას მხოლოდ ერთ ჩინეთს შეუძლია 2030 წლისთვის $1 ტრილიონი დოლარის მშპ-ს გამომუშავება.

სოციალური მობილობის ეკონომიკური სარგებლის მიუხედავად, ბევრი სახელმწიფო მაინც ვერ ახერხებს მოქალაქეებისთვის განვითარების მუხტის მისაცემად შესაბამისი პირობების შექმნას. ასეთი ქვეყნებისთვის გლობალიზაცია და ტექნოლოგიური წინსვლა შეიძლება მომავალშიც დარჩეს საშემოსავლო უთანასწორობის განმაპირობებელი ფაქტორები.

თუ სახელმწიფოები ვერ იპოვიან სოციალური მობილობის ისეთ გზებს, რომლებიც წაახალისებენ ჩართულობაზე ორიენტირებულ ეკონომიკას [inclusive economies], მათ წინაშე შეიძლება ღრმად გამჯდარი უთანასწორობის პერსპექტივა გადაიშალოს; და ისტორია, როგორც წესი, მეორდება.

G7-ის ქვეყნები კორპორაციებს 15%-იანი მოგების გადასახადით დაბეგრავენ

G7-ის ქვეყნებმა მოილაპარაკეს ტრანსნაციონალური კოორპორაციებისთვის მოგების მინიმალური გადასახადი შემოიღონ, რაც 15%-ის ტოლი იქნება. ლონდონში შეკრებილმა ფინანსთა მინისტრებმა გადაწყვიტეს მსხვილი კომპანიების მხრიდან გადასახადის დამალვის და გადასახადის გადახდის არიდების მცდელობას მოგების გადასახადის ერთობლივი განაკვეთით ებრძოლონ.

G7-ის მინისტრების შეხვედრა ლონდონში

კორპორაციების ჩამონათვალი, რომლებიც ახალ საკანონმდებლო ცვლილებას უნდა დაემორჩილონ, საკმაოდ ვრცელია – მათ შორის არიან Amazon, Apple, Google და ბევრი სხვა. ამ პრობლემის მთელი სიმძიმის გასაანალიზებლად საკმარისია მაგალითად Microsoft-ის ამბავი განვიხილოთ. წინა წელს კომპანიამ ირლანდიაში კორპორატიული მოგების გადასახადი საერთოდ არ გადაიხადა, მაშინ როდესაც მისი მოგება 315 $ მლრდ-ს შეადგენდა, ფორმალურად იმიტომ რომ ბერმუდაში იყო რეგისტრირებული.

“G-7-ის ფინანსთა მინისტრებმა, მრავალწლიანი დისკუსიების შემდეგ, ისტორიულ შეთანხმებას მივაღწიეთ გლობალური საგადასახადო სისტემის შესახებ, რათა ის გლობალური ციფრული ეპოქის პირობებში გამოსადეგი იყოს – და, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ იყოს სამართლიანი, რათა კომპანიები სწორ გადასახადებს იხდიდნენ საჭირო ადგილებში” – განაცახადა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა.

შეთანხმება, რასაც G7-ის წევრებმა მიაღწიეს ასევე უფრო ფართო ფორმატის G20-ის შეხვედრაზეც განიხილება, სადაც რუსეთიც შედის.

აღნიშნულ ინიციატივას მხარს უჭერდა ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ”სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ არსებობს ბევრი ქვეყანა, რომლებიც გადასახადების გადახდას თავს არიდებენ და ფულს {საგადასახადო სამოთხეებში} აგზავნიან.” – აღნიშნავდა IMF-ის მთავარი ეკონომისტი, გიტა გოპინატი. – ეს ამცირებს საგადასახადო ბაზას, საიდანაც მთავრობებს გადასახადების შეგროვება შეუძლიათ საჭირო სოციალური და ეკონომიკური ხარჯებისთვის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოლფიო ბანკის აღშფოთება ამ საკითხზე ნიანგის ცრემლებს წააგავს, რადგანაც სწორედ მათი ნეოლიბერალური ეკონომიკის შედეგია ის ეკონომიკური უთანასწორობა და ტრანსნაციონალური კორპორაციების განუსაზღვრელი ძალაუფლება, რასაც ჩვენ ამჟამად ვიმკით. სწორედ ამ დასავლურმა ინსტიტუტებმა, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა (რონალდ რეიგანი, მარგარეტ ტეტჩერი) და მათი გავლენის აგენტებმა შექმნეს ის ფინანსური ფრანკენშტეინი, რის სიხარბესაც საზღვარი არ გააჩნია.

ოფშორები

ის რომ ტრანსანიცონალური კორპორაციები, ოლიგარქები და მსხვილი კაპიტალის მფოლობელები საკუთარ ქონებას და აქტივებს მალავენ, რათა გადასახადები არ გადაიხადონ ეს თემა არახალია, მაგრამ სამწუხაროდ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებზე (დავოსი, სანკტ-პეტერბურგი) თუ კორპორატიული მედიაში ამ თემას არ ეძღვნება საკმარისი დრო.

ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა და ტომას პიკეტის პროტეჟე, ეკონომისტმა გაბრიელ ცუკმანმა 2013 წელს მცირე ზომის წიგნი გამოსცა სახელად 【ერების დაკარგული სიმდიდრე】The Hidden Wealth of Nations


ცუკმანმა გამოითვალა, რომ 7.6 ტრლ. $ ოდენობის თანხა (მსოფლიო სიმდიდრის 8%) ოფშორულ ზონებში იკარგება. ეს ფული გადასახადით რომ დაბეგრლიყო, მაშინ მსოფლიოს ხვადასხვა ქვეყნის ბიუჯეტში დამატებით შევიდოდა 200 მლრდ. $.

ცუკმანმა ეს საკითხი დეტალურად გამოიკვლია და დაადგინა, რომ მთლიანი მოგების 20%-ს ამერიკული კომპანიები ოფშორულ ზონებში მიმართავენ. ეს მათ საშუალებას აძლევს ან საერთოდ არ გადაიხადონ გადასახადი, ან ძალიან მცირე პროცენტით დაიგებგრონ. აშშ-ში კორპორატიული მოგების გადასახადი 35%-ს შეადგენს, (მისი წიგნის გამოცემის დროისთვის) ამიტომაც ამერიკული მულტინაციონალური კომპანიები მოგების დამალვას და ფინანსურ მაქინაციებს არ ერიდებიან. ამერიკულმა კომპანიებმა საზღვარგარეთ 1.95 ტრლ. $-ის კონცენტრირება მოახდინეს.

სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა ჩინეთში, ვიეტნამსა და ლაოსში: არის თუ არა განვითარების სამაგალითო მოდელი?

იო ინგე ბეკკევოლდი, არვე ჰანსენი, კრისტინ ნორდჰაუგი | Developing Economics

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთი, ვიეტნამი და ლაოსი ეკონომიკური ზრდის კუთხით მოწინავე სახელმწიფოთა რიგებში იმყოფებიან. ანუ, გლობალური კაპიტალისტური სისტემის სამი წამყვანი ზრდადი ეკონომიკა მოდის ავტორიტარულ სახელმწიფოებზე, რომლებიც იმართებიან კომუნისტური პარტიების მიერ და ოფიციალურად ეყრდნობიან სოციალისტური განვითარების დღის წესრიგს. უცნაურია, მაგრამ განვითარების ინდიკატორების მთელ რიგში ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებლების მიუხედავად, რაიმე მნიშვნელოვანი ინტერესი მათდამი მაინც არ იყო გამოვლენილი. ბევრს მიაჩნია, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე მსოფლიო მასშტაბით ჩინეთი და ვიეტნამი წარმოადგენენ ყველაზე შთამბეჭდავი „განვითარების წარმატებულ შემთხვევებს“. ამ სამმა სახელმწიფომ მიაგნეს განვითარების საკუთარ მოდელს, რომელიც აერთიანებს საბაზრო ეკონომიკას და სოციალიზმს – ‘’სოციალისტურ საბაზრო ეკონომიკას’’. ოფიციალური განმარტების მიხედვით, ეს არ არის კაპიტალიზმი, არამედ საბაზრო ეკონომიკის ეროვნული განვითარების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სამსახურში ჩაყენების მეტად მდგრადი და სოციალურად გამართლებული მიდგომა. პალგრავ მაკმილანის (Palgrave Macmillan) მიერ ახლად გამოცემულ რედაქტირებულ ნაშრომში „სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა აზიაში: განვითარება ჩინეთში, ვიეტნამსა და ლაოსში“ ჩვენ შევეცადეთ განგვეხილა ამ განვითარების მოდელის სრულფასოვნება, მიღწევები და ჩავარდნები.

ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია კარლ მარქსის 200 წლის იუბილეს აღნიშნავს

განვითარების წარმატებული ისტორიები

ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის მიერ ნაჩვენებმა ფენომენალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ის გლობალურ ზესახელმწიფოდ გადააქცია; თუმცა, სამივე ქვეყანამ წინსვლის გამაოგნებელ მაჩვენებლებს მიაღწიეს. 1989 წლიდან 2018 წლამდე განვლილ სამ ათწლეულში ჩინეთმა აჩვენა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 8.4%-თ ზრდის ტემპი (გრაფა 1). ეს არის მსოფლიო ბანკის მიერ აღწერილ ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფი ზრდის მესამე საუკეთესო მაჩვენებელი. ვიეტნამმა დაიკავა მეხუთე ადგილი საშუალო ზრდის 5.4%-ით, ხოლო ლაოსი მეექვსეა – 5.1%-ით.[1]

გრაფა 1. წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე ზრდის მონაცემები: ჩინეთი 1978-2017, ლაოსი/ვიეტნამი: 1985-2017
წყარო: data.worldbank.org

სამივე სახელმწიფომ ზრდის შედარებით მსგავსი ტრენდი აჩვენეს, თუმცა განსხვავებული მონაცემები გვაქვს განვითარების სხვა მაჩვენებლებში. კერძოდ, ჩინეთი და ვიეტნამი დაუსახელებელი ჩემპიონები არიან სიღარიბის დაძლევის კუთხით. ჩინეთის წარმატებული ისტორიის ფარგლებში, საბაზრო რეფორმის დაწყების შემდეგ დაახლოებით 850 მილიონი ადამიანის სიღარიბიდან ამოყვანა გახდა შესაძლებელი; ხოლო ვიეტნამმა მხოლოდ 2000-იანი წლების პირველ ორ ათწლეულში შეძლო დაახლოებით 45 მილიონის. და ბოლოს, ლაოსმა გაანახევრა სიღარიბე ბოლო ოცი წლის განმავლობაში, თუმცა ამ მხრივ მაინც ჩამორჩება საკუთარ სოციალისტურ მეზობლებს.

საბოლოო ჯამში, ჩინეთი და ვიეტნამი წარმოადგენენ უფრო „წამატებულ ისტორიებს“, ვიდრე ლაოსი. ამის და მიუხედავად, სამივე სახელმწიფო სხვა მსგავს ქვეყნებთან შედარებით წლიურ მშპ-ზე დაყრდნობით არსებული სოციალური და მატერიალური მაჩვენებლების მთელ რიგში დაწინაურებულნი არიან (ცხრილი 1). რეალურად, 1990-2015 წლების პერიოდში ჩინეთი, ვიეტნამი და ლაოსი იყვნენ გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსში სახელმწიფოთა პირველ ათეულში.

ცხრილი 1. სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის განვითარების მონაცემები
 
 ჩინეთი 1990ჩინეთი 2017ვიეტნამი 1990ვიეტნამი 2017ლაოსი 1990ლაოსი 2017
 
მშპ/ყოველ სულზე/მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (მიმდ. საერთაშორისო $)98716.8079396.7751.1037.023
უკიდურესი სიღარიბე ($1.90 ნაკლებზე მცხოვრები მოსახლეობის %)66.60.7 (2015)52.9 (1992)2 (2016)32.2 (1992)22.7 (2012)
ადამიანური განვითარების ინდექსი0.5020.7520.4750.6940.4000.601
ჩვილთა მოკვდაობა (1000 დაბადებულზე)42.183716.7106.148.6
დედათა მოკვდაობა (100,000 მშობიარეზე), 2015 წელი972713954905197
წერა-კითხვა (ზრდასრულთა ჯამი, 15 წლიდან)77.895 (2010)87.6 (1989)93.5 (2009)60 (1995)58 (2011)
წვდომა ელექტროენერგიაზე (მოსახლეობის %, 2016)92.210074.110015.387.1
 
წყარო: მსოფლიო განვითარების ინდიკატორები და ადამიანის განვითარების ინდექსი.
 
ვიეტნამელ ქალბატონს ტრადიციული გრძელი კაბა აცვია ”ao dai” გიგანტური პოსტერის ფონზე მმართველი კომუნისტური პარტიის მე-13 ეროვნული კონგრესის წინა დღეებში – 22 ინავარი, 2021 REUTERS/Kham

თუ გავითვალისწინებთ, წარმატებული განვითარების განმარტებას (ინგ. definition of developmental success), რომელიც ყურადღებას აქცევს ეკონომიკურ ზრდას, სიღარიბის დაძლევას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ჩინეთი და ვიეტნამი ამის ნათელი მაგალითები არიან, ხოლო ლაოსი ასეთად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ნაწილობრივ. თუმცა, თუ დამატებით იქნება გაანალიზებული იქნება ბურჟუაზიული პოლიტიკური თავისუფლება და გარემოს მდგრადობა, მაშინ სამივე სახელმწიფო ნაკლებად წარმატებულია. ქვეყნების სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ დიდი ზეგავლენა იქონია ბუნებრივ რესურსებსა და გარემოზე; შესაბამისად, კლიმატურმა ცვლილებებმა და ბუნებრივმა კატასტროფებმა შეიძლება შეაფერხონ შემდეგომი განვითარება. ბევრი ადამიანი დიდხანს ელოდებოდა რეჟიმების სიხისტის შემცირებას ფულადი კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, მაგრამ ბოლო დროის კვლევები ცხადყოფენ, რომ ვიეტნამში, ლაოსსა და, განსაკუთრებით, ჩინეთში ხელისუფლებები პირიქით, უფრო ძალადობრივ პოლიტიკას აწარმოებენ.

მეტიც, სამივე ქვეყანაში რეფორმების პერიოდში უთანასწორობის დონე გაიზარდა. ჩინეთში 2010-15 წლებში ე.წ. ჯინის [რედ. ჯინის ინდექსი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც პოპულაციის შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობის საზომი] საშუალო კოეფიციენტი შეადგენდა 42.2-ს, რაც იყო აშშ-ზე ცოტაოდენ მეტი. გასათვალისწინებელია, რომ ამერიკაში დაფიქსირებულია უთანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს შორის. ვიეტნამსა და ლაოსში ამ მხრივ ვითარება უკეთესია, მაგრამ მაინც საჭიროებს გამოსწორებას. სამივე სახელმწიფოს ელიტებმა მოახდინეს წარმოუდგენელი სიმდიდრის და ძალაუფლების დაგროვება. დამატებით, სახეზეა დიდი უფსკრული ეთნიკურ უმრავლესობასა და უმცირესობებს შორის; ბოლონი სამივე სახელმწიფოს მიერ აღრიცხულ სიღარიბის სტატისტიკას მნიშვნელოვნად ავსებენ.

განსხვავებული და სრულფასოვანი მოდელი?

‘’სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა’’ არის განვითარების განსხვავებული მოდელი, რადგან იგი წარმოადგენს კომუნისტური რეჟიმების მიერ დანერგილ საბაზრო რეფორმებს. ჩინეთს, ვიეტნამსა და ლაოსს აქვთ საერთო საბჭოთა მემკვიდრეობა გეგმიური ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციისა და სახელწმიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიების სახით.

სამივე ქვეყანამ დანერგეს საბაზრო რეფორმები 1980-იან წლებში, ჩინეთში ‘’გაიგე კაიფანგ’’ (ინგ. Gaige kaifang) (‘რეფორმა და გახსნილობა’, 1978/79), ვიეტნამში ‘’დოი მოი’’ (ინგ. Doi moi) (‘განახლება’, 1986) და ლაოსში ‘’ჩინ თანაკაან მაინ’’ (ინგ. Chin Thanakaan Mai) (‘ახალი აზროვნება~ ან ‘ახალი ეკონომიკური მექანიზმები’, 1986). ეს მიდგომები განიხილებიან ეკონომიკური ცვლილებების ოფიციალურ ათვლის წერტილებად.

სახელმწიფოს დღემდე წამყვანი როლი უკავია სამივე ქვეყანაში. დიდი და პოლიტიკურად მხარდაჭერილი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კორპორაციები განასახიერებენ სოციალისტურ მემკვიდრეობას, თუმცა მათი ზეგავლენა დაკნინდა. ბევრი ადარებს სოციალისტურ საბაზრო ეკონომიკას, განსაკუთრებით ჩინეთსა და ვიეტნამში, აზიურ განვითარებადი კონცეფციის მიმდევარ სახელმწოფოებთან (ინგ. Asian developmental states – რედ. იგულისხმება სახელმწიფოები, რომლებშიც ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული ეკონომიკაში, მათ შორის რეგულაციების დანერგვის კუთხით). საინტერესოა, რომ ზოგიერთმა დაინახა სამივე ქვეყანაში ნეოლიბერალიზაციის პროცესები, სხვებმა კი ეს კომუნისტური რეჟიმები ნეოლიბერალურადაც კი მონათლეს. მიგვაჩნია, რომ უფრო მართებული იქნება თუ განვიხილავთ ამ რეჟიმების მიერ წარმოებულ განვითარების სტრატეგიას, როგორც ნაერთს ნეოლიბერალიზმისა (ინგ. (neo)liberal) და სტატიზმისა (ინგ. statist); განვითარებადი სახელმწიფოს (ინგ. developmental state) კონცეფციის მომხრეებისთვის, ისინი ეკონომიკური გაგებით ზედმეტად სტატისტურები (ინგ. statist) არიან ნეოლიბერალიზმისთვის და ზედმეტად ლიბერალურები საკუთარ რიგებში ჩასარიცხად.

რა შეიძლება ითქვას სოციალურ პოლიტიკაზე? წესისამებრ, პასუხი შერეული და არაერთგვაროვანია. ერთის მხრივ, სოციალისტური იდეალები ჩანს უადგილო საჯარო სერვისების პრივატიზაციისა და უთანასწორობის ზრდის ფონზე. თუმცა, სხვა მსგავს ქვეყნებთან შედარებით ამ სამ სახელმწიფოში განვითარების არჩეული მოდელი უფრო ინკლუზიურია ანუ უკეთესად არის გააზრებული და გავრცელებული მოსახლეობაში.

აღსანიშნია, რომ ამ განვითარების მოდელს აქვს მკაფიოდ ურბანული სახე. გლეხური წარმომავლობის და სამივე სახელმწიფოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სოფლად ყოფნის მიუხედავად[2], კომუნისტური რეჟიმებისთვის ”თანამედროვე და ცივილიზებული” საზოგადოებები მაინც უფრო აღქმულია ურბანულ ჩარჩოში. შეიძლება ვამტკიცოთ, რომ თანამედროვე ჩინეთში, ვიეტნამსა და ლაოსში ”ახალი სოციალისტი ადამიანი”-ს (ინგ. ‘new socialist man’) ხედვა შეიცვალა; ახლა იგი წარმოადგენს ქალაქელს, საშუალო კლასის  ”სოციალისტ მომხმარებელს” (ინგ. ‘socialist consumer’).

იმის და მიუხედავად, რომ ”სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა” ცალკე მოდელია, იგი არ არის ბოლომდე სრულფასოვანი, რადგან აქვს განსხვავებები სამივე ზემოთ მოყვანილ სახელმწიფოში. მაგალითად, ჩინეთმა, ვიეტნამმა და ლაოსმა საბაზრო ეკონომიკაზე დაგვიანებული გადასვლის შესაძლებლობა განსხვავებულად გამოიყენეს. ჩინეთმა შეძლო დიდი საგარეო ინვესტიციების მოზიდვა, განსაკუთრებით, საკუთარი საექსპორტო ინდუსტრიის სექტორში; ამასთანავე, მოხერხდა შიდა ინდუსტრიის განვითარებაც და ახლა ქვეყანა გადადის მაღალ ტექნოლოგიებზე. თავის მხრივ, ვიეტნამმა განიცადა „შეფერხებითი გარდასვლა“ (ინგ. ‘stalled transition’) ანუ ძირითადად შეძლო  პირდაპირ საგარეო ინვესტიციებზე და მუშა-ხელზე ორიენტირებული ინდუსტრიული სექტორის განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის გარეთ წარმოებულ ტექნოლოგიებზე. ლაოსი კი სრულად ამოვარდნილია ამ სურათიდან. იგი დღემდე ძირითადად აგრარული სახელმწიფოა და კონცენტრირებულია რესურსების ექსპორტზე რაიმე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული განვითარების გარეშე.

სამაგალითო მოდელი?

მას შემდეგ, რაც სი ძინპინმა 2017 წელს მე-19 პარტიულ ყრილობაზე განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის სხვებისთვის წარდგეს სამაგალითო ქვეყნად, დროა უფრო კარგად და სიღრმისეულად გავაანალიზოთ სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის წყობა. 2007-2009 წლებში გლობალური ფინანსური კრიზისისას პეკინი არ შედიოდა კამათში თემაზე თუ რომელი მოდელი იყო უფრო მდგრადი და განვითარებაზე ორიენტირებული – ჩინური თუ ე.წ. საბაზრო-ლიბერალური ვაშინგტონის კონსენსუსი. სი ძინპინის მმართველობა ნაკლებად ზომიერია/თავშეკავებულია. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ სხვა განვითარებად სახელმწიფოებს შეუძლიათ ჩინეთის ზრდის მოდელის გამოყენება. სამყარო ახალი სამაგალითო მოდელების აქტიურ ძიებაშია და საინტერესოა, თუ რამდენად შესაძლებელია აზიურმა ”სოციალისტურმა საბაზრო ეკონომიკებმა” რეალური ალტერნატივა შესთავაზონ სხვა განვითარებად სახელმწიფოებს? თუ ჩინეთი მართლაც მზად არის ახლა ჩადოს ფული და რესურსები საკუთარი განვითარების მოდელის ექსპორტში სამხრეთ-სამხრეთის დიალოგის  ფარგლებში (ინგ. south-south dialogue), მაშინ სოციალისტურ საბაზრო ეკონომიკურ მოდელს უნდა სრული სერიოზულობით მივუდგეთ.

ეს მოდელი სხვა ქვეყნებისთვის წამოადგენს კარგ „სამაგიდო წიგნს“ მისი განსხვავებული მახასიათებლების და ჩინეთში, ვიეტნამსა და ლაოსში სხვადასხვა ვარიანტების არსებობის გამო. უნდა აღინიშნოს, სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა არ არის სხვაგან მარტივად გადასატანი და დასანერგი მოდელი. მეტიც, სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა არის უნიკალური ისტორიული პერიოდის შედეგები, როდესაც კომუნისტური სახელმწიფოები ცივი ომის ზეგავლენას განიცდიდნენ, ეწყობოდნენ გლობალიზაციის პროცესებს და ვაჭრობისა და ფინანსური ნაკადების ლიბერალიზაციას. ამის და მიუხედავად, ჩინეთი, ვიეტნამი და ლაოსი ნათელი მაგალითები არიან იმ ზრდის პოტენციალის, რომელიც გააჩნიათ გლობალური და რეგიონალური ეკონომიკების ინტეგრაციას და სახელმწიფოს მიერ განვითარებაზე ორიენტირებულ პრაგმატულ რეფორმებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გააჩნია ადამიანური და გარემოს დაცვითი დანაკარგები, რაც თან ახლავს კაპიტალისტური წარმოების სისტემებს და ავტორიტარულ ლენინიზმს.

იო ინგე ბეკკევოლდი არის უსაფრთხოების კვლევის ნორვეგიული ინსტიტუტის უფროსი მრჩეველი და ყოფილი დიპლომატი ნაშრომებით ჩინეთსა და ვიეტნამზე.

არვე ჰანსენი არის პოსტ-დოქტორანტი განვითარებისა და გარემოს დაცვის ცენტრში, ოსლოს უნივერსიტეტი.

კრისტინ ნორდჰაუგი არის განვითარების კვლევების პროფესორი საერთაშორისო კვლევებისა და ინტერპრეტირების დეპარტამენტში, ოსლო მეტროპოლიტან უნივერსიტეტი.

შენიშვნები:

  1. გამოთვლილია data.worldbank.org-ზე დაყრდნობით. ეკვატორულ გვინეას ჰქონდა საშუალო ზრდის უმაღლესი მაჩვენებელი – 13%, შემდეგი იყო ბოსნია და ჰერცეგოვინა – 8.4%, ხოლო მეოთხე ადგილი დაიკავა მიანმამ (ბირმამ) – 7.4%.
  2. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2019 წელს სოფლად მცხოვრები ადამიანების წილი შეადგენდა ჩინეთის მთლიანი მოსახლეობის 39.7%-ს, ვიეტნამის – 63.3%-ს და ლაოსის – 64.3%-ს.

პირველადი წყარო:

The Socialist Market Economy in China, Vietnam and Laos: A development model to embrace?

მარიაჟობის ეკონომიკა – ტორსტეინ ვებლენი

XIX საუკუნის ბოლოს ამერიკელმა ეკონომისტმა, ტორსტეინ ვებლენმა (1857-1929) წარმოადგინა ძალიან საინტერესო თეორია, თუ რატომ სვამენ და ეწევიან ადამიანები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამ შესანიშნავი ნაშრომის მეოთხე თავში „წარმატებული კლასის თეორია“ (1899) ის ამტკიცებს, რომ ღარიბებს მოწევითა და სმით სურთ, თავი მდიდრებად გაასაღონ, რადგან ღარიბებს არ აქვთ საშუალება, იყიდონ ფუფუნების ისეთი საგნები, როგორიცაა ალკოჰოლი და თამბაქო.

მიუხედავად იმისა, რომ დალევა და მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დღეს აღარავის აკვირვებს, ვებლენის იდეებმა დემონსტრაციული მოხმარების შესახებ საფუძველი ჩაუყარა ე.წ. „მარიაჟობის“ ეკონომიკურ ანალიზს. ვებლენის აზრით, დემონსტრაციული ნივთები გამოირჩევა ერთი პარადოქსული თავისებურებით – ფასების ზრდასთან ერთად, მათზე მოთხოვნაც იზრდება. ამისი მიზეზი ისაა, რომ ვებლენის ნივთებს ძირითადად „სამარიაჟოდ“ მოიხმარენ, და ვინაიდან ძვირადღირებული ნივთებით „მარიაჟობა“ უფრო ადვილია, ამიტომ ლოგიკურია, რომ ფასის ზრდასთან ერთად მოთხოვნაც იზრდება. ვებლენის ნივთები შეიძლება იყოს ყველაფერი – როლექსის საათი, ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, ბრენდული ტანისამოსი, ლამაზი მანქანა. რაც მეტია ამ ნივთების ფასი, მით მეტად ყიდულობს მას ხალხი, რათა სხვებზე მოახდინოს შთაბეჭდილება.

ვებლენი მიიჩნევდა, რომ საბაზრო ეკონომიკაში მომხმარებლები განიცდიან ყველა შესაძლო საზოგადოებრივ და ფსიქოლოგიურ წნეხს, რაც მათ უბიძგებს არარაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას. მისი ეს თეზისი წინააღმდეგობაში მოდის დღესდღეობით გაბატონებულ ნეოკლასიკურ ეკონომიკურ სკოლასთან, რომლის თანახმად ყველაზე ადამიანის რაციონალურად იღებს გადაწყვეტილებას. ეკონომიკურ აზრში ვებლენის დაკვირვება ”ვებლეის ეფექტით” დამკივდრდა. ”დემონსტრაციული მოხმარება” მომხარებელს საშუალებას აძლევს თავის სოციალურ მნიშვნელობას და სტატუსს გაუსვას ხაზი, რაც რაციონალიზმთან საერთოდ არაა კავშირში. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოშიც უამრავ მაგალითს შევხვდებით, როდესაც 400-500 ლარის ანაზღაურების მქონდე მოზარდები 2000-3000 ლარიან იაფონებს განვადებით ყიდულობენ და 2 წლის განმავლობაში იხდიან ამ თანხას.

ტორსტეინ ვებლენი

ვებლენი ტავის ნაშრომებში ავითარებს იდეას იმის შესახებ, რომ ჩვენ თვითმხილველები ვართ კონფლიქტისა მუდმივი ”ფულად” და ”საწარმოო” აქტივობებს შორის, ”საქმიან დაწესებულებებს” და ”სამანქანო პროცესს” შორის, – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფულის კეთებას და კეთილდღეობის შექმნას შორის. ვებლების აზრით, კაპიტალიზმის დროს ჩვენ კლასობრივი ომის მომსწრენი ვართ, ოღონდ არ ბურჟუაზიას და პროლეტარიატს შორის მარქსისტული გაგებით, არამედ ბიზნესმენებსა და ინჟინრებს შორის. ფულადი მოგების პრიზმიდან აზროვნების ჩვევა არის ის, რაც აერთიანებს ბანკირებს, ბროკერებს, იურისტებს, მენეჯერებს. ამის საპირისპიროდ სამუშაო ძალას (სამეწარმეო მუშები) და უფრო მეტად ტექნიკოსებს და ინჟინრებს, ვინც მათ საქმიანობას აკონტროლებენ, სამანქანო წარმოების დისციპლინა აერთიანებთ.

ვებლენის ძირითადი მნიშვნელობა ეკონომიკურ აზრში, როგორც უკვე ავღნიშნეთ დაკავშირებულია მის წიგნთან ,,წარმატებული კლასის თეორია” [The Theory of the Leisure Class] . ვებლენი აკრიტიკებს წარმატებულ კლასს, (რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ბიზნესთან) მფლანგველური მომხმარებლობისათვის ხელის შეწყობის გამო. იმისათვის, რომ მოახდინოს შთაბეჭდილება საზოგადოების დანარჩენ ნაწილზე, წარმატებული კლასი ,,დემონსტრაციულად ისვენებს”(დროის არაპროდუქტიული ფლანგვა) და ,,დემონსტრაციულად მოიხმარს”(ხარჯავენ საქონელზე საქონლის ღირებულებაზე მეტ ფულს). ეს ახდენს გავლენას საზოგადოების სხვა კლასებზე და ისინიც, პირდაპირ თუ ირიბად, ცდილობენ მათ მიბაძონ. შედეგად, ყალიბდება დროისა და ფულის მფლანგველი საზოგადოება. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვებლენის ამ ნაშრომში არის ის, რომ იმდროინდელი სოციოლოგიური ნაშრომების უმრავლესობისაგან განსხვავებით (როგორც ვებლენის სხვა შრომებიც) ,,წარმატებული კლასის თეორია” ძირითად ყურადღებას უთმობს არა წარმოებას, არამედ მოხმარებას. ამგვარად, ამ ნაშრომმა იწინასწარმეტყველა სოციალური თეორიების ინტერესების გადანაცვლება წარმოებიდან მოხმარებისაკენ.

ირაკლი ღარიბაშვილი: ბაზრის ”უხილავი ხელი” მითია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 22 თებერვალს, პარლამენტში, დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში აქტიურად უნდა ჩაერიოს და ეკონომიკის განვითარება ე.წ. ”უხილავ ხელზე” არ უნდა იყოს მინდობილი. მანვე დასძინა, რომ თვითდინებით ევროპის ქვეყნები და ამერიკა არ განვითარებულან.

“მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ უკვე 30 წელია. მე ვახსენე სიტყვა გარღვევა და ამ გარღვევას ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ. ჩვენ არაერთი ფასადური განახლების, ფასადური რეფორმების მომსწრენი გავხდით წინა ხელისუფლების დროს და ის დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, არის მიზანმიმართული ქმედება ჩვენი სახელმწიფოს დასუსტების მიზნით. ვფიქრობ, რომ სწორედ ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რომლებიც ათწლეულებია აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.”

”შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მითია სუსტი, მცირე სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად შეიძლება ჩაერიოს ეკონომიკაში და მაშინ ბაზრის ”უხილავი ხელი” თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვგულისხმობ იმ კონტექსტს, რომელიც ქვეყანაში და მსოფლიოში დღეს არის შექმნილი. ვფიქრობ, რომ პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცედენტი ისტორიამ არ იცის. არც ევროპა და არც ამერიკა ამ გზით არ განვითარებულა”

– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩვენ ამ თემაზე არაერთი პუბლიკაცია და მასალა გამოგვიქვეყნებია, ამიტომ მოხარული ვართ რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მსგავსი განცხადება გააკეთა. ქვემოთ, შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე მათგანი.

ჯონ ნეში ადამ სმიტის წინააღმდეგ

➣ვინ ქმნის ღირებულებას და სიმდიდრეს ეკონომიკაში? ⇲მარიანა მაცუკატო

ჰა ჯუნ-ჩანგი – განვითარების ეკონომიკა ლიბერალური ბოდვების წინააღმდეგ

ერიკ რეინერტი: ”ნუ აკეთებთ იმას, რასაც ამერიკელები გეუბნებიან, გააკეთეთ ის, რასაც ამერიკელები აკეთებდნენ”

მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ლაპარაკი ლაპარაკად არ დარჩეს, როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, სისტემური მიდგომა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშკერულებების გადახედვა, ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური გეგმის შემუშავება, კონსტიტუციაში არსებული 94-ე მუხლის გარშემო ფართო დისკუსია, რომელიც რეალურად მთავრობას დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვის საშუალებას არ აძლევს.

კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი საქართველოში 20 ლარია

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, მინიმალური ხელფასის ოდენობით საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა.

ამის შესახებ გამოცემა Europetime იტყობინება.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელის გიგა ბექაურის ცნობით 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში, თვეში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა – 23 526 ადამიანს, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი – 126 665 დასაქმებულს, რაც დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ს შეადგენდა.

მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ 1999 წლის შემდეგ, საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა განსაზღვრული არ არის. 1999 წელს, პრეზიდენტის დადგენილებით კი, საქართველოში ერთი თვის მინიმალურ ხელფასი 20 ლარია, რას სრულ განაკვეთზე, საათში 0.13 თეთრი გამოდის.

„მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ოთხმა მსხვილმა კომპანიამ საქართველოში, საკუთარი საწარმოების გახსნაზე უარი სწორედ ქვეყანაში დაწესებული ასეთი დაბალი მინიმალური ხელფასის გამო თქვა. „ადიდასის“, „ნაიკის“, „ნიუ ბალანსის“ და „პუმას“ კორპორაციების ხელმძღვანელებმა ოფიციალური კოლექტიური წერილი მისწერეს საქართველოს მთავრობას, რომლითაც მათ 2015 წლის აგვისტოში მოითხოვეს ჩვენი ქვეყნის სამკერვალო სექტორში მინიმალური ხელფასის გაზრდა, რათა საქართველოში მომუშავე მათ კონტრაქტორ ფირმებს აღარ მიეცეთ ტექსტილის სფეროში დასაქმებული პირების ექსპლუატაციის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უარი თქვეს საქართველოში საკუთარი ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნაზე. ვინც მათ ეკონტაქტებოდა, მერე ისევ იმ ბიზნესმენმა მოიფიქრა და კომპანიის შიდა განაწესში ჩაწერა მინიმალური ხელფასისი ზღვარი, რომ კონტრაქტი მიეღო“, – აცნობა Europetime-ს გიგი ბექაურმა.

მეზობელ ქვეყნებშიც კი, მაგალითად სომხეთშიც მინიმალური ხელფასი თვეში 131,17 დოლარია, ხოლო აზერბაიჯანში 147,15 დოლარი.

„საქართველოში კი ნებისმიერ დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებული, მთელი თვის განმავლობაში 30 ლარად ამუშაოს მონურ პირობებში, მონურ ხელფასზე და სახელმწიფო ამაზე არის თანახმა, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი მინიმალური ხელფასის ადეკვატური ოდენობით განსაზღვრაზე უარს ამბობს“, – აღნიშნავს გიგა ბექაური.

როგორც Europetime-ს პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ ალიხანაშვილმა განუცხადა, გასულ წელს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით მინიმალური ხელფასი თვეში თავდაპირველად არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრებოდა, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, „მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება. კანონის მიღება გავლენას მოახდენდა 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლები იყო. თუმცა, კანონპროექტი პარლამენტმა არ დაამტკიცა.

როგორ შეიძლება მინიმალური ხელფასი ქვეყანაში დაწესებულ საარსებო მინიმუმთან, პენსიასთან და სოციალურ დახმარებებთან შედარებითაც ძალზედ დაბალი იყოს?

ადამიანები მუშაობენ მთელი თვე, სრულ განაკვეთზე და კანონმდებლობა არ იცავთ იმისგან, რომ დამსაქმებელმა საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი არ გადაუხადოს“, – აღნიშნავს მარიამ ალიხანაშვილი.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში (პანდემიამდე) 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 23 526 ადამიანს. ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 126 665 დასაქმებულს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი შემოსავალი ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც ამ ადამიანებს სიღარიბის ზღვარს მიღმა და შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის მოხვედრისას შანსს ზრდის.

მინიმალური ხელფასის დაწესების შემთხვევაში, მათი ყოველთვიური შემოსავალი გაიზრდება ოჯახის საარსებო მინიმუმამდე, რაც ამ ადამიანებს შეუქმნის არსებობისთვის აუცილებელ წყაროს და შეამცირებს დასაქმებულთა სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის ალბათობას

შრომის უფლებების მკვლევარის განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, საქართველოსგან განსხვავებით ზოგადად მთელ მსოფლიოში განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში მინიმალური ხელფასი დადგენილია. ეს არის ერთ-ერთი სოციალური კანონპროექტი, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანა იღებს და ყველა აღიარებს, რომ ამ კანონპროექტს დადებითი ეკონომიკური ეფექტი მოსდევს, დოვლათის გადანაწილების პროცესში. (საქართველოში მხოლოდ 1999 წლის პრეზიდენტის განკარგულება არსებობს)

„პარლამენტში მინიმალური ხელფასის დადგენაზე ორი კანონპროექტი იყო შესული, ერთი პროფკავშირების ინიცირებით, მეორე ბექა ნაცვლიშვილის ინიცირებით. პროფკავშირები 320 ლარს მოითხოვდნენ, ნაცვლიშვილის პროექტში ოდნავ მეტი თანხა იყო ჩაწერილი და პარლამენტმა ბიზნესის ზეწოლით ორივე დაბლოკა.

პარლამენტი მსგავს გადაწყვეტილებებს ბიზნეს ასოციაციის და დამსაქმებელთა ასოციაციის ქოლგის ქვეშ იღებს. მათი არგუმენტი იყო, რომ მინიმალური ხელფასის განსაზღვრა საფრთხეს შეუქმნიდა ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას. არადა ერთ-ერთი კანონპროექტით თვეში 320 ლარზე იყო საუბარი. სწორედ იმიტომ დასახელდა ასეთი მინიმალურ თანხა, რომ ეკონომიკაზე გავლენა არ ჰქონოდა.

პარლამენტის მხრიდან იყო უსაფუძვლო არგუმენტი. მიუხედავად იმისა რომ ორივე კანონპროექტს თან ერთვოდა სერიოზული კვლევები და საერთაშორისო პრაქტიკა. ევროკავშირის დირექტივები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებიც კი არ გაითვალისწინეს. შრომის კოდექსშიც იყო ჩადებული, ვიდრე ეს პუნქტი დამტკიცდებოდა. ამოიღეს მინიმალური ხელფასის პუნქტი და თქვეს, რომ მერე ცალკე განიხილავდნენ. ცალკე შეტანილი კანონპროექტი კი დაბლოკეს. პარლამენტი სავსეა ბიზნესმენებით. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, უგანდას და ნიგერიას თუ არ ჩავთვლით, ასეთი დაბალი არ არსებობს.

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია. კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ლიბერალების საპასუხოდ ვამბობ, რომ აშშ-ში მინიმალური ხელფასი საათობრივად არის განსაზღვრული, სხვადასხვა შტატში სხვადასხვა ოდენობით. ასევე ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია განსაზღვრული მინიმალური ხელფასი. იქ არის განსაზღვრულ სახელმწიფო დონეზე, და ასევე სექტორულ დონეზე. სხვადასხვა სექტორში სხვადსხვა თანხით. ზოგან წლის ინდექსაცია ხდება. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში ყველა სექტორში სხვადასხვა თანხაა დადგენილი, ტურიზმის, სექტორში, მშენებლობის სექტორში, ფინანსურ სექტორში და ა.შ“, – განუცხადა Europetime-ს გიგა ბექაურმა.

მარიამ ალიხანაშვილის ცნობით, საქართველოში კერძო სექტორისგან განსხვავებით, საჯარო სექტორში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია, პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით, თვეში 135 ლარით.

„ეს განსხვავებაც ცალკე დისკრიმინაციული მიდგომაა სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ საჯაროშიც მნიშვნელოვნად დაბალია. აუცილებელია, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ცხოვრების ღირებულებასა და სხვა ეკონომიკურ გარემოებებთან შესაბამისობაში იყოს მოყვანილი. მინიმალური ხელფასის მთავარი იდეა მშრომელთა დაცვაა გაუმართლებლად დაბალი ხელფასებისა და ექსპლუატაციისგან. თუმცა, მინიმალური ხელფასი, არამხოლოდ მოსახლეობის სიღარიბისგან დაცვას ემსახურება, არამედ ადამიანების მსყიდველობით უნარის ზრდით ხელს უწყობს ქვეყანაში მოთხოვნის ზრდას, მეტი საქონლისა და მომსახურების რეალიზაციას, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია“, – განუცხადა Europetime-ს მარიამ ალიხანაშვილმა.

მინიმალური ხელფასის აწევის კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზებზე, Europetime პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, სამომავლოდ მინიმალური ხელფასის აწევის საკითხი პარლამენტმა აუცილებლად უნდა დააბრუნოს და თავიდან განიხილოს, მაგრამ ახლა ამ სიტუაციაში ამ კანონის მიღება მეტ პრობლემას შექმნიდა, ვიდრე სარგებელს მოიტანდა.

„ვეთანხმები, რომ ეს არის აქტუალური და პრობლემური საკითხი. მინიმალური ხელფასი რაც ახლა არის, არასაკმარისია, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ სიტუაციაში, ამ რეალობაში, მით უმეტეს, ეპიდვითარებაში ამ კარგმა ინიციატივამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს უმუშევრობის ზრდას. ანუ, სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, რა ჯობს, 100 დასაქმებული 800-ლარიანი ხელფასით, თუ მხოლოდ 10 დასაქმებული – 1000-ლარიანი ხელფასით? მინიმალური ხელფასის ზღვარი რომ დაწესდეს, იმ რაოდენობით რასაც ითხოვდნენ, შესაძლოა, დამსაქმებელმა ამას სამუშაო ადგილების შემცირება დაუპირისპიროს და საბოლოოდ, მივიღოთ მეტი ხელფასით ნაკლები დასაქმებული, ვიდრე დღეს არის. არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. მინიმალური ხელფასის ოდენობა საზრუნავია, მაგრამ არა ასე პირდაპირ და მხოლოდ ციფრებში. სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას უნდა შევუწყოთ ხელი.

რაც შეეხება, სტატისტიკას, რომ 2019 წელს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 23 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რა თქმა უნდა, დამსაქმებლის მხრიდან ეს არასწორია. დამსაქმებელმაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა იკისროს. დღეს ხედავთ, რომ ეპიდემიიდან გამომდინარე მსოფლიო კრიზისია. პანდემიას როცა გადავივლით, საკითხი ისევ დასაბრუნებელია. აუცილებელია ამ საკითხზე მუშაობა. მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში მე ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტ რისკს მოიტანდა, ვიდრე სარგებელს. თუმცა პანდემია კანონპროექტის ერთ-ერთი და გასათვალისწინებელი მიზეზი იყო და არა მთავარი”, – განუცხადა Europetime-ს დიმიტრი ხუნდაძემ.