როგორ შეუწყო ისრაელმა ხელი ”ჰამასის” ჩამოყალიბებას

2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინურმა ორგანიზაცია ”ჰამასმა” ისრაელის მიმართულებით ტერორისტული შეტევა განახორციელა და ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა და კიდევ 200-მდე ადამიანი ტყვედ აიყვანა. ”ჰამასი” არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს. ბევრი მკითხველისთვის უცნობი იქნება, რომ თვით ისრაელმა შეუწყო ხელი ამ მოძრაობის შექმნას.

რა იცით ჰამასის შესახებ?

თუმცა, იცოდით, რომ ჰამასი, რომელიც არის „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“-ს [რედ. “Islamic Resistance Movement”] არაბული აკრონიმი, დღეს არც კი იარსებებდა, რომ არა ებრაული სახელმწიფო?! სწორედ რომ ისრაელმა 1970-იანი წლების მიწურულს გადააქცია პალესტინელ ისლამისტთა მცირეოდენი განდეგილი ჯგუფი მსოფლიოში ერთ-ერთვე ყველაზე ცნობად გასამხედროებულ დაჯგუფებად?!

ეს არ არის შეთქმულების თეორია. შეგვიძლია მოვიყვანოთ ისრაელის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მოსაზრებები. მაგალითად, ბრიგადის გადამდგარმა გენერალმა იცჰაკ სეგევმა [რედ. Yitzhak Segev], რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისში ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორის სამხედრო მეთაური იყო, New York Times-ს მოგვიანებით განუცხადა, რომ ის ფინანსურად ეხმარებოდა პალესტინის ისლამისტურ მოძრაობას. ეს კეთდებოდა ამავე პერიოდში სეკულარისტებისა [რედ. the secularists – რელიგიის სახელმწიფოსგან გამიჯვნა] და მემარცხენე მოძრაობების საწინააღმდეგოდ. მაგალითად, პალესტინის გამანთავისუფლებელი მოძრაობისა [რედ. the Palestine Liberation Organization] და „ფატჰის“ პარტიის [რედ. the Fatah party] წინააღმდეგ. ამავე პარტიის ლიდერი იასირ არაფატი [რედ. Yasser Arafat] პირდაპირ უწოდებდა ჰამასს „ისრაელის გამოგონება“-ს.

„ისრაელის მთავრობამ გამომიყო სახსრები,“ – აღიარა ბრიგადის გადამდგარმა გენერალმა – „ხოლო სამხედრო მთავრობამ ეს სახსრები გადასცა შესაბამის მეჩეთებს“.

ავნერ ქოჰენმა [რედ. Avner Cohen], რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში ისრაელის რელიგიის საკითხთა სააგენტოს სახელით ღაზის სექტორში მუშაობდა, განუცხადა Wall Street Journal-ს 2009 წელს, რომ „ჩემ და სამწუხაროდ, ჰამასი არის ისრაელის ქმნილება“. უნდა აღინიშნოს, რომ მან ჯერ კიდევ 1980-იანი წლების შუალედში ოფიციალურად მიმართა ზემდგომ პირებს და გააფრთხილა არ გამოეყენებინათ ოკუპირებულ მიწებზე ე.წ. გაყავი და იბატონეს წესი; ანუ, არ დაეჭირათ მხარი პალესტინელი ისლამისტებისთვის პალესტინელი სეკულარისტების წინააღმდეგ. მისი თქმით: „მე შევთავაზე გვეპოვა ამ ურჩხულის დაშლის გზები, რომ თავიდან აგვერიდებინა მომავალში სავალალო შედეგები“.

ისრაელის მთავრობამ არ შეისმინა და შედეგად მივიღეთ დღევანდელი ”ჰამასი.” მეტი სიცხადისთვის: ისრაელმა მნიშვნელოვანი წილი შეიტანა პალესტინური პოლიტიკური ისლამის სამხედრო ღერძის ჩამოყალიბებაში, რაც გამოისახა ”ჰამასისა” და მისი წინამორბედის მუსლიმთა საძმოს [რედ. Muslim Brotherhood] სახით. შემდეგში კი, ამავე ისრაელმა შეცვალა მიდგომა და შეეცადა საკუთარი ქმნილების დაბომბვა, ალყაში მოქცევა და განადგურება.

წინა ათწლეულში ისრაელმა უკვე სამჯერ გამოუცხადა ომი ჰამასს – 2009, 2012 და 2014 წლებში, რასაც ღაზის სექტორში მოჰყვა სადღაც 2,500 უდანაშაულო პალესტინელის სიკვდილი. ჰამასმა კი თავის მხრივ უფრო მეტი ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პალესტინურმა სეკულარულმა სამხედრო დაჯგუფებამ. ეს არის გაუკუღმართებულობის ადამიანური საფასური [რედ. human cost].

„როდესაც მოვლენების განვითარების თანმიმდევრობაზე ვფიქრობ, ვრწმუნდები, რომ ჩვენ შეცდომა დავუშვით“ – განაცხადა დავით ხახამმა, რომელსაც ღაზის სექტორში 1980-იან წლებში ისრაელის სამხედრო უწყებაში არაბულ ურთიერთობათა ექსპერტის თანამდებობა ეკავა. „თუმცა იმ დროს, არავინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა“ – დასძინა მან.

ბენკსის ნამუშავარი ღაზაში

Leave a comment