როგორ შეუძლია ამერიკას პოსტსაბჭოთა ქვეყნების შეცვლა?

უილიამ კორტნი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში და ყაზახეთში.

1991 წელს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ 15 ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო სხვადასხვა გზით წავიდა. ზოგიერთმა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროგრესს მიაღწია, ზოგის საქმეები ძალიან ცუდად მიდის, ზოგში კი ვითარება არაერთგვაროვანია.

მათ ყველას დასავლეთი განვითარებაში და მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრირებაში ეხმარებოდა, წარმატებებმა დაგვანახა, რომ ეს სრულიად შესაძლებელია. ამიტომაც დასავლეთს რეფორმების ხელშეწყობა ყველაზე ცალმხრივად განვითარებული ქვეყნებშიც კი შეუძლია.

რატომ აღმოჩნდა 15 ქვეყნის გზა ესოდენ განსხვავებული? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ბალტიისპირეთის ქვეყნები 1940 წლამდე დამოუკიდებლები იყვნენ და მათ თვითორგანიზების ტრადიციები გააჩნდათ. კომუნისტური წყობის გრძელვადიანი შედეგები განვითარებას აფერხებენ. ცენტრალური აზია სსრკ-ს დაშლის პერიოდშიც საკმაოდ ჩამორჩენილი იყო. ნავთობდილარები სიმდიდრეს უზრუნველყოფენ. ევროპასთან ახლოს მყოფმა ქვეყნებმა მეტ წარმატებას მიაღწია.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შესახებ საკმაოდ დეტალური ინფორმაციის მიღება საერთაშორისო რეიტინგებიდანაა შესაძლებელი.


საუკეთესო შედეგები ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ – ესტონეთს, ლიტვას და ლატვიას. მათ სწრაფი და ეფექტური რეფორმები ეკონომიკაში, პოლიტიკაში და სოციალურ სფეროში გაატარეს. ამან ისინი საბოლოო ჯამში ევროკავშირამდე მიიყვანა.

ყველაზე წარუმატებლები ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი არიან – ისინი ყველაზე ნაკლებად დემოკრატიულები და ყველაზე მეტად კორუმპირებულები არიან. ყირგიზეთში მეტი პოლიტიკური თავისუფლებებია, ხოლო უზბეკეთში დაწყებული რეფორმები გარკვეულ პერსპექტივებს ხსნის.

ყველაზე არათანაბარი განვითარება შუაში მყოფ ქვეყნებს  საქართველოს, უკრაინას, სომხეთს და მოლდოვას ახასიათებს. იქ მეტი დემოკრატიული თავისუფლებებია, თუმცა, მათი მშპ ბალტიის ქვეყნების მაჩვენებლის მესამედია.

უკეთესი მართვის და მეტი თავისუფლების კონვერტირებას ეკონომიკურ ზრდაში ისინი ჯერ ვერ ახერხებენ.

ყაზახეთი და რუსეთი საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების სიაში შედიან, ხოლო აზერბაიჯანს და თურქმენეთს არაკონკურენტუნარიანი ეკონომიკის გამო მხოლოდ ნავთობისა და გაზის ვაჭრობით მიღებული შემოსავლით დაკმაყოფილება უწევთ.

ბელარუსის მაჩვენებლები ცალმხრივია იმ კუთხით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალი სახელმწიფოა ყოფილ სსრკ-ში,  თუმცა მას კარგი შედეგები აქვს ეკონომიკურ ზრდაში, ადამიანურ კაპიტალში და კორუფციასთან ბრძოლაში.

პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის პოლიტიკური და სამხედრო ძალისხმევა ძირითად რუსეთისკენ და უკრაინისკენაა მიმართული, მაგრამ განვითარების მხრივ დასავლეთი მეტ შედეგებს მიიღებს, თუ ყურადღებას განვითარებად ქვეყნებს მიაქცევს, განსაკუთრებით იმათ, ვინც რეფორმებს ახორციელებს.

პირველ რიგის მიზნებია ბელარუსში და ყაზახეთში პოლიტიკური თავისუფლებების გაძლიერება, ეკონომიკური რეფორმები უკრაინაში და ყირგიზეთში, კანონის უზენაესობა საქართველოსა და უკრაინაში.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად რჩება. ამერიკის და ევროპის ხელშეწყობით ისინი ცხოვრების დონის გაზრდას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას შეძლებენ, დასავლეთისთვის კი მომგებიანი მათი სტაბილურობა, უსაფრთხოება და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები იქნება.

უილიამ კორტნი

წყარო: nationalinterest.org