დევიდ ჰარვი: სოციალისტები თავისუფლების ჩემპიონები უნდა იყვნენ

22.10.2020 | დავიდ ჰარვი | JACOBIN

მემარჯვენე პროპაგანდა ამტკიცებს, რომ სოციალიზმი ინდივიდუალური თავისუფლების მტერია. თუმცა, სიმართლე სწორედ რომ საპირისპიროა: სოციალისტები მუშაობენ ისეთი მატერიალური პირობების შესაქმნელად, რომ ყველას ნამდვილი თავისუფლება მიანიჭონ; გაათავისუფლონ კაპიტალიზმის მიერ მათ ცხოვრებაზე დაწესებული გადაუჭრელი შეზღუდვებისგან.

თავისუფლების თემა წამოიჭრა პერუში სიტყვის გამოსვლისას. სტუდენტებს ძალიან აინტერესებდათ შემდეგი შეკითხვა: „მოითხოვს თუ არა სოციალიზმი ინდივიდუალურ თავისუფლებებზე უარის თქმას?“

მემარჯვენეებმა შეძლეს თავისუფლების კონცეფციის მისაკუთრება და მისი სოციალისტების წინააღმდეგ კლასობრივ ბრძოლაში იარაღად გამოყენება. მათ განაცხადეს, რომ სოციალიზმის ან კომუნიზმის მიერ ადამიანის უყოყმანოდ სახელმწიფოსადმი დამორჩილება ყველა შესაძლო გზით უნდა იყოს თავიდან აცილებული.

მე ვუპასუხე, რომ ემანსიპაციაზე მიმართული სოციალისტური პროექტები ადამიანის ინდივიდუალურ თავისუფლებას ეყრდნობა; მეტიც, ინდივიდუალური თავისუფლებების მიღწევა არის ამ კუთხით უმნიშვნელოვანესი. თუმცა, ამისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევით ისეთი საზოგადოების აშენება, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის ექნება შესაბამისი უნარები და ცხოვრებისეული შესაძლებლობები.

მარქსი და თავისუფლება

მარქსს ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო მოსაზრება გააჩნდა. ერთ-ერთი ასეთი მოსაზრების თანახმად, „თავისუფლების რეალობა იწყება მაშინ, როდესაც გადალახულია საჭიროების რეალობა“. თავისუფლება არაფერს ნიშნავს, თუ შენ არ გაგაჩნია საკმარისი საჭმელი, არ გაქვს შენთვის ხელმისაწვდომი შესაბამისი ჯანდაცვა, არ ხარ სახლით, ტრანსპორტირებით და განათლებით უზრუნველყოფილი და ა.შ. სოციალიზმის როლი კი იმაშია, რომ უზრუნველყოს ეს საბაზისო საჭიროებანი, რომ ადამიანები თავისუფალნი იყვნენ გააკეთონ ის, რაც უნდათ.

სოციალისტური გადასვლის [რედ. socialist transition] სამყარო ეს არის რეალობა, რომელშიც ინდივიდუალური შესაძლებლობები და უნარები განთავისუფლდნენ პოლიტიკურ-სოციალური სურვილებისგან, საჭიროებისგან და სხვა შეზღუდვებისგან. მემარჯვენეების მიერ ინდივიდუალურ თავისუფლებაზე მოპოვებულ მონოპოლიაზე თანხმობის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ეს კონცეფცია თვით სოციალიზმს.

მარქსმა იმაზეც მიუთითა, რომ თავისუფლებას ორი მხარე აქვს. მისი აზრით, მუშები კაპიტალისტურ საზოგადოებაში თავისებურად არიან თავისუფლები. მათ შეუძლიათ შრომის ბაზარზე შესთავაზონ საკუთარი უნარები ნებისმიერს. მეტიც, მათ შეუძლიათ თავისუფლად შეათანხმონ შრომის პირობები კონტრაქტში.

თუმცა, ამასთანავე, ისინი არ არიან თავისუფლები, რადგან არ გააჩნიათ კონტროლი ან წვდომა წარმოებაზე. შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან ჩააბარონ საკუთარი სამუშაო ძალა კაპიტალისტებს, რომ იარსებონ.

სწორედ ეს არის მათი თავისებური თავისუფლება. მარქსისთვის კაპიტალიზმის ფარგლებში ეს წინააღმდეგობრივი მოცემულობა არის ცენტრალური. თავში, რომელიც ეძღვნება კაპიტალში სამუშაო დღეს ეძღვნება ის ამას შემდეგნაირად აღწერს: კაპიტალისტს შეუძლია თავისუფლად უთხრას მუშას: „მე მსურს შენი დაქირავება მინიმალურ ფასად მაქსიმალური სამუშაო საათების გამოსამუშავებლად და თან იმ პირობით, რომ გააკეთო ყველაფერი ისე, როგორც მე შენ ამას გეტყვი. ეს არის შენი დასაქმების შემთხვევაში ჩემი ძირითადი მოთხოვნა.“ ჩვენი ვიცით, კაპიტალისტს შეუძლია ასეთი შემოთავაზების გაკეთება საბაზრო საზოგადოებაში, რადგან ეს საბაზრო საზოგადოებაში მუშაობს მოთხოვნის დაკმაყოფილების პრინციპით.

მეორეს მხრივ, მუშას შეუძლია უთხრას, რომ „შენ არ გაგაჩნია უფლება დღეში 14 საათი მამუშავო. შენ არ გაქვს უფლება საკუთარი სურვილისამებრ მიმართო ჩემი შრომა ნებისმიერი მიმართულებით, განსაკუთრებით, თუ ამან შეიძლება შელახოს ჩემი ჯანმრთელობა და საფრთხე შეუქმნას ჩემს სიცოცხლეს, კეთილდღეობას. მე მზად ვარ გავწიო შესაბამისი შრომა შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.“

საბაზრო ეკონომიკის ბუნებიდან გამომდინარე, კაპიტალისტი და მუშაც მართლები არიან საკუთარ მოთხოვნებში. მარქსის მტკიცებით, ბაზარზე არსებული ურთიერთგაცვლის კანონის ფარგლებში [რედ. law of exchanges] ისინი თანაბრად მართალნი არიან. თანაბარი უფლებების დროს კი იმარჯვებს ძალა. კლასობრივი ბრძოლა კი წყვეტს ამ საკითხს კაპიტალისტს და მუშას შორის. შედეგი დამოკიდებულია იმ ძალთა გადანაწილებაზე, რომელიც არსებობს კაპიტალსა და მუშას შორის; ეს ურთიერთობები რაღაც მომენტში შეიძლება გახდეს ძალადობრივი და იძულებითი.

მედლის ორი მხარე

აუცილებელია, რომ ჩვენ შევხედოთ თავისუფლების კონცეფციას, როგორც ორი მხარის მქონე მედალს უფრო დეტალურად. ერთ-ერთი საუკეთესო ანალიზი ამ კუთხით მოცემულია კარლ პოლანის ნაშრომში. მის წიგნში ”დიდი ტრანსფორმაცია” [Great Transformation] პოლანი აღნიშნავს, რომ არის თავისუფლების კარგი და ცუდი ფორმები.

თავისუფლების ცუდ ფორმებს შორის ის აღნიშნავს ადამიანის უსასრულოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობას; თავისუფლება – მიიღო დიდი მოგება და არ შეიტანო შენი დადებითი წვლილი საზოგადოებრივ სამსახურში; თავისუფლება – არ დანერგო საზოგადოებრივი სარგებლისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები; თავისუფლება – მიიღო სარგებელი საზოგადოებრივი ან ბუნებრივი კატაკლიზმებისგან, რომელთა ნაწილი საიდუმლოდ არის დაგეგმილი კერძო სარგებლისთვის.

თუმცა, პოლანი აგრეთვე მიუთითებს საბაზრო ეკონომიკის იმ დადებით მხარეებზე, რომლებსაც ჩვენ ესოდენ ვაფასებთ. კერძოდ, მსჯელობის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, შეხვედრის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, სამსახურის მოძიების თავისუფლებას.

მაგრამ ეს თავისუფლებები არის იმავე ეკონომიკის შედეგები, რომელიც ქმნის თავისუფლების ცუდ ფორმებს. დღეს პოლიტიკური ძალების მიერ თავისუფლების წარმოჩინების და ნეოლიბერალური აზროვნების დომინირების ფონზე, პოლანი საკმაოდ უცნაურად ხსნის თავისუფლების ამ ორმაგ სტანდარტს.

მისი აზრით: „საბაზრო ეკონომიკის მიღმა გასვლა“ – ანუ საბაზრო ეკონომიკაზე გადაბიჯება – „შეიძლება გახდეს აქამდე უხილავი თავისუფლების დასაწყისი“. ეს მტკიცება, რომ ნამდვილი თავისუფლება იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ წარსულში დავტოვებთ საბაზრო ეკონომიკას არის შორის მომგვრელი. ის აგრძელებს:

”შეიძლება მივაღწიოთ უფრო ფართო და ზოგად იურიდიულ და რეალურ თავისუფლებას, ვიდრე ოდესმე გაგვაჩნდა. რეგულაციებს და კონტროლს შეუძლიათ მიაღწიონ თავისუფლებას არა ერთეულებისთვის, არამედ ყველასთვის; თავისუფლება არა, როგორც პრივილეგირებულების დანამატი, რომელიც საწყისშივე მცდარია, არამედ როგორც განუყოფელი ნაწილი, რომელიც სცდება ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს და უშუალოდ საზოგადოების ფუნდამენტშია ჩაბეჭდილი. შესაბამისად, უკვე არსებული თავისუფლებები და სამოქალაქო უფლებები დაემატება იმ უფლებებს, რომელსაც ინდუსტრიული საზოგადოება ქმნის ყველასთვის – თავისუფალი დრო და უსაფრთხოება. ასეთ საზოგადოებას აქვს უნარი იყოს სამართლიანი და თავისუფალი.”

თავისუფლება სამართლიანობის გარეშე

ჩემი აზრით, საზოგადოების იდეა, რომელიც ეყრდნობა სამართლიანობას და თავისუფლებას, სამართლიანობას და უფლებებს, იყო 1960-იანის და ე.წ. 68-წლის თაობის მოძრაობების პოლიტიკური დღის განაწესი. იყო ფართო მოთხოვნა სამართლიანობასა და თავისუფლებაზე: სახელმწიფოს მხრიდან იძულებისაგან თავისუფლებაზე, კორპორატიული კაპიტალის მხრიდან თავს მოხვეული იძულებისაგან თავისუფლებაზე, საბაზრო ეკონომიკის მიერ თავზე მოხვეული იძულებისაგან თავისუფლებაზე და აგრეთვე ადგილი ჰქონდა სოციალურ სამართლიანობაზე მძლავრ მოთხოვნას.

კაპიტალისტური პოლიტიკის პასუხი 1970-იან წლებში იყო საინტერესო. მან გადახედა არსებულ მოთხოვნებს და განაცხადა: „ჩვენ გაძლევთ თავისუფლებებს ზოგიერთი პირობით, თუმცა დაივიწყეთ სამართლიანობა“.

ეს თავისუფლებები იყო შეზღუდული. შინაარსობრივად ეს იყო საბაზრო საზოგადოებაზე არჩევანის გაკეთების უფლება. თავისუფლებაზე მოთხოვნაზე პასუხი იყო თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფლება, მაგრამ სამართლიანობის სრული დავიწყება. სამართლიანობა მიანდეს საბაზრო ეკონომიკის ფარგლებში არსებულ კონკურენციას, რომელიც თეორიულად ისეთი გამართული არის, რომ თითოეული ადამიანი მიიღებს სამართლიანობის საკუთარ წილს. თუმცა, სინამდვილეში მაღალფარდოვანი თავისუფლებების სახელით გამოთავისუფლდა ბევრი ცუდი თავისუფლება (მაგალითად, სხვების ექსპლუატაცია).

ზემოთ ხსენებული რეალობა მკაფიოდ იყო გააზრებული და ჩამოყალიბებული პოლანის მიერ. მან დაინახა ასეთ დაპირისპირებაში მორალური დაბრკოლება, რომელსაც უწოდა „ლიბერალური უტოპია“. ჩემი აზრით, ჩვენ ჯერ კიდევ ლიბერალური უტოპიის მიერ შექმნილ პრობლემებს ვებრძვით. ეს არის მედიასა და პოლიტიკური დებატებში გავრცელებული იდეოლოგია.

დემოკრატიული პარტიის ლიბერალური უტოპია არის ის, რაც რეალურად დგას ჭეშმარიტი თავისუფლების მიღწევის გზაზე. „დაგეგმარება და კონტროლი“ – წერდა პოლანი – „წარმოჩენილნი არიან, როგორც თავისუფლების მტრები და მუდმივ თავდასხმებს განიცდიან. თავისუფალი საწარმოები და კერძო საკუთრება კი თავისუფლების ფუნდამენტად არიან გამოცხადებულნი“. ეს მოსაზრებები არის განვითარებული ნეოლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრების მიერ.

ბაზრის მიღმა

ჩემთვის ეს ჩვენი დროის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ვაპირებთ თუ არა, რომ გავაღწიოთ საბაზრო ეკონომიკის მიერ დაწესებულ შეზღუდულ თავისუფლებებს და მოთხოვნა-მოწოდების ფორმატს, თუ ვაღიარებთ მარგარეტ ტეტჩერის მოსაზრებას, რომ სხვა ალტერნატივა არარსებობს? ჩვენ ვართ სახელმწიფოს კონტროლისგან თავისუფალნი, თუმცა საბაზრო ეკონომიკის მონები. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, არ არსებობს ამის მიღმა მეტი თავისუფლება. ეს არის ის, რასაც მემარჯვენეები ქადაგებენ და ბევრმა დაიჯერა ეს მოსაზრება.

ეს არის ჩვენი დროის პარადოქსი: თავისუფლების სახელით, ჩვენ ავითვისეთ ლიბერალური უტიპიის იდეოლოგია, რომელიც სინამდვილეში ჭეშმარიტი თავისუფლების მიღწევის უფლებას არ გვაძლევს. მე არ მწამს თავისუფალი სამყაროსი, რომელშიც ადამიანმა, რომელსაც სურს განათლების მიღება, უზარმაზარი თანხები უნდა გადაიხადოს და სამომავლოდ მრავალწლიანი სტუდენტური ვალები დაიდოს.

ბრიტანეთში საცხოვრებლით დაკმაყოფილების უდიდესი ნაწილი 1960-იან წლებში საჯარო სექტორის ნაწილი იყო; ეს იყო სახლ-კარით დაკმაყოფილების სოციალური პროგრამა. ჩემს პატარაობაში, იგი წარმოადგენდა საბაზისო მოთხოვნის შესაბამისი სახსრების სანაცვლოდ დაკმაყოფილებას/უზრუნველყოფას. შემდეგ მოვიდა მარგარეტ ტეტჩერი, მოახდინა ყველაფრის პრივატიზაცია და განაცხადა: „თქვენ უფრო თავისუფალი იქნებით თუ გახდებით კერძო მესაკუთრეები; მეტიც, თქვენ შეძლებთ საკუთრების მქონე დემოკრატიის ნაწილი გახდეთ“.

ახლა კი, სახლ-კარით დაკმაყოფილების პროგრამის 60 %-ის ნაცვლად საჯარო სექტორში მხოლოდ 20 % თუ დარჩა, შეიძლება ნაკლებიც კი. სახლ-კარით დაკმაყოფილება გადაიქცა ვაჭრობის საგნად, ხოლო ვაჭრობა სპეკულაციების უფლებას იძლევა. საბოლოო ჯამში, სპეკულაციების შედეგად ჩვენ ვიღებთ გაძვირებულ ქონებას, რომლის შეძენა/მიწოდა შეზღუდული ხდება.

ჩვენ ვაშენებთ ქალაქებს, კარ-მიდამოებს, რომლებიც დიდ გასაქანს აძლევს მაღალი კლასის მქონე მოქალაქეებს და ამასთანავე სრულად უზღუდავს თავისუფლებას მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს. ეტყობა ამას გულისხმობდა მარქსი, როდესაც ამბობდა, რომ საჭიროების მდგომარეობა უნდა იყოს გადალახული, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება იყოს მიღწეული.

თავისუფლების განზომილება

სწორედ ასე ახდენს საბაზრო ეკონომიკა თავისუფლების შესაძლებლობების შეზღუდვას. და ამ კუთხით, სოციალისტურმა მიდგომებმა პოლანის მოსაზრებები უნდა გაიზიაროს. ანუ უნდა მოვახდინოთ თავისუფლებისადმი, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის საკითხების კოლექტივიზაცია. ჩვენ უნდა გადავიტანოთ ეს საკითხი საბაზრო ეკონომიკის განზომილებიდან საჯარო სივრცის განზომილებაში. სახლ-კარით უზრუნველყოფა საჯარო სივრცის ნაწილი – ეს არის ჩვენი მოწოდება. ეს არის თანამედროვე სისტემაში სოციალიზმის ერთ-ერთი საბაზისო იდეა – გადავიტანოთ საკითხები საჯარო სივრცეში.

ხშირად ამბობენ, რომ სოციალიზმის მისაღწევად ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ინდივიდუალიზმი, ჩვენ უნდა რამე დავთმოთ. შესაძლოა, ეს ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ, როგორც პოლანი ამტკიცებს, მეტი/უკეთესი თავისუფლების მიღწევა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადავაბიჯებთ ინდივიდუალური საბაზრო ეკონომიკის მიერ მინიჭებულ თავისუფლებების სასტიკ რეალობას.

მარქსი ამტკიცებს, რომ ინდივიდუალური თავისუფლების განზომილების გაზრდა შეიძლება მაშინ, როდესაც საჭიროების განზომილება არის დაძლეული. სოციალისტური საზოგადოების დანიშნულება არ არის ყველაფრის კონტროლი, რაც კი ამავე საზოგადოებაში ხდება; რა თქმა უნდა, არა. სოციალისტური საზოგადოების დანიშნულება არის უზრუნველყოს თითოეული მოქალაქე უფასო საბაზისო საჭიროებით, რომ ადამიანებმა შეძლონ გააკეთონ ის, რაც უნდათ, მაშინ, როდესაც უნდათ.

თუ თქვენ ახლა დაუსვამთ ნებისმიერ ადამიანს შეკითხვას „რამდენი თავისუფალი დრო გაქვს?“, როგორც წესი, პასუხი იქნება „მე ფაქტიურად არ მაქვს რაიმე თავისუფალი დრო. ეს დრო მიდის ამაზე და იმაზე“. თუ ნამდვილი თავისუფლება ეს არის სამყარო, რომელშიც ჩვენ გვაქვს თავისუფალი დრო, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც გვინდა – მაშინ  სოციალისტური ემანსიპაციური პროექტი სწორედ რომ ამას სთავაზობს. ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ყველანი უნდა მივისწრაფოდეთ.

სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა ჩინეთში, ვიეტნამსა და ლაოსში: არის თუ არა განვითარების სამაგალითო მოდელი?

იო ინგე ბეკკევოლდი, არვე ჰანსენი, კრისტინ ნორდჰაუგი | Developing Economics

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთი, ვიეტნამი და ლაოსი ეკონომიკური ზრდის კუთხით მოწინავე სახელმწიფოთა რიგებში იმყოფებიან. ანუ, გლობალური კაპიტალისტური სისტემის სამი წამყვანი ზრდადი ეკონომიკა მოდის ავტორიტარულ სახელმწიფოებზე, რომლებიც იმართებიან კომუნისტური პარტიების მიერ და ოფიციალურად ეყრდნობიან სოციალისტური განვითარების დღის წესრიგს. უცნაურია, მაგრამ განვითარების ინდიკატორების მთელ რიგში ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებლების მიუხედავად, რაიმე მნიშვნელოვანი ინტერესი მათდამი მაინც არ იყო გამოვლენილი. ბევრს მიაჩნია, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე მსოფლიო მასშტაბით ჩინეთი და ვიეტნამი წარმოადგენენ ყველაზე შთამბეჭდავი „განვითარების წარმატებულ შემთხვევებს“. ამ სამმა სახელმწიფომ მიაგნეს განვითარების საკუთარ მოდელს, რომელიც აერთიანებს საბაზრო ეკონომიკას და სოციალიზმს – ‘’სოციალისტურ საბაზრო ეკონომიკას’’. ოფიციალური განმარტების მიხედვით, ეს არ არის კაპიტალიზმი, არამედ საბაზრო ეკონომიკის ეროვნული განვითარების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სამსახურში ჩაყენების მეტად მდგრადი და სოციალურად გამართლებული მიდგომა. პალგრავ მაკმილანის (Palgrave Macmillan) მიერ ახლად გამოცემულ რედაქტირებულ ნაშრომში „სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა აზიაში: განვითარება ჩინეთში, ვიეტნამსა და ლაოსში“ ჩვენ შევეცადეთ განგვეხილა ამ განვითარების მოდელის სრულფასოვნება, მიღწევები და ჩავარდნები.

ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია კარლ მარქსის 200 წლის იუბილეს აღნიშნავს

განვითარების წარმატებული ისტორიები

ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის მიერ ნაჩვენებმა ფენომენალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ის გლობალურ ზესახელმწიფოდ გადააქცია; თუმცა, სამივე ქვეყანამ წინსვლის გამაოგნებელ მაჩვენებლებს მიაღწიეს. 1989 წლიდან 2018 წლამდე განვლილ სამ ათწლეულში ჩინეთმა აჩვენა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 8.4%-თ ზრდის ტემპი (გრაფა 1). ეს არის მსოფლიო ბანკის მიერ აღწერილ ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფი ზრდის მესამე საუკეთესო მაჩვენებელი. ვიეტნამმა დაიკავა მეხუთე ადგილი საშუალო ზრდის 5.4%-ით, ხოლო ლაოსი მეექვსეა – 5.1%-ით.[1]

გრაფა 1. წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე ზრდის მონაცემები: ჩინეთი 1978-2017, ლაოსი/ვიეტნამი: 1985-2017
წყარო: data.worldbank.org

სამივე სახელმწიფომ ზრდის შედარებით მსგავსი ტრენდი აჩვენეს, თუმცა განსხვავებული მონაცემები გვაქვს განვითარების სხვა მაჩვენებლებში. კერძოდ, ჩინეთი და ვიეტნამი დაუსახელებელი ჩემპიონები არიან სიღარიბის დაძლევის კუთხით. ჩინეთის წარმატებული ისტორიის ფარგლებში, საბაზრო რეფორმის დაწყების შემდეგ დაახლოებით 850 მილიონი ადამიანის სიღარიბიდან ამოყვანა გახდა შესაძლებელი; ხოლო ვიეტნამმა მხოლოდ 2000-იანი წლების პირველ ორ ათწლეულში შეძლო დაახლოებით 45 მილიონის. და ბოლოს, ლაოსმა გაანახევრა სიღარიბე ბოლო ოცი წლის განმავლობაში, თუმცა ამ მხრივ მაინც ჩამორჩება საკუთარ სოციალისტურ მეზობლებს.

საბოლოო ჯამში, ჩინეთი და ვიეტნამი წარმოადგენენ უფრო „წამატებულ ისტორიებს“, ვიდრე ლაოსი. ამის და მიუხედავად, სამივე სახელმწიფო სხვა მსგავს ქვეყნებთან შედარებით წლიურ მშპ-ზე დაყრდნობით არსებული სოციალური და მატერიალური მაჩვენებლების მთელ რიგში დაწინაურებულნი არიან (ცხრილი 1). რეალურად, 1990-2015 წლების პერიოდში ჩინეთი, ვიეტნამი და ლაოსი იყვნენ გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსში სახელმწიფოთა პირველ ათეულში.

ცხრილი 1. სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის განვითარების მონაცემები
 
 ჩინეთი 1990ჩინეთი 2017ვიეტნამი 1990ვიეტნამი 2017ლაოსი 1990ლაოსი 2017
 
მშპ/ყოველ სულზე/მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (მიმდ. საერთაშორისო $)98716.8079396.7751.1037.023
უკიდურესი სიღარიბე ($1.90 ნაკლებზე მცხოვრები მოსახლეობის %)66.60.7 (2015)52.9 (1992)2 (2016)32.2 (1992)22.7 (2012)
ადამიანური განვითარების ინდექსი0.5020.7520.4750.6940.4000.601
ჩვილთა მოკვდაობა (1000 დაბადებულზე)42.183716.7106.148.6
დედათა მოკვდაობა (100,000 მშობიარეზე), 2015 წელი972713954905197
წერა-კითხვა (ზრდასრულთა ჯამი, 15 წლიდან)77.895 (2010)87.6 (1989)93.5 (2009)60 (1995)58 (2011)
წვდომა ელექტროენერგიაზე (მოსახლეობის %, 2016)92.210074.110015.387.1
 
წყარო: მსოფლიო განვითარების ინდიკატორები და ადამიანის განვითარების ინდექსი.
 
ვიეტნამელ ქალბატონს ტრადიციული გრძელი კაბა აცვია ”ao dai” გიგანტური პოსტერის ფონზე მმართველი კომუნისტური პარტიის მე-13 ეროვნული კონგრესის წინა დღეებში – 22 ინავარი, 2021 REUTERS/Kham

თუ გავითვალისწინებთ, წარმატებული განვითარების განმარტებას (ინგ. definition of developmental success), რომელიც ყურადღებას აქცევს ეკონომიკურ ზრდას, სიღარიბის დაძლევას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ჩინეთი და ვიეტნამი ამის ნათელი მაგალითები არიან, ხოლო ლაოსი ასეთად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ნაწილობრივ. თუმცა, თუ დამატებით იქნება გაანალიზებული იქნება ბურჟუაზიული პოლიტიკური თავისუფლება და გარემოს მდგრადობა, მაშინ სამივე სახელმწიფო ნაკლებად წარმატებულია. ქვეყნების სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ დიდი ზეგავლენა იქონია ბუნებრივ რესურსებსა და გარემოზე; შესაბამისად, კლიმატურმა ცვლილებებმა და ბუნებრივმა კატასტროფებმა შეიძლება შეაფერხონ შემდეგომი განვითარება. ბევრი ადამიანი დიდხანს ელოდებოდა რეჟიმების სიხისტის შემცირებას ფულადი კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, მაგრამ ბოლო დროის კვლევები ცხადყოფენ, რომ ვიეტნამში, ლაოსსა და, განსაკუთრებით, ჩინეთში ხელისუფლებები პირიქით, უფრო ძალადობრივ პოლიტიკას აწარმოებენ.

მეტიც, სამივე ქვეყანაში რეფორმების პერიოდში უთანასწორობის დონე გაიზარდა. ჩინეთში 2010-15 წლებში ე.წ. ჯინის [რედ. ჯინის ინდექსი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც პოპულაციის შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობის საზომი] საშუალო კოეფიციენტი შეადგენდა 42.2-ს, რაც იყო აშშ-ზე ცოტაოდენ მეტი. გასათვალისწინებელია, რომ ამერიკაში დაფიქსირებულია უთანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს შორის. ვიეტნამსა და ლაოსში ამ მხრივ ვითარება უკეთესია, მაგრამ მაინც საჭიროებს გამოსწორებას. სამივე სახელმწიფოს ელიტებმა მოახდინეს წარმოუდგენელი სიმდიდრის და ძალაუფლების დაგროვება. დამატებით, სახეზეა დიდი უფსკრული ეთნიკურ უმრავლესობასა და უმცირესობებს შორის; ბოლონი სამივე სახელმწიფოს მიერ აღრიცხულ სიღარიბის სტატისტიკას მნიშვნელოვნად ავსებენ.

განსხვავებული და სრულფასოვანი მოდელი?

‘’სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა’’ არის განვითარების განსხვავებული მოდელი, რადგან იგი წარმოადგენს კომუნისტური რეჟიმების მიერ დანერგილ საბაზრო რეფორმებს. ჩინეთს, ვიეტნამსა და ლაოსს აქვთ საერთო საბჭოთა მემკვიდრეობა გეგმიური ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციისა და სახელწმიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიების სახით.

სამივე ქვეყანამ დანერგეს საბაზრო რეფორმები 1980-იან წლებში, ჩინეთში ‘’გაიგე კაიფანგ’’ (ინგ. Gaige kaifang) (‘რეფორმა და გახსნილობა’, 1978/79), ვიეტნამში ‘’დოი მოი’’ (ინგ. Doi moi) (‘განახლება’, 1986) და ლაოსში ‘’ჩინ თანაკაან მაინ’’ (ინგ. Chin Thanakaan Mai) (‘ახალი აზროვნება~ ან ‘ახალი ეკონომიკური მექანიზმები’, 1986). ეს მიდგომები განიხილებიან ეკონომიკური ცვლილებების ოფიციალურ ათვლის წერტილებად.

სახელმწიფოს დღემდე წამყვანი როლი უკავია სამივე ქვეყანაში. დიდი და პოლიტიკურად მხარდაჭერილი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კორპორაციები განასახიერებენ სოციალისტურ მემკვიდრეობას, თუმცა მათი ზეგავლენა დაკნინდა. ბევრი ადარებს სოციალისტურ საბაზრო ეკონომიკას, განსაკუთრებით ჩინეთსა და ვიეტნამში, აზიურ განვითარებადი კონცეფციის მიმდევარ სახელმწოფოებთან (ინგ. Asian developmental states – რედ. იგულისხმება სახელმწიფოები, რომლებშიც ხელისუფლება აქტიურად არის ჩართული ეკონომიკაში, მათ შორის რეგულაციების დანერგვის კუთხით). საინტერესოა, რომ ზოგიერთმა დაინახა სამივე ქვეყანაში ნეოლიბერალიზაციის პროცესები, სხვებმა კი ეს კომუნისტური რეჟიმები ნეოლიბერალურადაც კი მონათლეს. მიგვაჩნია, რომ უფრო მართებული იქნება თუ განვიხილავთ ამ რეჟიმების მიერ წარმოებულ განვითარების სტრატეგიას, როგორც ნაერთს ნეოლიბერალიზმისა (ინგ. (neo)liberal) და სტატიზმისა (ინგ. statist); განვითარებადი სახელმწიფოს (ინგ. developmental state) კონცეფციის მომხრეებისთვის, ისინი ეკონომიკური გაგებით ზედმეტად სტატისტურები (ინგ. statist) არიან ნეოლიბერალიზმისთვის და ზედმეტად ლიბერალურები საკუთარ რიგებში ჩასარიცხად.

რა შეიძლება ითქვას სოციალურ პოლიტიკაზე? წესისამებრ, პასუხი შერეული და არაერთგვაროვანია. ერთის მხრივ, სოციალისტური იდეალები ჩანს უადგილო საჯარო სერვისების პრივატიზაციისა და უთანასწორობის ზრდის ფონზე. თუმცა, სხვა მსგავს ქვეყნებთან შედარებით ამ სამ სახელმწიფოში განვითარების არჩეული მოდელი უფრო ინკლუზიურია ანუ უკეთესად არის გააზრებული და გავრცელებული მოსახლეობაში.

აღსანიშნია, რომ ამ განვითარების მოდელს აქვს მკაფიოდ ურბანული სახე. გლეხური წარმომავლობის და სამივე სახელმწიფოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სოფლად ყოფნის მიუხედავად[2], კომუნისტური რეჟიმებისთვის ”თანამედროვე და ცივილიზებული” საზოგადოებები მაინც უფრო აღქმულია ურბანულ ჩარჩოში. შეიძლება ვამტკიცოთ, რომ თანამედროვე ჩინეთში, ვიეტნამსა და ლაოსში ”ახალი სოციალისტი ადამიანი”-ს (ინგ. ‘new socialist man’) ხედვა შეიცვალა; ახლა იგი წარმოადგენს ქალაქელს, საშუალო კლასის  ”სოციალისტ მომხმარებელს” (ინგ. ‘socialist consumer’).

იმის და მიუხედავად, რომ ”სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა” ცალკე მოდელია, იგი არ არის ბოლომდე სრულფასოვანი, რადგან აქვს განსხვავებები სამივე ზემოთ მოყვანილ სახელმწიფოში. მაგალითად, ჩინეთმა, ვიეტნამმა და ლაოსმა საბაზრო ეკონომიკაზე დაგვიანებული გადასვლის შესაძლებლობა განსხვავებულად გამოიყენეს. ჩინეთმა შეძლო დიდი საგარეო ინვესტიციების მოზიდვა, განსაკუთრებით, საკუთარი საექსპორტო ინდუსტრიის სექტორში; ამასთანავე, მოხერხდა შიდა ინდუსტრიის განვითარებაც და ახლა ქვეყანა გადადის მაღალ ტექნოლოგიებზე. თავის მხრივ, ვიეტნამმა განიცადა „შეფერხებითი გარდასვლა“ (ინგ. ‘stalled transition’) ანუ ძირითადად შეძლო  პირდაპირ საგარეო ინვესტიციებზე და მუშა-ხელზე ორიენტირებული ინდუსტრიული სექტორის განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის გარეთ წარმოებულ ტექნოლოგიებზე. ლაოსი კი სრულად ამოვარდნილია ამ სურათიდან. იგი დღემდე ძირითადად აგრარული სახელმწიფოა და კონცენტრირებულია რესურსების ექსპორტზე რაიმე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული განვითარების გარეშე.

სამაგალითო მოდელი?

მას შემდეგ, რაც სი ძინპინმა 2017 წელს მე-19 პარტიულ ყრილობაზე განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის სხვებისთვის წარდგეს სამაგალითო ქვეყნად, დროა უფრო კარგად და სიღრმისეულად გავაანალიზოთ სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის წყობა. 2007-2009 წლებში გლობალური ფინანსური კრიზისისას პეკინი არ შედიოდა კამათში თემაზე თუ რომელი მოდელი იყო უფრო მდგრადი და განვითარებაზე ორიენტირებული – ჩინური თუ ე.წ. საბაზრო-ლიბერალური ვაშინგტონის კონსენსუსი. სი ძინპინის მმართველობა ნაკლებად ზომიერია/თავშეკავებულია. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ სხვა განვითარებად სახელმწიფოებს შეუძლიათ ჩინეთის ზრდის მოდელის გამოყენება. სამყარო ახალი სამაგალითო მოდელების აქტიურ ძიებაშია და საინტერესოა, თუ რამდენად შესაძლებელია აზიურმა ”სოციალისტურმა საბაზრო ეკონომიკებმა” რეალური ალტერნატივა შესთავაზონ სხვა განვითარებად სახელმწიფოებს? თუ ჩინეთი მართლაც მზად არის ახლა ჩადოს ფული და რესურსები საკუთარი განვითარების მოდელის ექსპორტში სამხრეთ-სამხრეთის დიალოგის  ფარგლებში (ინგ. south-south dialogue), მაშინ სოციალისტურ საბაზრო ეკონომიკურ მოდელს უნდა სრული სერიოზულობით მივუდგეთ.

ეს მოდელი სხვა ქვეყნებისთვის წამოადგენს კარგ „სამაგიდო წიგნს“ მისი განსხვავებული მახასიათებლების და ჩინეთში, ვიეტნამსა და ლაოსში სხვადასხვა ვარიანტების არსებობის გამო. უნდა აღინიშნოს, სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა არ არის სხვაგან მარტივად გადასატანი და დასანერგი მოდელი. მეტიც, სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა არის უნიკალური ისტორიული პერიოდის შედეგები, როდესაც კომუნისტური სახელმწიფოები ცივი ომის ზეგავლენას განიცდიდნენ, ეწყობოდნენ გლობალიზაციის პროცესებს და ვაჭრობისა და ფინანსური ნაკადების ლიბერალიზაციას. ამის და მიუხედავად, ჩინეთი, ვიეტნამი და ლაოსი ნათელი მაგალითები არიან იმ ზრდის პოტენციალის, რომელიც გააჩნიათ გლობალური და რეგიონალური ეკონომიკების ინტეგრაციას და სახელმწიფოს მიერ განვითარებაზე ორიენტირებულ პრაგმატულ რეფორმებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გააჩნია ადამიანური და გარემოს დაცვითი დანაკარგები, რაც თან ახლავს კაპიტალისტური წარმოების სისტემებს და ავტორიტარულ ლენინიზმს.

იო ინგე ბეკკევოლდი არის უსაფრთხოების კვლევის ნორვეგიული ინსტიტუტის უფროსი მრჩეველი და ყოფილი დიპლომატი ნაშრომებით ჩინეთსა და ვიეტნამზე.

არვე ჰანსენი არის პოსტ-დოქტორანტი განვითარებისა და გარემოს დაცვის ცენტრში, ოსლოს უნივერსიტეტი.

კრისტინ ნორდჰაუგი არის განვითარების კვლევების პროფესორი საერთაშორისო კვლევებისა და ინტერპრეტირების დეპარტამენტში, ოსლო მეტროპოლიტან უნივერსიტეტი.

შენიშვნები:

  1. გამოთვლილია data.worldbank.org-ზე დაყრდნობით. ეკვატორულ გვინეას ჰქონდა საშუალო ზრდის უმაღლესი მაჩვენებელი – 13%, შემდეგი იყო ბოსნია და ჰერცეგოვინა – 8.4%, ხოლო მეოთხე ადგილი დაიკავა მიანმამ (ბირმამ) – 7.4%.
  2. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2019 წელს სოფლად მცხოვრები ადამიანების წილი შეადგენდა ჩინეთის მთლიანი მოსახლეობის 39.7%-ს, ვიეტნამის – 63.3%-ს და ლაოსის – 64.3%-ს.

პირველადი წყარო:

The Socialist Market Economy in China, Vietnam and Laos: A development model to embrace?

სი ძინპინი: აუცილებელია აბსოლუტური ერთგულების შენარჩუნება მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიკის მიმართ

სი ძინპინი: აუცილებელია აბსოლუტური ერთგულების შენარჩუნება მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიის მიმართ.

მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიის ერთგულების შენარჩუნებისას, ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი დასავლური პუბლიკაციების შესწავლაზე, რაც ფინანსებს, სავაჭრო კონკურენციას, სახალხო მეურნეობის დარგების მართვის მეთოდებს ეხება. ამ დაჟინებული შესწავლისას აუციელებელია მარცვლის გარჩევა ღვარძლისგან. არ შეიძლება დასავლური თეორიების კოპირება, რომლებიც კაპიტალიზმის არსს ასახავენ. არ შეიძლება იმ კონცეპტების ათვისება, რაც უცხოა სოციალიზმისთვის.

(სი ძინპინი, იდეოლოგიური ჟურნალი “ჭეშმარიტების ძებნა”)
http://en.qstheory.cn

ალბათ თქვენ გიჩნდებათ ლოგიკური კითხვა: რისთვის ჭირდება სოციალისტურ სახელმწიფოს კაპიტალისტური სამყაროს ეკონომისტების შესწავლა? ამ კითხვაზე პასუხი რეალურად ზედაპირზე ტივტივებს. ჩინეთში დღესდღეობით დამყარებულია ”სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა.” აღნიშნული ტერმინი მარქსისტულ მეცნიერებაში ერთობ ახალი ცნებაა, რომელიც ციამ ცზეემინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-14 ეროვნული კონგრესის დროს გამოიყენა ჩინეთში გატარებული ეკონომიკური რეფორმების მიზნებისთვის.

რას წარმოადგენს სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა? ეს არის ეკონომიკა, რომელიც 2 ძირითადი სექტორიდან შედგება: სახელმწიფო და კერძო. სახელმწიფო სექტორი იმართება მთავრობის მიერ პირდაპირი დაგეგმვის მეშვეობით, რაც განვითარების ლოკომოტივია. სახელმწიფოს საკუთრებაში არის მიწა და ბუნებრივი რესურსები, რკინიგზა, საავიაციო ტრანსპორტი, მძიმე მანქანათმშენებლობა. კერძო სექტორს, რომელიც კოოპერატივისგან და ბურჟუაზიული საწარმოებისგან შედგება, დამხმარე ეფექტი გააჩნიათ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კერძო სექტორი მკაცრად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ მმართველ სტრუქტურებში იდეოლოგიური პარტიელების დანერგვით.

30 წლის განმავლობაში ჩინეთმა შეძლო საკუთარი 800 000 თანამოქალაქის ამოყვანა უიმედო სიღარიბიდან, თითქმის ყველა მოქალაქე უზრუნველყო პენისებით და უფასო სამედიცინო მომსახურებით. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩინეთის მშპ საშუალოწლიურად 10%-ით იზრდება და დიდი ალბათობით ერთ დეკადაში ჩინური ეკონომიკის მოცულობა ამერიკულს გადაასწრებს. ჩინეთი დღესდღეობით ფაქტიურად ციფრული ზესახელმწიფოა და ეს კორონავირუსთან ბრძოლის დროსაც გამოჩნდა. იმის მიუეხედავად რომ ჩინეთი 1.4 მილიარდიანია ქვეყანაა, მან ფაქტიურად შეუძლებელი შეძლო და Covid 19-ის გავრცელება შეაჩერა.

ამასთან ერთად მთელი ქვეყნა მოცულია მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელითა. ჩინეთის მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები განსაკუთრებით თვალშისაცემია თუ შევადარებთ ლიბერალურ და კაპიტალისტურ ინდოეთს, კაპიტალისტურ ბუტანს ან რუსეთს. ამას წინათ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ აღნიშნა, რომ ჩინეტის პოლიტიკური სისტემა არის მსოფლიოში ყველაზე პროგრესული და განაცხადა რომ მსგავსი მოდელის დანერგვა საკუთარ ქვეყანაშიც სურს.

დასავლეთში და იდეოლოგიურად მის მიერ კონტროლირებად ბუფერულ ზონებში აქსიომის დონეზე გავრცელებულია ის ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ქვეყნების განვითარება და მოდერნიზაცია დასავლეთის გავლენის ზრდასთან და ამ ქვეყნების ვესტერნიზაციასთან  იყო უშუალო კავშირში. როგორც ჩინეთის მაგალითი გვიჩვენებს ეს უფრო ჰიპოთეზაა, ვიდრე ჭეშმარიტებაზე.

განვითარების ჩინური პარადიგმა გარკვეულწილად უნიკალურია და ეს უნიკალურობა პირველ რიგში ძლიერ და ყოვლისმომცველ სახელმწიფოზე დგას. სახელმწიფო ჩინეთში ყველგანაა: ბევრი მსხვილი კომპანია კვლავ სახელმწიფო საკუთრებაშია, კერძო კომპანიებიც კი ისეთები, როგორებიცაა Lenovo და Huawei, დიდწილად სახელმწიფო მფარველობაზე არიან დამოკიდებულები.  ამბიციური ეკონომიკური გეგმები, ექსპორტზე ორიენტირებული დარგების წახალისება, შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურული პროექტები – ეს  ყველაფერი  ჩინეთში ძლიერი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ზონას წარმოადგენს.  ასე მაგალითად ჩინეთის დიდი არხის მშენებლობა, რომელიც დღემდე მოქმედი ერთ-ერთი უძველესი ინფრასტრუქტურული პროექტია მსოფლიოში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში დაიწყო. ეს არხი 1700 კმ-ზე მეტი სიგრძისაა და ისეთ ქალაქებს აკავშირებს ერთანეთთან როგორიცაა შანხაი და პეკინი.