დასავლური ტერორიზმი: ჰიროსიმადან დრონებამდე

დასავლური კოლონიალიზმის სისხლიანი მემკვიდრეობა

2013 წელს 2 ამერიკელმა ინტელექტუალმა, ნოამ ჩომსკიმ და ანდრე ვლჩეკმა გამოაქვეყნეს საინტერესო და ინფორმატიული ნაშრომი დასავლურ ტერორიზმზე ”On Western Terrorism: From Hiroshima to Drone Warfare”. წიგნს დიალოგის სახე აქვს, სადაც ავტორები მიმოიხილავენ დასავლეთის მიერ ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულებს, პროპაგანდის მეთოდებს, იმპერიალიზმის გამოვლინებებს და სხვა თანმდევ ფაქტორებს. წარმოგიდგენთ ამ წიგნის ვრცელ შესავალს ქართულ ენაზე.

ანდრე ვლჩეკი

II მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთის კოლონიალური და ნეოკოლონიალური პოლიტიკის შედეგად დედამიწაზე სადღაც 50-იდან 55 მილიონამდე ადამიანი დაუღუპა. ამ შედარებით მოკლე დროის მონაკვეთში კაცობრიობის ისტორიაში ადგილი ჰქონდა ყველაზე დიდ ჟლეტვას. წესისამებრ, ეს ხდებოდა მაღალფარდოვანი ღირებულებების სახელით, როგორიც არის თავისუფლება და დემოკრატია. სულ რამდენიმე ევროპული ერი და ძალაუფლებაში მყოფი ევროპული წარმოშობის მქონე ადამიანები იცავდნენ დასავლურ ინტერესებს; იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებსაც ”მნიშვნელობა” ჰქონდათ დედამიწის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ხარჯზე. მილიონების ჟლეტვა იყო აღქმული, როგორც გარდაუვალი და გამართლებული; და დასავლეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გამაოგნებელ უცოდინრობაში იმყოფებოდა.

მ 55 მილიონ ადამიანთან ერთად, რომლებიც დასავლეთის მიერ წამოწყებულ ომებს პირდაპირ ემსხვერპლნენ, დამატებით ასობით მილიონი ადამიანი დაიღუპა ირიბად იგივე დასავლეთის მიერ წაქეზებული გადატრიალებების და კონფლიქტების შედეგად; ისინი დაიღუპნენ სრულ საცოდაობაში, მდუმარედ. და ასეთ გლობალურ მოცემულობას დასავლეთში იშვიათად თუ ვინმე უძალიანდება; მეტიც, მსოფლიოს დაპყრობილ ნაწილშიც კი მას არ გააჩნია რაიმე წინააღმდეგობა. მსოფლიო რა, გაგიჟდა?

სამწუხაროდ, დასავლეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების სია გრძელია. როდესაც კოლუმბი ეწვია დასავლეთ ნახევარსფეროს, იქ ცხოვრობდა ვაჭრობის, ქალაქების და სხვა მახასიათებლების მქონე 80-დან 100 მილიონამდე განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენელი. მალევე ამავე მოსახლეობის 95 % გაუჩინარდა. იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ეწოდება ბინადრობდა სავარაუდოდ 10 მილიონი ადგილობრივი ინდიელი ამერიკელი; თუმცა, 1900 წლის საყოველთაო აღრიცხვის თანახმად, მხოლოდ 200 000 დარჩა. ეს ყველაფერი კი უგულვებელყოფილია. ანგლო-ამერიკული სამყაროს წამყვან ინტელექტუალურ, მემარცხენე-ლიბერალურ გაზეთებსა და ჟურნალებში ეს უბრალოდ უარყოფილია. ყოველდღიურად და რაიმე კომენტარის გარეშე.

სამედიცინო ჟურნალ ”ლანცეტის” თანახმად, ყოველწლიურად ექვსი მილიონი ბავშვი იღუპება ელემენტალური სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო; მომსახურების, რომლის მიწოდებაც ფაქტიურად არ არის რაიმე ხარჯებთან დაკავშირებული. ეს ნაცნობი რიცხვებია. ცუდი კვება და მარტივად სამკურნალო დაავადებები სამხრეთ აფრიკაში ყოველ დღიურად 8000 ბავშვის გარდაცვალების მიზეზად გვევლინებიან: ეს რუანდის დონეა, მაგრამ საუბარი მიდის თითოეულ დღეზე; მარტივად დასრულებად მოვლენაზე.

და ჩვენ ვუახლოვდებით საკითხს, რომელიც შეიძლება იყოს უდიდესი გენოციდი – გარემოს განადგურება. ეს საკითხი კი იშვიათად თუ არის მსჯელობის საგანი; მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატები ამ მიმართულებით უკან იხევს. დღეისთვის ქვეყანა სრულ ეიფორიაშია, რომელიც დაკავშირებულია ენერგოდამოუკიდებლობასთან. იგი შესაძლოა გარანტირებული იყოს ამერიკისთვის წიაღისეული საწვავის ამოტუმბვის განვითარებული ტექნოლოგიის მეშვეობით შემდეგი ასი წლის განმავლობაში. ენერგოდამოუკიდებლობა კი შესაძლებელს გახდის მომავალ საუკუნეში ქვეყნის ჰეგემონობის შენარჩუნებას, საუდის არაბეთად ჩამოყალიბებას და ა.შ. პრეზიდენტმა ობამამ ისაუბრა ამაზე დიდი ენთუზიაზმით მოსახლეობისადმი მიძღვნილ გამოსვლაში 2012 წელს. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამის შესახებ ძალიან საინტერესო და გამამხნევებელ სტატიებში სხვადასხვა დონის და სახის პრესაში. აგრეთვე, შეიძლება წააწყდეთ რაიმე მცირერიცხოვან ნარკვევებს ამ ტექნოლოგიის ბუნებაზე ზეგავლენის კუთხით, კერძოდ, რომ იგი ანადგურებს წყლის მარაგებს, დიდ ზიანს აყენებს ეკოლოგიას და ა.შ. თუმცა, ამის მიღმა ფაქტიურად არაფერია დაწერილი იმაზე, თუ როგორი იქნება სამყარო ასი წლის შემდეგ, თუ ჩვენ სწორედ რომ ამ პოლიტიკით ვიხელმძღვანელებთ. თემა არ არის განხილული. ეს კიდევ ფუნდამენტური პრობლემაა. პრობლემა, რომელიც განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ საზოგადოებებში, რომლებშიც არ არის გათვალისწინებული ის, რასაც ჩვენ გარე ფაქტორებს (externalities) ვუწოდებთ. საკითხები, რომლებიც არ არიან რაიმე კონკრეტული ტრანზაქციის ნაწილი, თუმცა სხვებზე ზეგავლენას ახდენენ; და ეს არარის გათვალისწინებული.

ანდრე ვლჩეკი

მე ოკეანიაში რამდენიმე სახელმწიფოს გაქრობის მოწმე ვარ. სამოაში ვცხოვრობდი და რეგიონში ბევრი ვიმოგზაურე. რამდენიმე სახელმწიფო, როგორიც არის ტუვალუ, კირიბატი და კიდევ მარშალის კუნძულები უკვე ფიქრობენ საკუთარი მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციის შესახებ. ოკეანიაში უკვე არსებობს დაუსახლებელი კუნძულები და ატოლები [რედ. მრგვალი ფორმის კუნძულები], ისევე როგორც მალდივებზე და სხვაგანაც. კირიბატი შესაძლოა გახდეს პირველი სახელმწიფო, რომელიც გაქრება. მასმედიის თანახმად, ეს სახელმწიფოები იძირებიან. სინამდვილეში ისინი არ იძირებიან, არამედ მოქცევასთან დაკავშირებული ტალღებით ნადგურდებიან; კერძოდ, ფუჭდება საჭმელი და ბინძურდება წყალი. შესაბამისად, ეს კუნძულები იცლებიან მოსახლეობისგან, რადგან სრულად დამოკიდებულები არიან საჭმლიდან დაწყებული სასმელი წყლით დამთავრებული – იმპორტზე.

საინტერესოა, რომ ტუვალუზე მუშაობის პერიოდში მე არ მინახავს იქ უცხოური პრესა. ვნახე იაპონური ჯგუფი, რომელიც რაღაც უაზრობას იღებდა – ე.წ. საპნის ოპერას ფუნაფუტის ატოლზე. მე კიდევ ამ დროს ვფიქრობდი: ეს არის ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მყოფი სახელმწიფო, რომელიც შეიძლება პირველი გაქრეს დედამიწის ზურგიდან, რადგან ზღვის დონე იწევს, მაგრამ ამას არავინ აშუქებს!

ნოამ ჩომსკი

ჯორჯ ორუელს ამისთვის ჰქონდა ტერმინი „არაადამიანები“ (ინგ. unpeople). სამყარო დაყოფილია ადამიანებზე, რომლებიც ჩვენ გვგვანან და არაადამიანებზე – უმნიშვნელო ადამიანებზე. ორუელი საუბრობდა მომავალ ტოტალიტარულ საზოგადოებაზე, თუმცა ეს შეფასება ჩვენთვისაც შესაბამისია. არის ერთი კარგი ახალგაზრდა ბრიტანელი დიპლომატიის ისტორიკოსი მარკ კურტისი (ინგ. Mark Curtis), რომელიც იყენებს ამ ტერმინს საკუთარ კვლევაში, რომელიც ეხება ბრიტანეთის იმპერიის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში მძარცველობას. ჩვენ არ გვანაღვლებს ასეთი ადამიანების ბედი.

პარალელებია გავლებული ე.წ. ანგლოსფეროში (ინგლისის განშტოებები: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია) მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ეს სახელმწიფოები წარმოადგენენ უჩვეულო იმპერიალისტურ საზოგადოებებს, რადგან ისინი უბრალოდ კი არ ბატონობდნენ ადგილობრივებზე, არამედ ანადგურებდნენ მათ. მათ დაიპყრეს ადგილობრივების მიწები და დასახლებები, და ძირითადად, მოკლეს იქ მცხოვრები მოსახლეობა. თუმცა, ჩვენ მათზე არ ვფიქრობთ. ჩვენ არ ვკითხულობთ თუ რა ბედი გაიზიარეს წარსულში. სინამდვილეში, ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავთ.

ანდრე ვლჩეკი

ისტორიულად ასეთი ბედი გაიზიარა თითოეულმა ევროპულმა კოლონიამ მსოფლიოს ყველა კუთხეში, რომელიც იმართებოდა ევროპული კოლონიალური იმპერიების მიერ. პირველი საკონცენტრაციო ბანაკები აშენებული იყო არა ფაშისტური გერმანიის მიერ, არამედ ბრიტანეთის იმპერიის ხელით – კენიასა და სამხრეთ აფრიკაში. და, რა თქმა უნდა, ჰოლოკოსტი, რომელიც განახორციელებს გერმანელებმა ევროპელი ებრაელებისა და ბოშების წინააღმდეგ არ იყო პირველი გერმანული ჰოლოკოსტი; ისინი იყვნენ საშინელი ჟლეტვის მონაწილენი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილშიც. მაგ მომენტისთვის გერმანიამ უკვე ფაქტიურად ამოწყვიტა ნამიბიაში ჰერეროს ტომი. ეს ფაქტები იშვიათად თუ განიხილება ამ ქვეყანაში, ისევე, როგორც მთელ ევროპაში. ამ დანაშაულის მიღმა არანაირი საჭიროება და ლოგიკა არ იდგა; ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობისადმი ჩვეულებრივ და სრულფასოვან ზიზღს.

დიდი ბრიტანელების საკონცენტრაციო ბანაკი კენიაში

თუმცა, თუ ყურს დავუგდებთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში ძალიან ბევრი ევროპელის ჩივილს, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ზოგადად რაციონალური, ფილოსოფიური და მშვიდობისმყოფელი გერმანია ასე გაგიჟდა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მიყენებული ეკონომიკური შეურაცხყოფის გამო; მეტიც, რომ არავინ ელოდა ესოდენ კეთილი ერისგან ასეთ აგრესიას. თუმცა, ამ მოსაზრებას შეიძლება დავეთანხმოთ, თუ დავუშვებთ, რომ ჰერეროს მოსახლეობა, სამოელები და მაპუხე ინდიელები არ იყვნენ ადამიანები; თუ დავივიწყებთ გერმანიის კოლონიალურ ისტორიას დანარჩენ აფრიკაში.

ნოამ ჩომსკი

ჰოლოკოსტის პერიოდშიც კი ბოშებს ისევე ეპყრობოდნენ, როგორც ებრაელებს. თუმცა, არც ეს ფაქტია ხშირად გაჟღერებული. არც ბოშების დევნა არის აღიარებული ამ დონეზე. მაგალითად, 2010 საფრანგეთის მთავრობამ მიიღო ადგილობრივი ბოშების რუმინეთში გაძევების გადაწყვეტილება, რამაც ისინი სიღატაკესა და ტერორში ჩააგდო. შეგიძლიათ ამის წარმოდგენა იმ ებრაელების მიმართ, რომლებიც გადაურჩნენ ჰოლოკოსტს? რომ მომხდარიყო მათი გაძევება იქ, სადაც კვლავ წამება და ტერორი ელოდათ? ადგილობრივი საზოგადოება აფეთქდებოდა. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა!

თანამედროვე ჩეხეთის რესპუბლიკაში კედლები იყო აშენებული ბოშებისგან თავის დასაღწევად. მეტიც, სულ რამდენიმე ათწლეულის წინ ისინი ქალაქის ცენტრებში მათთვის გეტოებს აშენებდნენ. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ როგორ შევიდნენ თანამშრომლობაში ჩეხები ფაშისტურ გერმანიასთან 1930-40-იან წლებში და ეხმარებოდნენ ბოშების ალყაში მოქცევაში. რა თქმა უნდა, 1990-იან წლებში ჩეხები დასავლეთის მეგობრების სიაში შევიდნენ, შესაბამისად ხელშეუხებლები გახდნენ ადგილობრივი მასმედიისთვის. ჩეხეთის მიერ ბოშების მიმართ პოლიტიკა ბევრად ძალადობრივია, ვიდრე მუგაბეს მიერ ზიმბაბვეში თეთრკანიანი ფერმერებისადმი დამოკიდებულება.

თუმცა, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ კოლონიალიზმს, ისეთი შეგრძნებაა, რომ იგი არ დასრულებულა მეორე მსოფლიო ომთან ერთად ანუ 1950-60-იან წლებში. და რაც უფრო მეტს ვმოგზაურობ მსოფლიოს ე.წ. მარგინალურ ნაწილში, მით უფრო ვრწმუნდები, რომ კოლონიალიზმმა კიდევ უფრო გაიდგა ფეხი დახვეწილი პროპაგანდის მეშვეობით; უკეთესი ცოდნით, თუ როგორ უნდა მოეპყრო ადგილობრივ მოსახლეობას. ეს უფრო საშინელია, რადგან ადრე არსებობდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული მტერი, იქნებოდა ეს კოლონიალური ჯარი ან ადმინისტრაცია; ახლა კიდევ ადგილობრივებს სულ უფროდაუფრო უჭირთ სწორი დასკვნების გაკეთება, მოვლენების შეფასება და მტრის აღმოცენება.

ნოამ ჩომსკი

ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული იქნა ჩადენილი ბოლო წლების განმავლობაში აღმოსავლეთ კონგოში. სავარაუდოდ, სამიდან ხუთ მილიონამდე ადამიანი იქნა მოკლული. თუმცა, ვინ დავადანაშაულოთ? რა თქმა უნდა, სამხედროები. მაგრამ მათ უკან დგანან უხილავი მულტინაციონალური კორპორაციები და მთავრობები.

ანდრე ვლტჩეკი

ახლა მე ვამთავრებ მუშაობას დოკუმენტურ ფილმზე რუანდის გამბიტი. მის გადასაღებად სამ წელიწადზე მეტი დავხარჯე. რიცხვები კიდევ უფრო დიდია, ვიდრე თქვენ ახსენეთ: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ექვსიდან ათ მილიონამდე ადამიანი იყო მოკლული. იმდენივე, რამდენიც ემსხვერპლა მეოცე საუკუნის დასაწყისში ბელგიელი მეფის ლეოპოლდ მე-2-ს პოლიტიკას. რა თქმა უნდა, თქვენ მართალი ხართ მტკიცებაში, რომ რუანდის, უგანდის და მათი დამქაშების მიერ არიან მოკლულნი უდანაშაულო ადამიანები, თუმცა მათ უკან ყოველთვის დგას დასავლეთის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები.

ნოამ ჩომსკი

თქვენ ვერ ხედავთ მულტინაციონალურ კორპორაციებს, რომლებიც იყენებენ სამხედროებს უდანაშაულო ადამიანების მოსაკლავად და ამ გზით კოლტანის (რომელსაც დასავლეთი იყენებს ტელეფონებში, ან სხვა მნიშვნელოვანი მინერალის) მისაღებად. ეს არის ირიბი მაგალითი, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი. თუმცა, ზოგიერთი დანაშაული არის ღია და პირდაპირი. მაგალითად, ვიეტნამი, რომელიც წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე დიდ დანაშაულს. 2011 წელს შესრულდა 50 წელი მას შემდეგ, რაც ჯონ კენედიმ ომის დაწყების ბრძანებას მოაწერა ხელი. წესისამებრ, ასეთი თარიღები გულმოდგინედ აღინიშნება, განსაკუთრებით, თუ საკითხი ეხება მძიმე დანაშაულებს. თუმცა, ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სრულ სიჩუმეს. 1961 წლის ნოემბერში კენედიმ გააგზავნა აშშ-ს საჰაერო ძალები სამხრეთ ვიეტნამის დასაბომბად. მან ნაპალმის და ქიმიური იარაღის გამოყენების ნებართვა გასცა, რომ მომხდარიყო საკვების და მიწის საფარის განადგურება; მეტიც, წამოიწყო პროგრამა, რომელმაც მილიონები საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსა ან ე.წ. ქალაქური ტიპის ღარიბ უბნებში.

ქიმიური ომის შედეგები დღემდე იგრძნობა. თუ ჩვენ ვეწვევით საიგონის საავადმყოფოებს – თქვენ შესაძლოა ისინი ნანახი გაქვთ – შეიძლება კიდევ ნახოთ დამახინჯებული ემბრიონები; ბავშვები, რომლებსაც გააჩნიათ უამრავი უხილავი თუ ხილული ფიზიკური სიმახინჯე, რაც სწორედ რომ ამ საწამლავით სამხრეთ ვიეტნამის მიწის გაჟღენთვით იყო და არის განპირობებული. თუმცა ახლა, როდესაც რამდენიმე თაობა უკვე შეიცვალა, აღარავინ დარდობს ამ საკითხზე.

იგივე შეიძლება ითქვას ლაოსზე და კამბოჯაზე. თქვენ ძალიან ბევრს გაიგებთ იმის შესახებ, თუ რა საშინელება იყო პოლ პოტის რეჟიმი. ამასთანავე, არაფერს გაიგებთ იმ მიზეზების შესახებ, რამაც განაპირობა ასეთი წესრიგის დამყარება. 1970-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა გადაბომბეს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწები ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის დროს წყნარ ოკეანეში. ისინი მისდევდნენ ჰენრი კისინჯერის ბრძანებას კამბოჯის მასობრივი დაბომბვის შესახებ: „ყველაფერი, რაც დაფრინავს ყველაფრის წინააღმდეგ, რაც მოძრაობს“. მე ვგულისხმობ, რომ ეს იყო გენოციდისკენ მოწოდება, რაზეც თქვენ უწინ ისაუბრეთ. რთული იქნება ამაზე რაიმე საარქივო მასალების მოძიება. თუმცა, ეს იყო მოკლედ აღნიშნული New York Times-ში ერთი წინადადებით და მორჩა. დაბომბვის მასშტაბის შესახებ არასდროს დაწერილა სადმე, გარდა სამეცნიერო ჟურნალებისა ან მარგინალურ წყაროებში. ეს არის მილიონობით ადამიანის მკვლელობა და ოთხი სახელმწიფოს განადგურება, რომლებმაც ვერ შეძლეს აღდგენა. ამ ქვეყნების ადგილობრივი მოსახლეობა საქმის კურსშია, მაგრამ არ იცის რა უყოს მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას.

აკადემიური თარგმანის ავტორი: არჩილ სიხარულიძე