ულოფ პალმე – სოციალ-დემოკრატიის შვედი ლეგენდა

ულოფ პალმე

1986 წლის 28 თებერვალს, პარასკევს, 23 საათსა და 21 წუთზე შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულოფ პალმე სტოკჰოლმის ქუჩაში მოკლეს. მისი მკვლელი დღემდე უცნობი და დაუსჯელია. (2020 წლის 10 ივნისს შვედეთის პროკურატურამ მკვლელის ვინაობა დაადგინა: ის სტიფ ენგსტრომი აღმოჩნდა, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო ან მეორე ვერსიით – თავი მოიკლა) ყოველ წელს ამ დღეს შვედური გაზეთები და მედია საშუალებები ახალთახალ თეორიებს აცხობენ მისი მკვლელის ვინაობის შესახებ. თუმცა, მხოლოდ ერთეულნი თუ აქცევენ ყურადღებას ამ მოვლენის პოლიტიკურ მხარეს და ზეგავლენას.

ულოფ პალმეს შვედეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ორჯერ ეკავა 1969-1976 წლებში და 1982 წლიდან 1986 წლის მკვლელობამდე. ამ პერიოდში იგი სათავეში ედგა სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც ერთგული რჩებოდა მსოფლიოს აღქმის მნიშვნელოვნად განსხვავებული ხედვის – კაპიტალიზმისადმი წინააღმდეგობა სახლში და იმპერიალიზმისადმი – ქვეყნის საზღვრებს მიღმა.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პალმე მაინც უფრო ცნობილი იყო ბოლო საკითხის გამო. ტონი ბენის [ბრიტანელი პოლიტიკოსი და მწერალი, პარლამენტის წევრი] მსგავსად, ულოფ პალმეც წარმოშობით საზოგადოების შედარებით მაღალი ფენიდან იყო და გააჩნდა ზომიერი შეხედულებები, როდესაც 1950-იან წლებში პოლიტიკურ ველზე გამოჩნდა. პარადოქსულია, მაგრამ ზემოთ ხსენებული ბრიტანელივით, მანაც განიცადა რადიკალიზაცია 1960-იან წლებში დატრიალებული ანტიკოლონიალური და ანტისაომარი ჯანყისას. უკვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას პალმეს საერთაშორისო დღის განაწესი გამაოგნებელი იყო – იგი მხარს უჭერდა ვიეტნამში ვიეტ-კონგოელებს [სამხრეთ ვიეტნამის განთავისუფლების ეროვნული ფრონტი] ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბრძოლაში, მან ესპანეთში ციხეებში პოლიტიკური პატიმრების განადგურებისთვის ფრანკოს რეჟიმს „ღვთის მიერ დაწყევლილი მკვლელები“ უწოდა და ბოლოს 1975 წელს ეწვია კუბას, სადაც დაგმო ბატისტას მთავრობა და ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ადგილობრივ რევოლუციონერებს.

თუმცა, ზემოთხსენებული არ იყო პალმეს საერთაშორისო დღის განაწესის მწვერვალი. მისი ლიდერობით, შვედეთი არა მხოლოდ მხარს უჭერდა, არამედ აფინანსებდა კიდევაც ელ-სალვადორს, მათ შორის მის განმათავისუფლებელ მოძრაობას [ინგ. FMLN], და სანდინისტების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის [ინგ. FSLN] ნიკარაგუაში ბრძოლას აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი მემარჯვენე შეხედულებების მქონე ე.წ. სამხედრო კონტრას წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მან აგრეთვე მხარი დაუჭირა სამხრეთ აფრიკაში აფრიკის ეროვნული კონგრესისთვის [რედ. ინგ African National Congress] შესაბამისი დაფინანსების გამოყოფას. ის გახლდათ აპარტეიდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღია კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე. შვედეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის შემდეგ, აფრიკის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტმა ოლივერ რეჯინალდ ტამბომ მას საკუთარ მოგონებებში მიუძღვნა ბრწყინვალე ესე:

”ოლოფ პალმემ დაამტკიცა, ჩვენ მართლები ვიყავით, როდესაც გვჯეროდა, რომ წამყვანი დასავლელი პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოღვაწეები სამხრეთ აფრიკაში ღარიბი, დევნილი, გამოყენებული და განადგურებული მოსახლეობის გვერდით დასადგომად გადალახავდნენ ყველა რეალურად არსებულ და გამოგონილ შეზღუდვებს. მისი სიკვდილის შემდეგ იმედის ნაპერწკალი ჩაქრა. ჩვენი რეგიონის, კონტინენტის და სამყაროს თანამედროვე და მომავალი თაობებიც ყოველთვის შეაქებენ ულოფ პალმეს, როგორც ადამიანს, რომელიც წარმოადგენდა დიდ თავის ტკივილს იმ რეაქციული ძალებისთვის, რომლებიც წარმოადგენდნენ საშინელ და დამათრგუნებელ ძველ წესრიგს.”

ულოფ პალმე

პალმე და ე.წ. შვედური მოდელი

თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პალმე წინააღმდეგობაში მოდიოდა სახლშიც არსებულ გამჯდარ ინტერესებთან – იგი შვედური სოციალურ-დემოკრატიული ღირებულებების საუკეთესო ტრადიციებისადმი ერთგული იყო. მისი თანამდებობაზე ყოფნისას, მან გამოავლინა ერთგულება კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებისადმი; კერძოდ, იგი იცავდა ეკონომიკას იმით, რომ სადღაც სამუშაო ძალის 70-80% გაერთიანებული იყო პროფკავშირებში და სახელმწიფო ფლობდა ეკონომიკის ძირითად ნაწილს; საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იყო თითოეული მოქალაქისთვის საბაზისო მოთხოვნილებების და საჭიროებების ხელმისაწვდომობა.

ულოფ პალმეს წინამორბედი, ტაგე ერლანდერი, რომელიც 23 წლის განმავლობაში შეუსვენებლად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, შეხედულებების და მიუხედავად იყო მშვიდი და საზრიანი ადამიანი; მეტიც, ორთოდოქსი მარქსისტი და ჭეშმარიტი სოციალისტი. 1974 წელს მას ჰკითხეს თუ რა იყო თუ რა მომავალი ელოდა და იდეა იდგა ნაციონალიზაციისა და წარმოების კონტროლის მიღმა. მან უპასუხა, რომ „გადასახადების გზით კაპიტალისტური ეკონომიკიდან წარმოების სადღაც 50% იქნა ამოღებული. თუ ჩვენ შევძლებთ ამ წილის 60-70-80% გაზრდას, მაშინ ჩვენი კეთილდღეობის სახელმწიფო დაემსგავსება სოციალიზმის რაღაც ფორმას.

ულოფ პალმე და ტაგე ერლანდერი

სწორედ რომ ამ სახის ეკონომიკას აშენებდნენ მემარცხენეები. 1932 წელს შვედეთის სოციალურ-დემოკრატიულმა მოძრაობამ ე.წ. დიდი დეპრესიის ფონზე გაიმარჯვა არჩევნებში იმ დაპირებით, რომ ხელმისაწვდომს გახდიდა სრულ დასაქმებას და შესთავაზებდა მოსახლეობას ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას. ერნსტ ვიგფორსი, რომელიც შემდეგში ფინანსთა მინისტრი გახდა, თავს დაესხა მემარჯვენე მეტოქეებს რიტორიკული შეკითხვით „გაგვაჩნია მუშაობის უფლება თუ არა?“; მეტიც, განაცხადა, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპის (ინგ. laissez-faire – გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ საკითხებში მინიმალურ და/ან სრულად ჩაურევლობას, რასაც დღეს საბაზრო ეკონომიკას უწოდებენ) მიმდევრები აკნინებდნენ ქვეყნის განვითარებას იმით, რომ თვისობრივად ქადაგებდნენ მუშებისთვის უმუშევრობას და სიღარიბეს.

1932 წლიდან 1990 წლებამდე სოციალ-დემოკრატებისთვის სრული დასაქმება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტი. ცნობისთვის, უმუშევრობის დონე არასდროს ასულა 2-3% -ზე მაღლა ამ პერიოდში. კეთილდღეობის სახელმწიფოს გაფართოება იყო სტრატეგია, რომლის საშუალებითაც მიიღწეოდა სოციალიზმი; ამ მიდგომაში, სახელმწიფო სექტორის მიზანი იყო კაპიტალისტური წარმოების სისტემიდან გამოსვლა ისე, რომ გაგრძელებულიყო მოგებაზე ორიენტირებული პრინციპის შენარჩუნება.

ამ პოლიტიკურ თაობას, რომელმაც შექმნა რეფორმისტული სტრატეგიები, გააჩნდა ერთი საერთო რამ: დემოკრატიულ-სოციალისტური შეხედულებებისადმი ღრმა ერთგულება. პალმე და მისი წინამორბედი პოლიტიკოსები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მსოფლიოში უძლიერესი სოციალურ-დემოკრატიული პარტია, იყვნენ რეფორმისტები, რადგან მათ სურდათ კაპიტალისტური საზოგადოების შეცვლა. ზრდადი რეფორმების მიღმა იდგა დემოკრატიული სოციალიზმის აღმშენებლობის იდეა; ამ იდეის მიღწევა კი შესაძლებელი იყო სოციალურ-დემოკრატიული ღირებულებების მეშვეობით, მათ შორის და განსაკუთრებით, სიმდიდრის თანაბარი გადანაწილებით, დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესით და სიტყვის თავისუფლების დაცვით.

თუ პალმეს მკვლელობას ამ კუთხით მივუდგებით, ეს პოლიტიკურ მკვლელობად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან გააჩნდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზეგავლენა. როდესაც მან სვევიოგენის ქუჩა გადაკვეთა სტოკჰოლმში,1986 წლის 28 თებერვლის 23:17-ზე, იგი იყო იმ პარტიის ლიდერი, რომელიც დაუპირისპირდა პრივატიზაციის იდეას კეთილდღეობის სისტემის ფარგლებში და 1985 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა; მეტიც, შემოიტანა ე.წ. კერძო კომპანიებში შემოსავლის/მოგების მიმღების ფონდი [wage-earner funds – კერძო კომპანიის მოგების დაბეგვრა და მიღებული სახსრებით ამავე და/ან სხვა შვედური კომპანიების წილების შესყიდვა, რომ ორგანიზაცია ნელ-ნელა გადავიდეს კოლექტიურ მფლობელობაში ანუ სახელმწიფოს საკუთრებაში], ეწინააღმდეგებოდა ევროპული ეკონომიკურ თემში/გაერთიანებაში წევრობას [რედ. უწინ ინგ. the European Economic Community (EEC), დღეისთვის იგივე ევროკავშირი], ემხრობოდა საგარეო პოლიტიკაში ნეიტრალიტეტისა და მიუმხრობლობის პოლიტიკას; და ბოლოს, იპოვა გზა იმისთვის, რომ მომხდარიყო საჯარო სექტორის სუბსიდირების გზით ნახევარ ეკონომიკაზე განვრცობა, ანუ შემოღებულ იქნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი გადასახადები. ის სოციალ-დემოკრატია, რომელიც აღმოცენდა ულოფ პალმეს მკვლელობისთანავე შვედეთსა და მის მიღმა არანაირ კავშირში ზემოთხსენებულთან უკვე აღარ იყო.

პალმეს შემდეგ

1980 წელს შვედეთი სავარაუდოდ მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეგალიტარული კაპიტალისტური სახელმწიფო იყო. პალმეს მმართველობისას წინა ათწლეულების მომხდარ ძვრებს ხელისუფლებამ უპასუხა ახალი სოციალურ-დემოკრატიული პოლიტიკით: საყოველთაო საბავშვო მზრუნველობით, პენსიონერებისა და მცირეწლოვანი ბავშვების მქონე მშობლების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფით, თითოეულ ბავშვზე შესაბამისი ფულადი ჯილდოს დაწესებით და საყოველთაო უფასო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, მათ შორის, აბორტის შემთხვევაში.

თუმცა, OECD-ის [ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია] თანახმად, დღეისთვის შვედეთი მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულის ზრდის კუთხით მოწინავე სახელმწიფოდ არის ჩათვლილი. სოციოლოგ გორან ტერბორნის წიგნის „კაპიტალიზმი, ძლევამოსილნი და ჩვენ დანარჩენნი“ (Capitalism, the Powerful and the Rest of Us)-ს თანახმად, კეთილდღეობის და სიმდიდრის გადანაწილების კუთხით შვედეთი მსოფლიოში ნაკლებად ეგალიტარულ სახელმწიფოთა სიაში შედის და უთანასწორდება ისეთ ქვეყნების, როგორიც არის ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ამერიკის შეერთებული შტატები.

1980-იან წლებში ეკონომიკიდან შემოსავლის დაბეგვრის პროცენტი გაიზარდა და აჭარბებდა 50%-ს. დღეისთვის, ეს არის 43%-ი ანუ სახეზეა 2000 წელთან შედარებით მთლიანი ეროვნული შემოსავლის 7%-იანი კლება; ანუ, საზოგადოებრივ სიკეთეებზე წელიწადში 240 მილიარდი შვედური კრონით (20 მლრდ ფუნტით) ნაკლები იხარჯება.

ათწლეულების განმავლობაში შვედეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკა ეყრდნობოდა სრული დასაქმების ხედვას. 1990 წელს ეს მიდგომა შეიცვალა და მთავარი ყურადღება გამახვილდა დაბალ ინფლაციაზე. ეს ნაბიჯი იყო განპირობებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით, მაგრამ ამასთანავე, ასეთი ხედვა ათწლეულების მანძილზე იყო მხარდაჭერილი და განვითარებული ადგილობრივი მემარჯვენეებისა და მათი ეკონომიკური მრჩევლების მიერ. აქცენტების ცვლილებისას, უმუშევრობის დონე არცერთხელ ჩამოვარდნილა 6-8%-ზე დაბლა; რიცხვი, რომელიც სამჯერ აღემატება აქამდე არსებულ მონაცემებს.

ბოლო წლებში ჩვენ აგრეთვე გავხდით შეუკავებელი ნეოლიბერალური რევოლუციის მოწმენი, რომელიც წახალისებული იყო კერძო საკუთრებაში მყოფი მოგებაზე ორიენტირებული და ამასთანავე საჯარო სახსრებით დაფინანსებული სკოლების აღმოცენებით; დაწესებულებების, რომლებსაც თავის დროზე მხარს უჭერდა მილტონ ფრიდმანი. ეს სწორედ ის სკოლებია, რომლებსაც ე.წ. ”ჩიკაგოს ბიჭები” იყენებდნენ პინოჩეტის დროინდელ ჩილეში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად; თუმცა, იქაც კი, საბოლოო ჯამში, მოხდა მათი ჩამოშლა. დღეისთვის შვედეთში ყოველი მეხუთე ბავშვი დადის ასეთ კერძო სკოლაში, სადაც მათში აღრმავებენ უკვე გამოცხადებულ რასობრივ და კლასობრივ დაყოფას. უკვე რამდენიმე წელია, რაც ჯანდაცვის სისტემაში უსახსრობის გამო ბობოქრობს კრიზისი, რომელიც აგრეთვე გამყარებულია კერძო ჰოსპიტალური სექტორის აღმშენებლობის სფეროში არსებული ჩავარდნებით.

2018 წლის შემდეგ, შვედეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება იყო, იძულებული გახდა დაედო ზავი ცენტრისტულ პარტიებთან; შესაბამისად, დასთანხმდა ნეოლიბერალურ პროგრამის ისეთ საკითხებს, როგორიც არის მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის გადასახადის შემცირება, დასაქმების ცენტრების პრივატიზაცია და გასაქირავებლად გამზადებული უძრავი ქონების სფეროში რეგულაციების მოხსნა.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ზავის დადების შემდეგ სოციალ-დემოკრატების რეიტინგის დონე ამომრჩევლებში მერყეობს 22-23%-ის ფარგლებში, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე მხარდაჭერა, რომელიც გააჩნია ქვეყნის ყველაზე დიდ მემარჯვენე-ექსტრემისტულ პარტიას – ”შვედ დემოკრატებს”.

პოლიტიკურად სწორ სიტყვებს თუ შევარჩევთ, რაღაც დაემართა ულოფ პალმეს პარტიასა და მის ქვეყანას. მისი მკვლელობიდან 34-ე წლისთავზე სოციალ-დემოკრატია იმყოფება ეგზისტენციალურ საფრთხეში. ზემოთ მოყვანილმა პარადიგმის ცვლილებამ განაპირობა ათწლეულების მანძილზე უკუსვლა და ამას ჯერ-ჯერობით ბოლო არ უჩანს.

მემკვიდრეობა

მისი ხსოვნის დღეებში თქვენ შეიძლება გაიგონოთ სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსების მხრიდან სინანულის სიტყვები იმის შესახებ, თუ როგორ გაფერმკრთალდა და დაიკარგა პალმეს პოლიტიკური მიღწევები. თუმცა, დღევანდელმა პარტიამ თვისებრივად გაანადგურა ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა. ასეთ სიცარიელეში, პალმე სწრაფად გახდა უბრალოდ ისტორიის ნაწილი.

ულოფ პალმე არ იყო მესია. ბევრი პოლიტიკოსის მსგავსად მასაც ჩაუდენია შეცდომები. მისი იდეები ხშირად თანხვედრაში არ მოდიოდნენ ცივი ომის დასრულების რეალობასთან და იმ მოცემულობასთან, რომ ახალ ერაში კაპიტალი აღარ ექვემდებარებოდა ერ-სახელწმიფოებს. თუმცა, პალმეს მკვლელობას გლობალური დატვირთვა გააჩნდა – დასრულდა რადიკალური, რეფორმისტული სოციალ-დემოკრატია, რომელსაც ჰქონდა კაპიტალისტური სისტემის მიღმა არსებული მსოფლიოს ხედვა და ახსოვდა საუკუნეების განმავლობაში იმპერიალიზმის მიერ ჩადენილი დანაშაული. პალმეს სიკვდილმა აგრეთვე მოკლა ეს პოლიტიკა.

გარდაცვლილი პოლიტიკოსის მემკვიდრეობა არ იქნა ჩანაცვლებული ახალი სოციალ-დემოკრატიული იდეებით; პირიქით, მოხდა ევროპის ცენტრისტულ-მემარცხენე პარტიების მიერ ნეოლიბერალიზმისადმი, მისი ეკონომიკური პოლიტიკისადმი მისადაგება. 1986 წლის შემდეგ სოციალ-დემოკრატიამ ვერანაირი საზოგადოებაზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა ვერ შვა; ნებისმიერ შემთხვევაში არა ისეთი, რომელიც კითხვის ქვეშ დააყენებდა ბიზნესს ელიტების მხრიდან წარმოების პროცესზე არსებულ მარწუხებს. ე.წ. კერძო კომპანიებში შემოსავლის/მოგების მიმღების ფონდი, რომელიც დაარსდა 1982 წელს გაუქმებულ იქნა 1991-94 წლებში მემარჯვენე მთავრობის მიერ ზედმეტი ხმაურის გარეშე.

პალმეს მოშორების შემდეგ სოციალ-დემოკრატიის მძლავრმა და კარგად ორგანიზებულმა მეტოქეებმა უფრო დამჯერი და თანამშრომლობაზე ორიენტირებული ოპონენტები გაიჩინეს. სოციალ-დემოკრატია, როგორც მდგრადი პოლიტიკური ხედვა ჩამოიშალა. დღეისთვის იგი ჩამოშორდა საუკუნის განმავლობაში დამოუკიდებელ მოაზროვნეების ინტელექტუალურ მემკვიდრეობას; განსაკუთრებით კი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის აქსელ დანიელსონის (ინგ. Axel Danielson) ხედვას, რომ მათ „უნდა გაევლოთ ხაზი საკუთარ თავსა და სხვებს შორის.“ დღეისთვის სოციალ-დემოკრატები წარმოადგენენ მორიგ, რიგით ჯგროს.

პარტიის ოფიციალური ხაზის თანახმად, პალმეს მკვლელობის მიზეზი იყო პიროვნული ზიზღი. თუმცა, ამ ზიზღის წარმოშობის შესწავლა არის საჭირო. უდავოა, რომ პიროვნული თვისებებით პალმე მართლაც, რომ გამომწვევი იყო, განსაკუთრებით მეტოქეებთან კამათისას. მაგრამ, საბოლოო ჯამში, სწორედ რომ მისი პოლიტიკური გზავნილი იდგა პიროვნული მიუღებლობისა და ზიზღის მიღმა. პალმე გახდა სამიზნე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალიან არ მოსწონდათ ის, თუ რის მიღწევა შეეძლო გადასახადების გაზრდის და დემოკრატიის გზით დაპირისპირებაზე ორიენტირებულ, აგრესიულ, თამამ და თავდაჯერებულ მშრომელთა მოძრაობას.

მსგავსი პოლიტიკის გარეშე ზიზღს ადგილი ვერ ექნებოდა. პალმესადმი მიუღებლობა არ იყო ერთ პროვოკაციაზე ორიენტირებული მოკამათე პოლიტიკოსისადმი მიუღებლობა, რომელმაც საკუთარ შედარებით მაღალ წარმომავლობას უღალატა; ეს იყო ერთი დაგეგმილი მიზანმიმართული კამპანია ადამიანის წინააღმდეგ, რომლის პოლიტიკა ემუქრებოდა გამჯდარ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ინტერესებს.

ე.წ. შვედურმა მოდელმა იმედი მისცა მსოფლიოს მემარცხენეებს. ძლიერმა პროფკავშირებმა, დახვეწილმა კეთილდღეობის სახელმწიფომ და გენდერულმა თანასწორობამ შვედეთი სამაგალითო სახელმწიფოდ გადააქციეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბერნი სანდერსი ხშირად იშველიებს სწორედ რომ ე.წ. ნორდიკულ სახელმწიფოებში არსებულ კეთილდღეობის მოდელს, მათში არსებულ უფასო ჯანდაცვასა და საუნივერსიტეტო განათლებას, როგორც სამგზავრო რუკას.

პალმეს დაკრძალვა

სამწუხაროდ დღეს შვედეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტია საპირისპირო მიმართულებით მიდის. მისმა საერთაშორისო ოფიცერმა/წარმომადგენელმა, რომელმაც ახლახან მოინახულა ამერიკა, სანდერსს ზედმეტად „რადიკალი“ უწოდა. უკეთესია შეეკრა მილიარდერებს. დღეისთვის, პალმეს პოლიტიკური პარტიისთვის პიტ ბუტიგეგი [რედ. ამერიკელი დემოკრატი პოლიტიკოსი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მინისტრი/თავმჯდომარე] უფრო შთამაგონებელია. თუმცა, მილიონობით შვედი სოციალისტისთვის სწორედ რომ სანდერსი არის სამაგალითო პიროვნება და ხატი. მისი დებატებში გამოსვლები, დებატების წაქეზება და სიტყვით გამოსვლები აქტიურად ვრცელდება სოციალურ მედიაში, როგორც რიგითი, ასევე პოპულარული ადამიანების მიერ. მისი თამამი გამოსვლები ”დემოკრატიული სოციალიზმის’’ შესახებ დღემდე იპყრობს სოციალ-დემოკრატების გულებს; იპყრობს თითოეული იმ ადამიანის გულს, რომელიც ჯერ კიდევ ოცნებობს მსოფლიოს შეცვლაზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე.

28.02.2020 | დანიელ სუჰონენი | Tribune