ჯონ მირშაიმერი – რატომ არის დასავლეთი მთავარი დამშანავე უკრაინულ კრიზისში

პოლიტიკის მეცნიერს სჯერა, რომ ნატო-ს გაუაზრებელმა გაფართოებამ წაახალისა რუსეთი

უდავოა, რომ ვლადიმერ პუტინი ზემოთხსენებული ომის გამჩაღებელია და დამნაშავეა იმაში, თუ როგორ მიმდინარებოს იგი. ამასთანავე, გამომწვევ მიზეზებზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. დასავლეთში გავრცელებული აზრის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა დაკარგა საღად აზროვნების უნარი; ის რეალობას მოწყვეტილი მოძალადეა, რომელმაც მიზნად დაისახა  წარსულში ჩაბარებულ საბჭოთა კავშირზე დაყრდნობით, შექმნას ახალი, დიდებული რუსეთი [რედ. „greater Russia“]. შედეგად, სწორედ ის არის უკრაინის კრიზისში სრულად და ცალსახად პასუხისმგებელი პირი.

თუმცა, ეს თხრობა არის მცდარი. სწორედ რომ დასავლეთი და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებია პრინციპულად დამნაშავე ამ დაპირისპირებაში, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვალში დაიწყო. ახლა იგი სახეცვლილი ომად მოგვევლინა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას ემუქრება განადგურებით, არამედ  შეიძლება გახდეს რუსეთისა და ნატო-ს შორის ბირთვული დაპირისპირების წინაპირობა.

სინამდვილეში უკრაინის ირგვლივ დაპირისპირება დაიწყო 2008 წლის აპრილში ნატო-ს ბუქარესტის სამიტისას, როდესაც ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციის წახალისებით, სამხედრო ერთობამ  კიევს და თბილისს დაპირება მისცა, რომ ისინი „შემოუერთდებოდნენ“ ბლოკს. რუსეთის ლიდერთა მხრიდან  გამოითქვა მძაფრი აღშფოთება. ეს დაპირება აღქმულ იქნა, როგორც სახელმწიფოს წინაშე არსებული სასიცოცხლო გამოწვევა. მოსკოვი გულწრფელად დაპირდა, რომ არ დაუშვებდა მოვლენების ასეთ განვითარებას. ცნობილი რუსი ჟურნალისტის თანახმად, ბატონი პუტინი „გამწარდა“ და გააფრთხილა, რომ „თუ უკრაინა შეუერთდება ნატო-ს, ეს მოხდება ყირიმისა და აღმოსავლეთ რეგიონების გარეშე. ის უბრალოდ დაიშლება“. თუმცა, ამერიკამ თვალი დახუჭა ამაზე და გააგრძელა უკრაინის სახით რუსეთის საზღვარზე დასავლური ციხე-სიმაგრის [რედ. “Western bulwark”] ჩამოყალიბება. ამ სტრატეგიის ფარგლებში დამატებით ორი მიზანი დაისახეს: უკრაინის ევროკავშირთან დაახლოება და მისგან პრო-ამერიკული დემოკრატიის შექმნა.

ნატოს ბუქარესტის სამიტი, 2008 წლის 3 აპრილი

აღნიშნულმა, საბოლოო ჯამში, გამოიწვია უშუალო დაპირისპირება 2014 წლის თებერვალში; და ამერიკის მიერ მხარდაჭერილი აჯანყების შემდეგ, პრო-რუსულად განწყობილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, იძულებული გახდა გაქცეულიყო ქვეყნიდან. საპასუხოდ, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, დონბასში წააქეზა სამოქალაქო ომი.

შემდეგი, მნიშვნელოვანი დაპირისპირება, მოხდა 2021 წლის დეკემბერში, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა დღევანდელობამდე. სინამდვილეში კიევი დე ფაქტო [რედ. ოფიციალურად არა, თუმცა შინაარსობრივად – დიახ] ხდებოდა ნატო-ს წევრი. პროცესი დაიწყო 2017 წლის დეკემბერში, როდესაც დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა კიევისთვის „თავდაცვითი შეიარაღების“ მიყიდვა. რთული სათქმელია, თუ რა იგულისხმებოდა „თავდაცვითში“, თუმცა ნათელია, რომ მოსკოვისთვის და მისი მოკავშირეებისთვის დონბასში ეს შეიარაღება „თავდასხმითი“ იყო. სამხედრო გაერთიანების სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთნენ პროცესში. დაიწყეს უკრაინისთვის შეიარაღების მიყიდვა, ქვეყნის სამხედრო გაერთიანებების მომზადება და ნება დართეს უკრაინელ სამხედროებს მონაწილეობა მიეღოთ საერთო საჰაერო და სახმელეთო წვრთნებში. 2021 წლის ივლისში უკრაინამ და აშშ-მ უმასპინძლეს შავ ზღვაში დიდ საზღვაო წვრთნებს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 32 ქვეყნის მეზღვაურები. ოპერაციამ „ზღვის სიო“ [რედ. Sea Breeze] ლამის აიძულა რუსეთი თავს დასხმოდა ბრინატულ საზღვაო გამანადგურებელს, რომელმაც მიზანმიმართულად შეცურა მოსკოვის მიერ საკუთარ ტერიტორიულ წყლებად აღქმულ მონაკვეთში.

უკრაინასა და აშშ-ს შორის კავშირების გაღრმავება ბაიდენის ადმინისტრაციისას გაგრძელდა. ზოგადად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაძლიერების სულისკვეთება კარგად არის ასახული მნიშვნელოვან საბუთში „აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია“ [რედ. “US-Ukraine Charter on Strategic Partnership”], რომელსაც ხელი მოეწერა ნოემბერში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მიერ. მიზანი იყო „ხაზი გაესვა უკრაინის მიერ გაცემულ დაპირებას განახორციელოს ყველა საჭირო საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი რეფორმა, რომ მოხდეს მისი ევროპულ და ჩრდილოეთ-ატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულფასოვანი გაწევრიანება“. ეს საბუთი ეყრდნობა „ზელენსკისა და ბაიდენის მიერ გაცემულ დაპირებებს, მოახდინონ უკრაინა-აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირეობის გაღრმავება“. აგრეთვე, სახელმწიფოები გამოთქვამენ მზაობას იხელმძღვანელონ „2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციით“ [რედ. რომ კიევი და თბილისი გახდებოდნენ ნატო-ს წევრები].

მოსკოვისთვის ეს იყო  მიუღებელი, პასუხი კი, მყისიერი. მან დაიწყო საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების უკრაინის საზღვარზე მობილიზება, ხოლო ვაშინგტონს შეატყობინა გამოწვევის მოგვარების გზების ძიებისადმი მზაობა. ამ ნაბიჯებმა შედეგი ვერ გამოიღეს, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციამ გააგრძელა უკრაინასთან დაახლოების პოლიტიკა. შედეგად, დეკემბერში რუსეთმა გამოაცხადა დიპლომატიური ულტიმატუმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ღიად განაცხადა, რომ „მათ მიაღწიეს დუღილის წერტილს“.

მოსკოვმა მოითხოვა წერილობითი დაპირება, რომ უკრაინა ვერასდროს გახდებოდა ნატო-ს წევრი სახელმწიფო, ხოლო სამხედრო გაერთიანება უკან წაიღებდა ყველა სამხედრო შეიარაღებას, რომელიც მან განათავსა აღმოსავლეთ ევროპაში 1997 წლის შემდეგ. სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებები ჩაიშალა და ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ განაცხადა: „ცვლილებებს არ აქვს ადგილი. ცვლილებებს ადგილი არ ექნება“. ერთ თვეში ბატონი პუტინის ბრძანებით, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რომ გაენადგურებინა ის გამოწვევები, რომლებსაც  მისი აზრით, ნატო ქმნიდა.

მოვლენების ასეთი შეფასება სრულ დაპირისპირებაშია დასავლეთში ჩამოყალიბებულ მანტრასთან [რედ. ღთაებრივი, წმინდა ლოცვა; ჩვენს შემთხვევაში, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და უცვლელი მოსაზრება], რადგან იგი არ განიხილავს ნატო-ს გაფართოებას, როგორც უკრაინული კრიზისის შემადგენელ ნაწილს. მისთვის სწორედ რომ ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის „გაფართოების“ სურვილი არის ომის გამომწვევი ერთადერთი წინაპირობა. ნატო-ს მიერ რუსეთის ლიდერისთვის ახლახანს გადაცემულ საბუთში ვკითხულობთ: „ნატო არის თავდაცვითი გაერთიანება, რომელიც არ წარმოადგენს რუსეთისთვის საფრთხეს.“ საინტერესოა, რომ არსებული სამხილი ამ მტკიცებულებას უგულვებელჰყოფს. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ საქმე იმაში კი არ არის, თუ როგორ აღიქვამენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები, არამედ იმაში, თუ როგორ აღიქვამს სამხედრო გაერთიანების ნაბიჯებს უშუალოდ მოსკოვი.

ნათელია, რომ ბატონი პუტინისთვის ცნობილია, თუ რა ფასი დაუჯდება და რაოდენ რთული იქნება რუსეთისთვის აღმოსავლეთ ევროპაში დიდი ტერიტორიების დაპყრობა და მართვა. მან ერთხელ განაცხადა: „ვისაც არ ენატრება საბჭოთა კავშირი არ გააჩნია გული. ვისაც სურს მისი დაბრუნება არ გააჩნია ტვინი“. იმის და მიუხედავად, რომ ბატონ პუტინს მაინც სჯერა რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კავშირის, მას ესმის, რომ მეზობელი სახელმწიფოს მთლიანად გადაყლაპვა იქნება მისი ქვეყნისთვის ძნელად „მონელებადი“. მეტიც, რუსეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მათ შორის ვლადიმერ პუტინს, დიდად არ გამოუთქვამთ მოსაზრება, რომ საბჭოთა კავშირის აღსადგენად ან დიდი რუსეთის შესაქმნელად სურდათ ახალი ტერიტორიების დაპყრობა. პირიქით, ისინი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ აქტიურად აცხადებდნენ, რომ განიხილავდნენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც სასიცოცხლო გამოწვევას, რომლის ჩაშლაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. როგორც ბატონმა ლავროვმა განაცხადა იანვარში: „ყველაფრის გასაღები არის ნატო-ს მიერ გაცემული პირობა, რომ ის არ გაფართოვდება აღმოსავლეთით“.

ცნობისთვის, დასავლელი ლიდერები 2014 წლამდე იშვიათად თუ აღიქვამდნენ რუსეთს, როგორც სამხედრო საფრთხეს. აშშ-ს რუსეთში ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის [რედ. Michael McFaul] განცხადებით, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსია არ იყო წლების განმავლობაში დაგეგმარების შედეგი. ეს იყო რეაქცია გადატრიალებაზე, რის შედეგადაც მოხდა უკრაინის პრო-რუსული სახელმწიფო ხელმძღვანელის დამხობა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ ამბებამდე ნატო-ს გაფართოების მიზანი იყო გადაექცია ევროპა მშვიდობის ერთ დიდ სივრცედ და არა სახიფათო რუსეთის შეკავება. თუმცა, როგორც კი ეს დაპირისპირება დაიწყო, ვერც ევროპელმა და ვერც ამერიკელმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ვერ შეძლეს აღიარება იმის, რომ ომის დაწყების მიზეზი სწორედ რომ მათ მიერ წახალისებული და მხარდაჭერილი უკრაინის დასავლეთში გაწევრიანება გახდა. მათი მტკიცებით, კრიზისი დაიწყო რუსეთის რევანშისტული [რედ. არსებული ვითარების საკუთარი თავის სასარგებლოდ მოქცევის სურვილი] ბუნების გამო; მისი სურვილის, რომ ან ემართა ან დაეპყრო უკრაინა.

უნდა შევაჯამო და ვთქვა, რომ ვიმყოფებით ძალიან სახიფათო ვითარებაში, რომელსაც მხოლოდ აუარესებს დასავლეთის პოლიტიკა. რუსეთის ლიდერებისთვის უკრაინაში არსებულ მოვლენებს არაფერი კავშირი აქვთ მათი იმპერიალისტური მიზნების ჩამოშლასთან. მათთვის ეს არის პრობლემა, რომელიც წარმოადგენს სასიცოცხლო გამოწვევას და უკავშირდება რუსეთის მომავალს. ბატონმა პუტინმა შესაძლოა საკმარისად კარგად ვერ შეაფასა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები, უკრაინის წინააღმდეგობის უნარი და დასავლეთის მიერ განხორციელებული პასუხის წონა, ზომა და სისწრაფე; თუმცა, არავის უნდა დაავიწყდეს, თუ რა სასტიკნი შეიძლება იყვნენ დიდი სახელწმიფოები, როდესაც მათ წინაშე უდიდესი გამოწვევა დგას. ამასთანავე, ამერიკა და მისი მოკავშირეები მხოლოდ აძლიერებენ ზეწოლას, აქვთ რა იმედი, რომ შეძლებენ პუტინისთვის სამარცხვინო მარცხის მიყენებას და შესაძლოა მისი ხელისუფლებიდან მოშორებასაც კი. ისინი ზრდიან უკრაინისთვის დახმარებას და ამასთანავე ეკონომიკური სანქციებით ცდილობენ რუსეთის სასტიკ დასჯას, რაც პუტინისთვის უდრის „ომის ღიად გამოცხადებას“.

ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა შეიძლება არ მისცენ რუსეთს უკრაინაში გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა, თუმცა სახელმწიფო იქნება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუ არა დაშლილი. მეტიც, არსებობს კონფლიქტის უკრაინის მიღმა გაფართოების შესაძლებლობა. სავარაუდო ბირთვულ ომზე უკვე ვისაუბრეთ. თუ დასავლეთი შეძლებს მოსკოვის სამხედრო ველზე დამარცხებას, მისთვის უდიდესი ეკონომიკური ზარალის მიყენებას – ეს გულისხმობს დიდი სახელმწიფოს კუთხეში მიყენებას. ამ შემთხვევაში ბატონმა პუტინმა შეიძლება  მიმართოს ბირთვულ შეიარაღებას.

დღეისთვის შეუძლებელია განვჭვრიტოთ თუ რა სახის ზავით დასრულდება ომი. ამის და მიუხედავად, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავუღრმავდეთ ომის გამომწვევ ნამდვილ მიზეზებს. სხვა შემთხვევაში უკრაინის განადგურება და ნატო-რუსეთს შორის პირდაპირ საომარი მოქმედებები გარდაუვალია.

ჯონ მირშაიმერი არის ჩიკაგოს უნივერსიტეტის რ. ვენდელ ჰარისონის პოლიტიკის მეცნიერების წარჩინებული პროფესორი, ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და ”პოლიტიკური რეალიზმის” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა ”The Economist”-ში, 2022 წლის მარტში.

მთარგმნელი არჩილ სიხარულიძე

Leave a comment