«ყირიმის პლატფრომა», ზელენსკი და საქართველო

ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა და პროამერიკული მარიონეტული ადმინისტრაციის მყისიერი დამხობა თალიბების მიერ, ყველაფერთან ერთად, ნიშნავს იმას, რომ აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკან დაიხია და არსებითად შეასუსტა „ანაკონდას“ სტრატეგიის განხორციელება, რომელიც, რუსეთის საზღვრებს გარშემო „სანიტარული კორდონის“ შექმნის საშუალებით, ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, რუსეთის „გაგუდვას“ ანუ მის გრძელვადიან იზოლაციასა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ აუტსაიდერად გადაქცევას ისახავს მიზნად. ამიერიდან აშშ-მ იძულებით ამოიკვეთა ფეხი შუა აზიიდან.

ვაშინგტონში აცნობიერებენ, რომ რუსეთი იოლად ასაღები ბასტიონი არ არის და მასთან ბრძოლის გამწვავება არ ღირს. ეს ეხება არა მარტო შუა აზიის რეგიონს, არამედ შავი ზღვის რეგიონსაც, მათ შორის, ყირიმს. ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში აღმოსავლეთ ევროპის რუსოფობიულ რეჟიმებს დიდი მოლოდინები ჰქონდათ იმისა, რომ ბაიდენი გაამწვავებდა ვითარებას დონბასში და რუსეთს შეერკინებოდა კიდეც, თუმცა ვაშინგტონში გონიერებამ გაიმარჯვა და ამერიკა არ წავიდა  ვითარების გამწვავებაზე.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე არ დაძაბა “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის გაზსადენის მშენებლობის საკითხი რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში, უკრაინის გვერდის ავლით. ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ აშშ უკრაინის გამო რუსეთთან ისედაც გართულებული ურთიერთობის კიდევ გაუარესებას არ აპირებს.

ამ კონტექსტს, როგორც ჩანს, ჯეროვნად ვერ აცნობიერებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და ჯიუტად განაგრძობს უპერსპექტივო მცდელობებს, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გააძლიეროს, კერძოდ, ვითარება დაძაბოს ახლა უკვე ყირიმის საკითხის გარშემო. რა თქმა უნდა, ზელენსკის ამ საკითხში მოკავშირეები ამერიკაშიც ჰყავს, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, აშშ პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას არ აქვთ ხალისი, რუსეთს შეეჯახონ.  ზელენსკისთვის ყირიმის საკითხი უფრო საკუთარი მოქალაქეების ყურადღების გადატანაა საშინაო პრობლემებიდან რუსეთთან კონფრონტაციაზე, უკრაინის პოპულისტი პრეზიდენტი, რომელიც ვერა და ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფო მოღვაწედ, ცდილობს, რუსეთისთვის პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შიდაპოლიტიკური ქულები ჩაიწეროს და თან თავისი მყვირალა რუსოფობი მეზობლების – პოლონეთის, ლატვა-ლიტვიისა და ესტონეთის ხელისუფალთა გულები მოიგოს.

გამომდინარე თავისი უპასუხისმგებლობიდან და რეალობასთან შეუფერებელი ამბიციებიდან, ზელენსკიმ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ გამოაცხადა ე. წ. „ყირიმის პლატფორმის“ – საერთაშორისო პლატფორმის შექმნის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდირებას ყირიმის დეოკუპაციის მისაღწევად. 23 აგვისტოს უკრაინაში შედგა ამ პლატფორმის დამფუძნებელი სამიტი, უცხოური დელეგაციების მონაწილეობით. უკრაინის პრეზიდენტის მეხოტბე პროპაგანდისტები აქცენტს უცხოელი დელეგატების რაოდენობაზე აკეთებენ. უკრაინული ოფიციოზის ინფორმაციით, 22 აგვისტოს მდგომარეობით, სამიტზე ელიან 44 საზღვარგარეთელ პარტნიორს, აქედან უმაღლესი რანგით, პრეზიდენტების დონეზე წარმოდგენილნი იქნებიან ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, მოლდოვა, სლოვენია, ფინეთი და ასევე ევროსაბჭო. პრემიერ-მინისტრების დონეზე წარმოდგენილები არიან რუმინეთი, საქართველო, ხორვატია, შვედეთი. სამიტს ასევე დაესწრება ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი შარლ მიშელი. ამ სამიტზე მონაწილე ქვეყნების უმრავლესობამ შედარებით დაბალი რანგის პოლიტიკოსები მიავლინა უკრაინაში, საგარეო საქმეთა მინისტრები და ელჩები.

«ყირიმის პლატფრომის» მონაწილეები კიევში, 2021 წ. 23 აგვისტო

სამიტი არ არის ისეთი წარმომადგენლობითი, როგორც ეს ზელენსკის სურდა. და, მართლაც, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი მთელმა მსოფლიომ ბუნდოვან პროექტს, რომელშიც მონაწილეობა დიდი ალბათობით გამოიწვევს რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებას? რეალპოლიტიკის პრინციპების გათვალისწინებით ვის შეიძლება აძლევდეს ეს ხელს, თავად ზელენსკის გარდა? როგორც თვითონ განაწყენებულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ტელეარხ ”უკრაინასთან” აღნიშნა ინტერვიუში, რომ ბევრი დასავლელი ლიდერი არ ჩავიდა კიევში, იმიტომ რომ მათ რუსეთის ეშინიათ.

მან ასევე დასძინა, რომ:

”ჩვენ ყველა ევროპელი ლიდერი დავპატიჟეთ. მათ რუსეთის ეშინიათ. ეს სიმართლეა, ევროპას რუსეთის ეშინია”

ვლადიმერ ზელენსკი

ნათქვამი დასტურდება იმით, რომ ამ ღონისძიებას არ ესწრებიან წამყვანი ევროპული ქვეყნების ლიდერები (გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი) საინტერესოა ასევე აშშ-ის მხრიდან დაგეგმილი დელეგაციის შემადგენლობაც. როგორც თეთრი სახლის ვებგვერდის მეშვეობით გახდა ცნობილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე ვაშინგტონი წარმოდგენილი იქნება ენერგეტიკის მინისტრის, ჯენიფერ გრენჰოლმის ხელმძღვანელობით. ეს გადაწყვეტილება ბოლო წამს იქნა მიღებული, იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი ტრანსპორტის მინისტრი იქნებოდა. იქნება ეს ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის მინისტრი, არცერთი ამ ჩინოვნიკის თანამდებობა არ უკავშირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ეს უფრო მეტად შეიძლება აშშ-ის ენერგეტიკულ ინტერესებს უკავშირდებოდეს უკრაინაში, მაგრამ ყველას კარგად ესმის რომ ენერგეტიკის მინისტრი არ არის ის პოლიტიკოსი, ვინც აშშ-ში საგარეო პოლიტიკურ დისკურსს განსაზღვრავს.

სამიტზე მონაწილეობას თავი ასევე აარიდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ყირიმის „რუსულ სტატუსს“. თურქეთის ლიდერის მონაწილეობა არც კიევის მიერ 1944 წელს დეპორტირებული ყირიმელი თათრების საკითხის დემაგოგიური წინ წამოწევით მოხერხდა – სამიტს ყირიმელი მომღერალი ქალი „ჯამალა“ გახსნის სიმღერით „1944“. დიდი კითხვის ქვეშ არის თურქეთის საგარეო მინისტრ ჩავუშოღლუს მონაწილეობაც.

გერმანიის ჯერ  კიდევ მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი პუტნთან გამართული აუდიენციის შემდეგ 22 აგვისტოს კიევში ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. იგი მოწვეული იყო „ყირიმის პლატფორმაზეც“, მაგრამ მერკელმა 23 აგვისტოს გასამართ სამიტზე დასწრებაზე უარი განაცხადა. გერმანია, ისევე როგორც საფრანგეთი და სხვა დასავლეთევროპული სახელმწიფოები, მიზანშეუწონლად მიირჩნევენ აქამდე არსებული მოლაპარაკებების ფორმატების დუბლირებას . ისინი საკითხს ასე უდგებიან – რა საჭიროა „ყირიმის პლატფორმა“, თუკი ყირიმის საკითხი ისედაც განიხილება გაეროში, ევროსაბჭოში და ა. შ.?

ასე რომ, ზელენსკის სამიტში ძირითად მონაწილეებად ყბადაღებული „დიპკორპუსი“ რჩება – კიევში აკრედიტებული უცხოელი ელჩები. ისინი იქნებიან მონაწილეთა „მასა“. ძნელი სათქმელია, აცნობიერებს თუ არა ზელენსკი, რომ მან „ყირიმის პლატფორმის“ შექმნის მცდელობით საქმე უფრო გაიფუჭა, ვიდრე რამეს მიაღწია, მაგრამ მას ეს გაცნობიერებულიც რომ ჰქონდეს, ახლა უკან ვეღარ დაიხევს – იმხელა მასშტაბის ფინანსური, დიპლომატიური, საინფორმაციო ღონისძიებებია უკვე გატარებული ამ პროექტის განსახორციელებლად.

წამყვანი სახელმწიფოებისა და პოლიტიკოსების ნაკლებობის დეფიციტის შევსებას სამიტზე კიევი ისეთი სახელმწიფოების ხარჯზე ცდილობს, რომლებსაც რაიმე განსაკუთრებული ინტერესი შავი ზღვის რეგიონისა და, კერძოდ, უკრაინის მიმართ, არ გააჩნიათ. ეს ქვეყნები ასევე არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას მსოფლიოს დღის წესრიგსა და გეოპოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა ვინაიდან ახლა კიევისთვის ხარისხი მიუღწეველია, იგი რაოდენობით ცდილობს ფონს გასვლას. ეს არის უკრაინის პოლიტიკისა და პირადად ზელენსკისა და მისი მრჩევლების მარცხი.

ირაკლი ღარიბაშვილი და ვლადიმირ ზელენსკი

საქართველო ფრთხილად უნდა ყოფილიყო, რათა ზელენსკის ხრიკებში არ გარეულიყო, მით უმეტეს, ზელენსკისა და მთელ უკრაინულ ხელისუფლებას საქართველოსთვის არაფერი კარგი არ გაუკეთებიათ. მხარდამჭერი განცხადებები ერთია – ამას საქართველოც არ აკლებს უკრაინას, მაგრამ რეალური საქმეებით უნდა იზომებოდეს მეგობრობა. რეალური საქმეებით თუ ვიმსეჯელებთ, ამჟამინდელმა და მისმა წინამორებდმა უკრაინულმა მთავრობამ, ჯერ პოროშენკოს, ხოლო შემდეგ ზელენსკის თაოსნობით პოლიტიკურ გვამად ქცეული მიხეილ სააკაშვილის და მისი კრიმინალური ნაციონალური მოძრაობის რეინიმაციას ცდა არა დააკლო. საქართველოს ყველა მოქალაქე ნათლად ხედავს, რომ ზელენსკი ხელს აფარებს ოდიოზურ სააკაშვილს, რომლის მიმართ ქართველ სამართალდამცველებს და, უფრო მეტად, ქართულ საზოგადოებას, უამრავი კითხვა დაუგროვდათ. ზელენსკი და მისი ხელისუფლება პატივს არ სცემენ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ლეგიტიმური სტრუქტურების სურვილს. რას უნდა მოველოდოთ ასეთი „მეგობარსგან“ ძნელი სათქმელია, ამას დრო გვიჩვენებს.

საქართველოს ფორმალურად შეეძლო აღნიშნულ ღონისძიებაზე საგარეო საქმეთა მინისტრი მიევლინა, როგორც ეს ბევრმა ქვეყანამ გააკეთა, მაგრამ ქვეყნის პირველი პირის მონაწილეობა დიპლომატიურად სხვა გზავნის შემცველია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს «ყირიმის პლატფრომის» სამიტის მონაწილეებთან მიმართებაში.