პუტინის რუსეთი მემარცხენეობის დევნაში

თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური ანალიზისას ზედაპირული განათლების მქონე ლიბერალები ხშირად სვამენ ტოლობის ნიშანს საბჭოთა კავშირს და პუტინის რუსეთს შორის. ეს ცოტა კომიკურადაც კი გამოიყურება, რადგანაც რეალურად ისტორიული წარსულის გარდა თანამედროვე რუსეთს საბჭოთა კავშირთან ძალიან ცოტა რამ თუ აკავშირებს. პუტინის რუსეთი უკიდურესად ანტისოციალისტური, ველური კაპიტალიზმის და ფინანსური ოლიგარქიატის მქონე სახელმწიფოა, შეიძლება ითქვას საბჭოთა კავშირის ერთგვარი ანტიპოდია. ჩვენი დროის რუსეთს საქართველოსთან უფრო მეტი საერთო აქვს თუნდაც, ვიდრე საბჭოთა კავშირთან. საქართველოს და რუსეთს აერთიანებს არასამართლიანი საგადასახადო სისტემა, როდესაც ყველაზე ღარიბები და მდიდრები ეთნაირი საგასახადო განაკვეთით იბეგრებიან, შემოსავლების და ქონების კატასტროფულად არათანაბარი გადანაწილება – ეკონომიკური უთანასწორობის (ჯინი ინდექსის) მიხედვით საქართველო და რუსეთი რეგიონის ლიდერები არიან.

თანამედროვე რუსეთი და საბჭოთა კავშირი განსხვავდება არა მხოლოდ იდეოლოგიურ დონეზე, არამედ გატარებული პოლიტიკების მიხედვით. თუ საბჭოთა კავშირი დასავლეთის რეალური ალტერნატივა იყო სოციალისტური ეკონომიკური მოწყობის კუთხით, თან საკმაოდ მძლავრი, თანამედროვე რუსეთი დასავლური იმპერიალიზმის დანამატია.

ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს ის გარემოება, რომ პუტინის რუსეთში ჭეშმარიტი მემარცხენეობის დევნა სხვადასხა ეგიდით ხდება, რადგანაც ხალხის ხარჯზე, სახელმწიფო ქონების მიტაცებით გამდიდრებული ელიტისთვის ჰუმანური, დემოკრატიული და განმათავისუფლებელი იდეების გავრცელება და ტირაჟირება შეიძლება საფრთხედ იქცეს. კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა, პუტინის ყოფილმა მრჩეველმა – ვლადისლავ სურკოვმა, 2021 წლის ივნისში Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ: ”თავისუფლებით ზედოზირება სახელმწიფოსთვის სასიკვდილოა. ყველაფერი, რაც წამლის როლს ასრულებს, შეიძლება საწამლავიც აღმოჩნდეს. მთელი საქმე დოზირებაშია”

ამიტომაც პუტინის რუსეთში მმართველ პოლიტიკურ კლასს არ სურს მემარცხენე იდეებით მოსახლეობის ”ზედოზირება”. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან 3 სხვადასხვა იერიში ვიხილეთ მემარცხენე სუბიექტების მიმართ და დღევანდელ პუბლიკაციაში ზუსტად ამაზე გვსურს საუბარი.

DOXA

DOXA – რამდენიმე წლის წინ რუსეთში დაფუძნებული სტუდენტური საგნმანათლებლო პორტალია, სადაც თანამედროვე საუნივერსიტეტო პოლიტიკის კრიტიკული განხილვა ხდება და არამხოლოდ. DOXA-ს რედაქცია ღიად აკრიტიკებს რუსულ საგნმანათლებლო სისტემას, სტუდენტების სამოქალაქო გაერთიენებებს ეხმარება და რადიკალური ფილოსოფიის იდეების პოპულარიზაციას ახდენს: მარქსიზმის, ანარქიზმის და ფენიმინიზმის მიმართულებით. DOXA მემარცხენე დისკურსის წარმომადგენელია, გარკვეული ლიბერალური აქცენტით.

აღნიშნული ჟურნალი რუსეთის მასშტაბით ცნობილი გახდა გამოქვეყნებული მასალებით სტუდენტურ სოლიდარობაზე, აკადამიურ თავისუფლებაზე და გენდერულ პრობლემებზე რუსეთის უნივერსიტეტებში.

დაფუძნებიდან 4 წლისთავზე ჟურანალის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, არმენ არამიანმა გამოცემის მთავარი ლოზუნგი გააჟღერა: ”ნაივურობა. სოლიდარობა. პროვოკაცია”. DOXA გამოირჩევა ჰორიზონტალური რედაქციით, იერარქიის არქონით, რაც იმას ნიშნავს რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. გამოცემა მოსკოვის ”ეკონომიკის უმაღლესი სკოლის” (Высшая школа экономики) სტუდენტების ბაზაზე შეიქმნა. რამდენიმე წლის წინ ამ უნივერსიტეტმა მიიღო ეთიკური კოდექსი, რომელიც სტუდენტების და მასწავლებლებს უკრძალავს საკუთარ აფილირებას უნივერსიტეტთან პოლიტიკური თემების განხილვისას. თუმცა DOXA-ს აზრით პოლიტიკა ყველგანაა და მისი გამიჯვნა საუნივერსიტეტო საქმიანობიდან, ისევე როგორც ჩვენი ყოველდღიურობიდან, თითქმის შეუძლებელია.

მათ სპეციალური მაისურები და ჩანთებიც გამოუშვის ამ თემაზე – ”პოლიტიკა ყველგან”

2021 წლის 14 აპრილს, ჟურნალის 4 წლიანი იუბილის აღნიშვნიდან 2 თვეში ჟურნალის 4 რედაქტორის საცხოვრებელ სახლებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, ისინი დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.

გამომძიებლებმა დაკავებულთა ადვოკატებს შეატყობინეს, რომ აღძრული იყო საქმე შემდეგი მუხლით – არასრულწლოვნის ჩართვა ისეთ ქმედებაში, რაც საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის სიცოცხლეს.

როგორც დაკავების შემდეგ გაირკვა, ჩხრეკა და DOXA-ს თანამშრომლების წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება დაკავშირებულია ვიდეორგოლთან, რომელიც DOXA-ს ჟურნალისტებმა 2021 წლის 23 იანვარს გამოაქვეყნეს. მასში ავტორებმა მიმართეს სტუდენტებს და აუხსნეს, რომ უკანონოა სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მუქარა მათი გარიცხვის შესახებ თუ ისინი პოლიტიკურ აქციებში მიიღებენ მონაწილეობას. იანვარში „როსკომნადზორის“ მოთხოვნით აღნიშნული ვიდეო YouTube-იდან წაშალეს.

DOXA-ს რედაქტორების დაკავებიდან მალევე 60-მდე მეცნიერმა მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნიდან რედაქციის მხარდასაჭერი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე რომ საგნმანათლებლო საქმიანობით დაკავებული ჟურნალის თანამშრომლების დაჭერა იმის ნიშანია, რომ რუსეთში კრიტიკული აზროვნების კანონგარეშედ ქცევა სურთ. ამ წერილის ხელმომწერებს შორის არიან სლოვენიელი კულტუროლოგი და ფილოსოფოსი – სლავოი ჟიჟეკი, ამერიკელი ფილოსოფოსი ჯუდით ბატლერი და აკადემიური სფეროს ბევრი წარმომადგენელი.

აღმკვეთი ღონისძიების სახით DOXA-ს აქტივისტებს სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა. 00:00- 23:59 დროის მონაკვეთში მათ სახლის დატოვების უფლება არ აქვთ, ასევე ინტერნეტის და კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებაზეც უარი ეთქვათ.

2021 წლის 16 ივნისს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ DOXA-ს დამფუძნებლებს აღმკვეთი ღონისძიება 14 სექტემრბამდე გაუხანგრძლივა, შესაბამისად ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა მოლოდინის რეჟიმშია. აღსანიშნავია, რომ ჟურნალის რედაქტორები, ალა გუტნიკოვა და არმენ არამიანი დაკითხვებზე თემატური წიგნებით დადიან, რაც პროტესტის კრეატიულ ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ. ერთ-ერთ პირველ დაკითხვაზე არმენმა თან წაიღო ფრანგი ინტელექტუალის, მიშელ ფუკოს წიგნი ”ზედამხედველობა და დასჯა”, იმის შესახებ თუ როგორც ახდენს რეპრესიული სახელმწიფო საკუთარი ძალაუფლების რეალიზებას დასჯის და დისციპლინის მეშვეობით. ალა გუტნიკოვა კი ვალტერ ბენიამინის ესეების კრებულით ხელში დააფიქსირეს ფოტოკამერებმა.

როგორც DOXA-ს რედაქტორები აცხადებენ, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ის წნეხი, რასაც ჟურნალისტური საქმიანობა აწყდება პუტინის რუსეთში უპრეცენდენტოა, მაგრამ DOXA-ს დამფუძნებლები ამის გამო საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებენ.

ოლეგ პლატოშკინი – «ახალი სოციალიზმისთვის»

ოლეგ პლატოშკინი გახლავთ რუსი პოლიტიკოსი, დიპლომატი, პოლიტოლოგი და ისტორიკოსი. მან 2 წლის წინ საზოგადოებრივი მოძარობა დააფუძნა სახელად «ახალი სოციალიზმისთვის». მოძრაობის გაცხადებული მიზანი რუსეთში განახლებული სოციალიზმის აღდგენაა კანონიერი გზით – არჩევნების შედეგად. სტატისტიკური მონაცემებით აღნიშნულ პარტიაში უკვე 80 000-მდეა გაწევრიანებული და ის სიდიდით მე-2 მემარცხენე პარტია გამოდის რუსეთის მასშტაბით რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის შემდეგ.

პლატოშკინის წარსულს თუ გავიხსენებთ 2010-იან წლებში ის ხშირად გამოდიოდა რუსეთის ფედერალურ ტელევიზიებზე, სადაც დასავლეთის და ლიბერალიზმის კრიტიკით გამოირჩეოდა.

პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ ოლეგ პლატოშკინმა საკუთარ მხარდამჭერებს და Youtube არხის გამომწერებს პოლიტიკური პროგრამა წარუდგინა: «ქვეყანა დემოკრატიის უკმარისობისგან იხრჩობა. ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია საკმაოდ სახიფათოა» – აღნიშნავდა ის. რუსეთის გადასარჩენად ყოფილი დიპლომატი შემდეგი ნაბიჯების გადადმას მიიჩნევს საჭიროდ: საპენსიო რეფორმის გაუქმება, უფასო საშუალო და უმაღლესი განათლება, ერთიანი სახელმწიფო გამოცდის გაუქმება, პროგრესული საშემოსავლო გადასახადის დანერგვა, 1991 წელს გაყინული საბანკო ანაბრების კომპენსირება და ა.შ

ასე მაგალითად რუსეთის სახელმწიფო არხების ეთერში პლატოშკინი ღიად დაუპირისპირდა რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ოლიგარქს, 90-იანი წლების რუსეთის პრივატიზაციის ერთ-ერთი ავტორს და ”თავისუფალი ბაზრის” გულმხურვალე ადეპტს, ანატოლი ჩუბაისს. ის ასევე ღიად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას საპენსიო რეფორმის გამო. პლატოშკინის მემარცხენე იდეების მხარდამჭერთა რაოდენობა, ისევე როგორც მისი გამომწერებისა დღითიდღე იზრდებოდა. Youtube-ის ოფიციალურ არხზე მისი გამომწერების რაოდენობამ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მომენტისთვის 477 000-ს ადამიანს შეადგენდა, ხოლო პროცესის დასრულების შემდეგ 617 000-მდე გაიზარდა.

2020 წლის 4 ივნისს ოლეგ პლატოშკინი მოსკოვში დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტმა რუსი პოლიტიკოსი საკუთარ Youtube არხზე არეულობების ორგანიზებაში და კორონავირუსთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც უფრო გამოცხობილ ბრალდებას წააგავდა, ვიდრე რეალურს. მოგვიანებით, მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ მას შინაპატიმრობა შეუფარდა. თითქმის 1 წლის განმავლობაში მას სახლის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, გასეირნების მიზნითაც კი. ამან კი პლატოშკინის ჯანმრთელობის გაურესება გამოიწვია და დაპატიმრებიდან 2 თვეში ის პრეინფარქტული მდგომარეობის გამო საავდმყოფოს რეინიმაციაში მოხვდა. საბედნიეროდ ის გადარჩა. ერთი წლის განმავლობაში საგამოძიებო ჯგუფმა რეკორდულად რაოდენობის მასალა შეაგროვა, რაც 27 ტომს მოიცავდა. 2020 წლის 15 ივნისს Amnesty International-მა პლატოშკინი სინდისის პატიმრად აღიარა.

This image has an empty alt attribute; its file name is kmo_181897_00083_1-1152x768-1.jpg
განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოლეგ პლატოშკინს მისი მხარდამჭერები ეგებებიან

2021 წლი 19 მაისს მოსკოვის გაგარინის რაიონის სასამართლომ პლატოშკინის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 5 წლიანი პირობითი მიესაჯა და 700 ათასი რუსული რუბლის ოდენობის მსხვილი ფულადი ჯარიმა. ის ვერ შეძლებს 2021 წლის 19 სექტემბერს რუსეთში დაგეგმელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მისი სიტყვებით რუსეთის ხელისუფლების მთავარი მიზანი წინასაარჩევნოდ არასახარბიელო კონკურენტების განიტრალებაა, და საკუთარ თავსაც მათ რიცხვს მიაკუთვნებს, ისევე როგორც ალექსეი ნავალნის.

პაველ გრუდინინი

რუსეთის ხელისუფლების მე-3 სამიზნე მემარცხენე ტალღიდან ცნობილი პოლიტიკოსი და მეწარმე პაველ გრუდინინი გახდა. ის 1995 წლიდან «ლენინის სახელობის საბჭოთა მეურნეობის» დირექტორი იყო. ეს საწარმო რუსეთში კენკროვანი ხილის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და ზოგადად გრუდინინმა ეს კომპანია საკმაოდ წარმატებულად აქცია.

2018 წელს მემარცხენე ძალებს შორის ჩატარებული ინტერნეტ პრაიმერიზის ფარგლებში პაველ გრუდინინმა გამარჯვება მოიპოვა და ”რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის” სახელით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად დასახელდა, იმის მიუხედავად რომ ის იმ მომენტისთვის პარტიის წევრი არ იყო. არჩევნების მასობრივი გაყალბების ფონზე გრუდინინი 11.77%-ით II ადგილზე გავიდა. საერთო ჯამში მან 8 660 000 ხმა მიიღო.

აღსანიშნავია რომ წარსულში, (1997-2011 წლებში) გრუდინინი მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატი იყო. 2007-2010 წლებში მან ამჟამინდელი მმართველი პარტიის ”ერთიანი რუსეთის” წევრობაც მოასწრო.

პაველ გრუდინინი

2021 წლის 24 ივლისს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატების ფედერალური სიიდან ჩახსნა რუსეთის კომპარტიის კანდიდატი სახელმწიფო დუმაში, პაველ გრუდინინი (КПРФ). აღნიშნული გადაწყვეტილების საბაბი გახდა ის, რომ გრუდინინს უცხოური ბანკის ანგარიშზე აქტივები გააჩნდა.

გრუდინინის ყოფილმა ცოლმა ცესკოს მიმართა და განაცხადა, რომ მის ყოფილ მეუღლეს უცხოურ ოფშორულ კომპანიებში წილები გააჩნია, რაც არ ასახა საკუთარ დეკლარაციაში, როგორც სახელმწიფო დუმის დეპუტატობის კანდიდატმა. მსგავი პრეტენზიები გრუდინინის მიმართ 2018 წელსაც არსებობდა, როდესაც ის საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწილეობდა, თუმცა მაშინ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვერ იპოვეს. როგორც თვით გრუდინინი აცხადებს მან ყველა ანგარიში ოფშორებში ჯერ კიდევ 2018 წელს დახურა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

აღსანიშნავია, რომ პაველ გრუდინინი საკმაოდ მაღალი რეიტინგით სარგებლოს რუსეთში და ფაქტიურად ალექსეი ნავალნის შემდეგ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მხარდაჭერა გააჩნია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის, უბრალოდ ნავალნისგან განსხვავებით ის მემარცხენე პოლიტიკის დღის წესრიგის მომხრეა. ხელისუფლების მიერ მისი დევნის 2 რეალური მიზეზი იკვეთება: პირველი და უმთავრესი ალბათ მისი, როგორც უხერხული პოლიტიკური ოპონენტის გაინეტრალებაა, ხოლო მეორე – ფინანსური ინტერესი. დეპუტატობის შეთმხვევაში გრუდინი იმუნიტეტს მიიღებდა, რაც მთავრობას მისი კომპანიის და კონკრეტულად მის სამართლებრივ დევნას გაურთულებდა. «ლენინის სახელობის საბჭოთა მეურნეობის» მიმართ კი ხელისუფლების კლანებს ეკონომიკური ინტერესი გააჩნიათ. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რაიმე საბაბით პაველ გრუდინინს წაართმევენ “Совхоз имени Ленина”-ის აქციებს, რაც ჯერ კიდევ შერჩა მას.

ქართველ მკითხველს უფრო ფართო წარმოდგენა რომ შეექმნას გრუდინინის პერსონაზე, გთავაზობთ მის ინტერვიუს 2018 წელს, ცნობილ რუს ჟურნალისთან იური დუძთან, სადაც ის საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს იმ ლიბერალურ მითებზე, რითაც რუსეთის მსგავსად საქართველოცაა მოცული როცა ზოგადად მემარცხენეობას ეხება საქმე, საბჭოთა წარსულს, სტალინის პიროვნებას და ა.შ

მმართველი პარტიის, “ერთიანი რუსეთის” რეიტინგი წინასაარჩევნოდ ისტორიულ მინიმუმდეა დაცემული და ბოლო სოციოლოგიური კვლევის თანახმად მათ მხოლოდ გამოკითხულთა 27% უჭერს მხარს. ამ პირობებში რუსეთის მთავრობა ყველა ხერხს მიმართავს მემარცხენე-პატრიოტული ძალების დისკრედიტაციის და თამაშიდან გაყვანის მიზნით.

წერილი ამხანაგ სტალინს

თანამედროვეობის გამორჩეულმა რუსმა მწერალმა და პუბლიცისტმა ზახარ პრილეპინმა «თავისუფალ პრესაში» — რუსულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ინტერნეტ გამოცემაში, 2012 წლის 30 ივლისს გამოექვეყნა სტატია სახელად «წერილი ამხანაგ სტალინს», რამაც ძალიან დიდი რეზონენსი გამოიწვია. ამ წერილის შემდეგ განსაკუთრებით აღშფოთდნენ ლიბერალები და ცნობილი ავტორი ნეოსტალინიზმში დაადანაშაულეს.

წარმოგიდგენთ აღნიშნული წერილის თარგმანის სრულ ვერსიას:

სოციალიზმი აშენდა.
დავასახლოთ ხალხი.
ბორის სლუცკი
 

ჩვენ შენს სოციალიზმში დავსახლდით.
ჩვენ შენ მიერ შექმნილი ქვეყანა დავინაწილეთ.

ჩვენ შენი მონებისა და მეცნიერების მიერ აშენებული ქარხნებით მილიონები ვიშოვეთ. ჩვენ შენს მიერ აგებული საწარმოები გავაკოტრეთ და მიღებული ფული საზღვარგარეთ გავიტანეთ, სადაც სასახლეები ავიშენეთ. ათასობით ნამდვილი სასახლე. შენ ასეთი აგარაკი არასოდეს გქონია, ჩოფურა მახინჯო.

ჩვენ, შენ მიერ აგებული ატომური ყინულმჭრელები გავყიდეთ და ჩვენთვის იახტები შევიძინეთ. სხვათაშორის, ეს სულაც არ არის მეტაფორა, ეს ჩვენი ბიოგრაფიის ნაწილია.

ამიტომ შენი სახელი შიგნიდან გვიღიტინებს და გვექავება, ნეტავ, არასოდეს ყოფილიყავი.

შენ ჩვენს მოდგმას სიცოცხლე შეუნარჩუნე. შენ რომ არა, ჩვენს წინაპრებს გაზის კამერებში ამოგუდავდნენ, აკურატულად განლაგებულებს ბრესტიდან ვლადივოსტოკამდე, და ჩვენი საკითხიც საბოლოოდ გადაწყდებოდა. შენ შვიდ წყებად დააწყვე რუსი ხალხის გვამები, რათა ჩვენი თესლისთვის სიცოცხლე შეგენარჩუნებინა.

როდესაც საკუთარ თავზე ვამბობთ, რომ ჩვენც ვომობდით, ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მხოლოდ რუსეთში, რუსეთთან, რუსი ხალხის ზურგზე ვომობდით. საფრანგეთში, პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუმინეთში, და შემდგომ ყველგან ომი კარგად არ გამოგვივიდა. ჩვენ იქ გვკრებდნენ და გვწვავდნენ. გამოგვივიდა მხოლოდ რუსეთში, სადაც შენი საძაგელი ფრთის ქვეშ ვპოვეთ ხსნა.

ჩვენ არ გვსურს, შენი მადლიერი ვიყოთ საკუთარი სიცოცხლისა და ჩვენი მოდგმის სიცოცხლისთვის, ულვაშა ძაღლიშვილო.

მაგრამ გულის სიღრმეში ვიცით: შენ რომ არ ყოფილიყავი, არც ჩვენ ვიქნებოდით.

ეს ადამიანური ყოფიერების ჩვეულებრივი კანონია: არავის უნდა, დიდხანს ემადლიერებოდეს ვინმეს. ეს დამღლელია! ნებისმიერ ადამიანს აღიზიანებს და სტანჯავს, როცა ვინმესგან დავალებულია. ჩვენ გვინდა, მხოლოდ საკუთარი თავისგან ვიყოთ დავალებული – საკუთარი ნიჭიერებისაგან, სიმამაცისაგან, ინტელექტისაგან, ძალისაგან.

მით უმეტეს, არ გვიყვარს ისინი, ვისიც ბევრი ფული გვმართებს, რომლის დაბრუნება არ შეგვიძლია. ან არ გვსურს.

ამიტომ გვინდა, საქმე ისე წარმოვაჩინოთ, თითქოს შენგან არაფერი გვისესხია, არამედ თვითონ გამოვიმუშავეთ, ან ვიღაცამ საჩუქრად მოგვიტანა ასი კგ მსხვილი კუპიურა; ანდა ფული სადღაც ეყარა და არავისი იყო – დიახ! მშვენიერია! უპატრონო ფული ეყარა! და ჩვენ ის, უბრალოდ, ავიღეთ – ასე რომ, ჩამოგვეხსენი, მოგვეშვი, თვალებში ნუ გვეჩხირები, განვედ, საზიზღარო.

თავიდან რომ მოგიშოროთ, სულ ახალ-ახალ ისტორიებს ვიგონებთ ალტერნატიული ისტორიის ჟანრში, თაღლითობისა და შულერობის ჟანრში, ბრიყვული სიცრუის ჟანრში, მომხიბვლელი და უნამუსო დემაგოგიის ჟანრში.

ჩვენ ვამბობთ – და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც თითქმის სიმართლეს ვამბობთ – რომ შენ არ იბრალებდი და პერიოდულად ჟლეტდი რუს ხალხს. ჩვენ ტრადიციულად ათჯერ და ასჯერ ვზრდით მსხვერპლის რაოდენობას, მაგრამ ეს დეტალებია. რაც მთავარია, ვდუმვართ იმაზე, რომ ჩვენ თვითონ სულაც არ გვეძვირფასება არც ეს ხალხი, არც მისი ინტელიგენცია. ქვეყნის მოსახლეობისა და ხალხური არისტოკრატიის დღევანდელ უსწრაფეს და უწყვეტ გაქრობაში ჩვენ დაუღალავად და თავდავიწყებით გადანაშაულებთ – რა მომხიბვლელი პარადოქსია – შენ! ჩვენ როდი მოვკალით რუსული სოფელი, რუსული მეცნიერება, ჩვენ როდი ჩამოვაქვეითეთ რუსი ინტელიგენცია მაწანწალებისა და ნაბიჭვრების დონემდე – ეს ყველაფერი, ნუ გეცინება, შენ ჩაიდინე, შენ, რომელიც 60 წლის წინ მოკვდი! ჩვენ კი საერთოდ არაფერ შუაში ვართ. როდესაც ჩვენ აქ მოვედით, ყველაფერი უკვე დამსხვრეული და დაღუპული იყო. მილიარდები თვითონ, საკუთარი შრომით, ცარიელ ადგილზე გამოვიმუშავეთ! დედას გეფიცებით.

უკიდურეს შემთხვევაში რუსული ეთნოსის გადაშენებაში ჩვენ ობიექტურ პროცესს ვხედავთ. ეს შენს დროს ხოცავდნენ ადამიანებს, ჩვენს დროს კი ისინი თვითონ იხოცებიან. შენ ვერც კი ასწრებდი ისეთი სისწრაფით მათ ხოცვას, რა სისწრაფითაც დღეს ნებაყოფლობით კვდებიან. განა ეს ობიექტურობა არ არის?

და კიდევ, ჩვენ დარწმუნებით ვამბობთ, რომ გამარჯვება, შენდა მიუხედავად, შედგა.

მართალია, ცოტა უცნაურია, მაგრამ მას შემდეგ რუსეთში, რატომღაც, აღარაფერი გამოდის „მიუხედავად“. მაგალითად, ის ვერა და ვერ გადაიქცა გონიერ და ძლიერ დერჟავად ჩვენს მიუხედავად, ვერც ჩვენი შემოქმედებითი მოღვაწეობის წყალობით. ისევ პარადოქსი, ეშმაკმა დალახვროს.

ჩვენ ვამბობთ, რომ შენ თვითონ გინდოდა ომის გაჩაღება, თუმცა ამისი დამადასტურებელი ვერცერთი დოკუმენტი ჯერაც ვერ აღმოვაჩინეთ.

ჩვენ ვამბობთ, რომ შენ ყველა წითელი ოფიცერი გაანადგურე, და ზოგჯერ შენ მიერ მოკლული სამხედრო სპეციალისტები კვარცხლბეკზეც კი აგვყავს, ხოლო ისინი, ვინც არ მოგიკლავს, გვძულს და ვქოლავთ. შენ მოკალი ტუხაჩევსკი და ბლიუხერი, მაგრამ დატოვე ვოროშილოვი და ბუდიონი. ამიტომ უკანასკნელი ორი – უნიჭო და გარეწარია. პირიქით რომ მომხდარიყო, ტუხაჩევსკი და ბლიუხერი რომ დაგეტოვებინა ცოცხალი, უნიჭოები და გარეწრები ისინი იქნებოდნენ.

როგორც უნდა იყოს, ჩვენ მტკიცედ ვიცით, რომ შენ არმია და მეცნიერება უხელმძღვანელოდ დატოვე. ის, რომ შენს დროს, შენდა მიუხედავად, არმია გვყავდა და მეცნიერება გვქონდა, ჩვენს დროს კი რაღაც არც ერთი ჩანს და არც მეორე, ჩვენს რწმენას ვერ არყევს.

ჩვენ ვამბობთ, რომ საშინელი ომის წინ შენ არ მოისურვე „დასავლურ დემოკრატიებთან“ მოლაპარაკება, იმ დროს, როცა ზოგი „დასავლური დემოკრატია“, როგორც ვიცით, თვითონაც მშვენივრად უთანხმდებოდა ჰიტლერს, სხვა დასავლური და ცალკეული აღმოსავლური დემოკრატიები კი ფაშიზმს აღიარებდნენ და ფაშისტურ სახელმწიფოებს აშენებდნენ. მეტიც, არამიწიერი შუქით გაბრწყინებული ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური წრეები ამავე დროს უზარმაზარ თანხმებს დებდნენ ჰიტლერსა და მის უწმინდურ მომავალში.

ჩვენ ყველას ყველაფერი მივუტევეთ, მხოლოდ შენ არ გაპატიეთ.

შენ სძულდი „დასავლურ დემოკრატიებსაც“, „დასავლურ ავტოკრატიებსაც“, აი იმ ფინანსურ წრეებსაც, და დღემდე სძულხარ, იმიტომ, რომ ახსოვთ, ოდესღაც ვისთან ჰქონდათ საქმე.

მათ საქმე ჰქონდათ რაღაც ყველა მაჩვენებლით ჩვენს საპირისპიროსთან. შენ ათვლის სულ სხვა წერტილი ხარ. შენ სხვა პოლუსი ხარ. შენ ხარ მატარებელი პროგრამისა, რომელსაც ჩვენი ადგილობრივი ცნობიერება ვერასოდეს დაიტევს.

შენ სათავეში ედექი ქვეყანას, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელ ომში გაიმარჯვა.

შენდამი სიძულვილი მხოლოდ შენს საქმეებს გაეტოლება.

სძულთ ის, ვინც აკეთებს. მათთან, ვინც არაფერს აკეთებს, არანაირი პრეტენზია არ აქვთ. რას აკეთებდნენ საფრანგეთის ან ნორვეგიის, ანდა, ვთქვათ, პოლონეთის ხელისუფალნი, როდესაც ის ომი დაიწყო, შეგახსენოთ?

მათ არ გაუციათ ბრძანება „არც ერთი ნაბიჯი უკან!“. მათ არ შეუქმნიათ გადამღობი რაზმები „საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად“ (ჩვენ, ალტრუისტები და უანგაროები, სწორედ ასე ვამბობთ ხოლმე შენზე). მათ არ მიუტოვებიათ პოლკები და დივიზიები ტყვიებისა და ჭურვების ქვეშ, არ წაულეკავთ ველები სისხლით ერთი პატარა სიმაღლის ასაღებად. ისინი მოზარდებს სამხედრო ქარხნებში მუშაობას არ აიძულებდნენ, მათ არ შემოუღიათ მხეცური სანქციები სამუშაოზე დაგვიანებისთვის. არა! მილიონობით მათი მოქალაქე, მშვიდად და პასუხისმგებლობით, ჰიტლერულ გერმანიაზე შრომობდა. რა პრეტენზია შეიძლება არსებობდეს მათთან? მთელი მსოფლიოს პრეტენზიები შენკენაა მომართული.

შენს დროს ჩაეყარა საფუძველი კოსმოსის დაპყრობას – ცოტა კიდევ რომ გეცოცხლა, კოსმოსური გაფრენა შენს სიცოცხლეშივე შედგებოდა – და ეს სრულიად აუტანელი იქნებოდა. წარმოგიდგენია? – მეფე, ულვაშა კეისარი, რომელმაც მთელი მსოფლიო გადააკეთა და ადამიანი, ვითარცა ბარტყი, პლანეტის ფარგლებს მიღმა გაუშვა!

ოო, კიდევ ნახევარი საუკუნე რომ გეცოცხლა – არავინ გაცვლიდა დიად კოსმოსურ ოდისეას აიპოდებსა და კოსმოსურ თამაშებზე.

ჰო, თანაც შენს დროს ატომური ბომბი შექმნეს – რამაც მსოფლიო ბირთვული ომისგან იხსნა, ხოლო რუსული ქალაქები ამერიკულ ბირთვულ დატყმებს გადაარჩინა, როდესაც პიტერის ნაცვლად თბილი და ფოსფორიცირებადი ჰიროსიმა გვექნებოდა, ხოლო კიევის ნაცვლად – ღრუბლიანი და მშვიდობიანი ნაგასაკი. და ეს იქნებოდა ჩვენთვის ესოდენ ძვირფასი დემოკრატიის ზეიმი.

შენ აქციე რუსეთი იმად, რაც არასდროს ყოფილა – დედამიწაზე ყველაზე ძლიერ ქვეყნად. კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე არცერთი იმპერია არასოდეს ყოფილა ისე ძლიერი, როგორც რუსეთი – შენს ხელში.

ვის შეიძლება ეს მოეწონოს?

ჩვენ ვცდილობთ და ვერაფრით ვახერხებთ, ქარს გავატანოთ და გავანიავოთ შენი მემკვიდრეობა, შენი სახელი; შენი დიადი საქმეების ნათელი ხსოვნა შენს, დიახ, რეალურ, და დიახ, საზარელ დანაშაულებებზე შავბნელი მოგონებებით შევცვალოთ.

ჩვენ ყველაფრით შენგან ვართ დავალებული, წყეულიმც იყავ.

რუსეთის ლიბერალური საზოგადოებრიობა

ჩაიწერა ზახარ პრილეპინმა*

წერილის ორიგინალი, რუსული ვერსია https://svpressa.ru/society/article/57411/