«ყირიმის პლატფრომა», ზელენსკი და საქართველო

ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანა და პროამერიკული მარიონეტული ადმინისტრაციის მყისიერი დამხობა თალიბების მიერ, ყველაფერთან ერთად, ნიშნავს იმას, რომ აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკან დაიხია და არსებითად შეასუსტა „ანაკონდას“ სტრატეგიის განხორციელება, რომელიც, რუსეთის საზღვრებს გარშემო „სანიტარული კორდონის“ შექმნის საშუალებით, ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, რუსეთის „გაგუდვას“ ანუ მის გრძელვადიან იზოლაციასა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ აუტსაიდერად გადაქცევას ისახავს მიზნად. ამიერიდან აშშ-მ იძულებით ამოიკვეთა ფეხი შუა აზიიდან.

ვაშინგტონში აცნობიერებენ, რომ რუსეთი იოლად ასაღები ბასტიონი არ არის და მასთან ბრძოლის გამწვავება არ ღირს. ეს ეხება არა მარტო შუა აზიის რეგიონს, არამედ შავი ზღვის რეგიონსაც, მათ შორის, ყირიმს. ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში აღმოსავლეთ ევროპის რუსოფობიულ რეჟიმებს დიდი მოლოდინები ჰქონდათ იმისა, რომ ბაიდენი გაამწვავებდა ვითარებას დონბასში და რუსეთს შეერკინებოდა კიდეც, თუმცა ვაშინგტონში გონიერებამ გაიმარჯვა და ამერიკა არ წავიდა  ვითარების გამწვავებაზე.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე არ დაძაბა “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის გაზსადენის მშენებლობის საკითხი რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში, უკრაინის გვერდის ავლით. ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ აშშ უკრაინის გამო რუსეთთან ისედაც გართულებული ურთიერთობის კიდევ გაუარესებას არ აპირებს.

ამ კონტექსტს, როგორც ჩანს, ჯეროვნად ვერ აცნობიერებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და ჯიუტად განაგრძობს უპერსპექტივო მცდელობებს, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გააძლიეროს, კერძოდ, ვითარება დაძაბოს ახლა უკვე ყირიმის საკითხის გარშემო. რა თქმა უნდა, ზელენსკის ამ საკითხში მოკავშირეები ამერიკაშიც ჰყავს, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, აშშ პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას არ აქვთ ხალისი, რუსეთს შეეჯახონ.  ზელენსკისთვის ყირიმის საკითხი უფრო საკუთარი მოქალაქეების ყურადღების გადატანაა საშინაო პრობლემებიდან რუსეთთან კონფრონტაციაზე, უკრაინის პოპულისტი პრეზიდენტი, რომელიც ვერა და ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფო მოღვაწედ, ცდილობს, რუსეთისთვის პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შიდაპოლიტიკური ქულები ჩაიწეროს და თან თავისი მყვირალა რუსოფობი მეზობლების – პოლონეთის, ლატვა-ლიტვიისა და ესტონეთის ხელისუფალთა გულები მოიგოს.

გამომდინარე თავისი უპასუხისმგებლობიდან და რეალობასთან შეუფერებელი ამბიციებიდან, ზელენსკიმ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ გამოაცხადა ე. წ. „ყირიმის პლატფორმის“ – საერთაშორისო პლატფორმის შექმნის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდირებას ყირიმის დეოკუპაციის მისაღწევად. 23 აგვისტოს უკრაინაში შედგა ამ პლატფორმის დამფუძნებელი სამიტი, უცხოური დელეგაციების მონაწილეობით. უკრაინის პრეზიდენტის მეხოტბე პროპაგანდისტები აქცენტს უცხოელი დელეგატების რაოდენობაზე აკეთებენ. უკრაინული ოფიციოზის ინფორმაციით, 22 აგვისტოს მდგომარეობით, სამიტზე ელიან 44 საზღვარგარეთელ პარტნიორს, აქედან უმაღლესი რანგით, პრეზიდენტების დონეზე წარმოდგენილნი იქნებიან ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, მოლდოვა, სლოვენია, ფინეთი და ასევე ევროსაბჭო. პრემიერ-მინისტრების დონეზე წარმოდგენილები არიან რუმინეთი, საქართველო, ხორვატია, შვედეთი. სამიტს ასევე დაესწრება ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი შარლ მიშელი. ამ სამიტზე მონაწილე ქვეყნების უმრავლესობამ შედარებით დაბალი რანგის პოლიტიკოსები მიავლინა უკრაინაში, საგარეო საქმეთა მინისტრები და ელჩები.

«ყირიმის პლატფრომის» მონაწილეები კიევში, 2021 წ. 23 აგვისტო

სამიტი არ არის ისეთი წარმომადგენლობითი, როგორც ეს ზელენსკის სურდა. და, მართლაც, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი მთელმა მსოფლიომ ბუნდოვან პროექტს, რომელშიც მონაწილეობა დიდი ალბათობით გამოიწვევს რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებას? რეალპოლიტიკის პრინციპების გათვალისწინებით ვის შეიძლება აძლევდეს ეს ხელს, თავად ზელენსკის გარდა? როგორც თვითონ განაწყენებულმა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ტელეარხ ”უკრაინასთან” აღნიშნა ინტერვიუში, რომ ბევრი დასავლელი ლიდერი არ ჩავიდა კიევში, იმიტომ რომ მათ რუსეთის ეშინიათ.

მან ასევე დასძინა, რომ:

”ჩვენ ყველა ევროპელი ლიდერი დავპატიჟეთ. მათ რუსეთის ეშინიათ. ეს სიმართლეა, ევროპას რუსეთის ეშინია”

ვლადიმერ ზელენსკი

ნათქვამი დასტურდება იმით, რომ ამ ღონისძიებას არ ესწრებიან წამყვანი ევროპული ქვეყნების ლიდერები (გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი) საინტერესოა ასევე აშშ-ის მხრიდან დაგეგმილი დელეგაციის შემადგენლობაც. როგორც თეთრი სახლის ვებგვერდის მეშვეობით გახდა ცნობილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე ვაშინგტონი წარმოდგენილი იქნება ენერგეტიკის მინისტრის, ჯენიფერ გრენჰოლმის ხელმძღვანელობით. ეს გადაწყვეტილება ბოლო წამს იქნა მიღებული, იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი ტრანსპორტის მინისტრი იქნებოდა. იქნება ეს ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის მინისტრი, არცერთი ამ ჩინოვნიკის თანამდებობა არ უკავშირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ეს უფრო მეტად შეიძლება აშშ-ის ენერგეტიკულ ინტერესებს უკავშირდებოდეს უკრაინაში, მაგრამ ყველას კარგად ესმის რომ ენერგეტიკის მინისტრი არ არის ის პოლიტიკოსი, ვინც აშშ-ში საგარეო პოლიტიკურ დისკურსს განსაზღვრავს.

სამიტზე მონაწილეობას თავი ასევე აარიდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ყირიმის „რუსულ სტატუსს“. თურქეთის ლიდერის მონაწილეობა არც კიევის მიერ 1944 წელს დეპორტირებული ყირიმელი თათრების საკითხის დემაგოგიური წინ წამოწევით მოხერხდა – სამიტს ყირიმელი მომღერალი ქალი „ჯამალა“ გახსნის სიმღერით „1944“. დიდი კითხვის ქვეშ არის თურქეთის საგარეო მინისტრ ჩავუშოღლუს მონაწილეობაც.

გერმანიის ჯერ  კიდევ მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი პუტნთან გამართული აუდიენციის შემდეგ 22 აგვისტოს კიევში ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. იგი მოწვეული იყო „ყირიმის პლატფორმაზეც“, მაგრამ მერკელმა 23 აგვისტოს გასამართ სამიტზე დასწრებაზე უარი განაცხადა. გერმანია, ისევე როგორც საფრანგეთი და სხვა დასავლეთევროპული სახელმწიფოები, მიზანშეუწონლად მიირჩნევენ აქამდე არსებული მოლაპარაკებების ფორმატების დუბლირებას . ისინი საკითხს ასე უდგებიან – რა საჭიროა „ყირიმის პლატფორმა“, თუკი ყირიმის საკითხი ისედაც განიხილება გაეროში, ევროსაბჭოში და ა. შ.?

ასე რომ, ზელენსკის სამიტში ძირითად მონაწილეებად ყბადაღებული „დიპკორპუსი“ რჩება – კიევში აკრედიტებული უცხოელი ელჩები. ისინი იქნებიან მონაწილეთა „მასა“. ძნელი სათქმელია, აცნობიერებს თუ არა ზელენსკი, რომ მან „ყირიმის პლატფორმის“ შექმნის მცდელობით საქმე უფრო გაიფუჭა, ვიდრე რამეს მიაღწია, მაგრამ მას ეს გაცნობიერებულიც რომ ჰქონდეს, ახლა უკან ვეღარ დაიხევს – იმხელა მასშტაბის ფინანსური, დიპლომატიური, საინფორმაციო ღონისძიებებია უკვე გატარებული ამ პროექტის განსახორციელებლად.

წამყვანი სახელმწიფოებისა და პოლიტიკოსების ნაკლებობის დეფიციტის შევსებას სამიტზე კიევი ისეთი სახელმწიფოების ხარჯზე ცდილობს, რომლებსაც რაიმე განსაკუთრებული ინტერესი შავი ზღვის რეგიონისა და, კერძოდ, უკრაინის მიმართ, არ გააჩნიათ. ეს ქვეყნები ასევე არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას მსოფლიოს დღის წესრიგსა და გეოპოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა ვინაიდან ახლა კიევისთვის ხარისხი მიუღწეველია, იგი რაოდენობით ცდილობს ფონს გასვლას. ეს არის უკრაინის პოლიტიკისა და პირადად ზელენსკისა და მისი მრჩევლების მარცხი.

ირაკლი ღარიბაშვილი და ვლადიმირ ზელენსკი

საქართველო ფრთხილად უნდა ყოფილიყო, რათა ზელენსკის ხრიკებში არ გარეულიყო, მით უმეტეს, ზელენსკისა და მთელ უკრაინულ ხელისუფლებას საქართველოსთვის არაფერი კარგი არ გაუკეთებიათ. მხარდამჭერი განცხადებები ერთია – ამას საქართველოც არ აკლებს უკრაინას, მაგრამ რეალური საქმეებით უნდა იზომებოდეს მეგობრობა. რეალური საქმეებით თუ ვიმსეჯელებთ, ამჟამინდელმა და მისმა წინამორებდმა უკრაინულმა მთავრობამ, ჯერ პოროშენკოს, ხოლო შემდეგ ზელენსკის თაოსნობით პოლიტიკურ გვამად ქცეული მიხეილ სააკაშვილის და მისი კრიმინალური ნაციონალური მოძრაობის რეინიმაციას ცდა არა დააკლო. საქართველოს ყველა მოქალაქე ნათლად ხედავს, რომ ზელენსკი ხელს აფარებს ოდიოზურ სააკაშვილს, რომლის მიმართ ქართველ სამართალდამცველებს და, უფრო მეტად, ქართულ საზოგადოებას, უამრავი კითხვა დაუგროვდათ. ზელენსკი და მისი ხელისუფლება პატივს არ სცემენ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ლეგიტიმური სტრუქტურების სურვილს. რას უნდა მოველოდოთ ასეთი „მეგობარსგან“ ძნელი სათქმელია, ამას დრო გვიჩვენებს.

საქართველოს ფორმალურად შეეძლო აღნიშნულ ღონისძიებაზე საგარეო საქმეთა მინისტრი მიევლინა, როგორც ეს ბევრმა ქვეყანამ გააკეთა, მაგრამ ქვეყნის პირველი პირის მონაწილეობა დიპლომატიურად სხვა გზავნის შემცველია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს «ყირიმის პლატფრომის» სამიტის მონაწილეებთან მიმართებაში.

ვაქცინების ომი / ბრიტანულ-ამერიკული სირცხვილი

იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე დასავლური გლობალური სამყარო საჯარო სიკეთეების, საქონლის და ნებისმიერი საჭირო პროდუქტის სამართლიან და თანაბარ გადანაწილებას პირდებოდა მთელ მსოფლიოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გადანაწილებამ სრულიად საწინააღმდეგ რამ დაგვანახა. სწორედ ასეთი მასობრივი პანდემიები და კრიზისები გვევლინებიან ლაკმუსის ინდიკატორის როლში, სხვადასხვა იდეების, პოლიტიკების და ზოგადად სტრატეგიული პარტნიორობის სინამდვილის და მართებულობის შესაფასებლად.

მდიდარი ქვეყნების სიხარბე

რაც ჩვენ ვაქცინების გადანაწილების დროს ვიხილეთ, იმის სიტყვიერად აღწერა საკმაოდ ძნელია. მდიდარმა ქვეყნებმა (დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა და ა.შ) ფაქტიურად დაივიწყეს ყოველგვარი სოლიდარობა, სამართლიანობა და ჰუმანურობა, თავისთვის რეკორდული რაოდენობის ვაქცინები მიიღეს, დანარჩენი მსოფლიო კი ბედის ანაბარა დატოვეს.

ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში საერთაშორისო უფლედამცველმა ორგანიზაციამ «Amnesty International»-მა ვაქცინების არასამართლიან გადანაწილებასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა. მათი მონაცემებით 2021 წელს მსოფლიოს 70 უღარიბეს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 10% შეძლებდა ვაქცინაციას, თუ ფარმაცევტული წარმოებები და მთავრობები უფრო მეტი დოზის წარმოებას არ უზრუნველყოფდნენ. სიხარბის და გაუმაძღრობის სათავეში კანადა მოგვევლინა და მათ 150 მლნ ვაქცინის ყიდვა დააანონსეს, მაშინ როდესაც მათი მოსახლეობა 38 მლნ.-ია.

მიმდინარე წლის მარტში ჯანმოს დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ:

„ვაქცინების უთანასწორო განაწილება არა მხოლოდ მორალურ აღშფოთებას იწვევს, არამედ ის ეკონომიკურადაც დესტრუქციულია“


ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი
©Christopher Black/WHO/Handout via REUTERS

2021 წლის ივნისის ბოლოს, მსოფლიოს წამყვანმა სამედიცინო ჟურნალმა – «The Lancet»-მა თავისი მორიგი ნომერი მდიდარი ქვეყნების უსაქციელობას მიუძღვნა:

“COVAX შესანიშნავი იდეა იყო, რაც სოლიდარობისგან დაიბადა. სამწუხაროდ, ამას ხორცი ვერ შეესხა. მდიდარი ქვეყნები იმაზე საშინლად მოიქცნენ, ვიდრე ყველზე საშინელ კოშმარში იყო შესაძლებელი”

აშშ – პოლიტიკური ანტიგმირი

აშშ ვაქცინების ექსპორტისთვის მზადებას იწყებს, მხოლოდ მას შემდეგ რაც შიდა მოთხოვნა მეტწილად დაკმაყოფილებული იქნება. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა რომ ”მოდერნას”, ფაიზერის” და ”ჯონსონ ენდ ჯონსონის” 20 მილიონ დოზას შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებს უწილადებს. ამერიკელებმა ასევე აიღეს ვალდებულება, რომ 60 მილიონი დოზა ასტრაზენეკას ექსპორტირებას მოახდენენ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი გამოყენება ნებადართული იქნება აშშ-ში, უსაფრთოხების შემოწმება კი ნებართვის გაცემას აფერხხებს.

Airfinity-ის მონაცემებზე დაყრდნობით აშშ-ს მხოლოდ 3 მილიონი დოზა ვაქცინა აქვს ექსპორტირებული, რაც მიახლოვებით აშშ-ში წარმოებული ვაქცინების 1%-ს ტოლფასია. სხვა დიდმა ქვეყნებმა გაცილებეთ დიდი რაოდენობის ვაქცინების ექსპორტი შეძლეს სხვა ქვეყნებში, მაგალითად ჩინეთმა – (42%), ინდოეთმა – (35%), რუსეთმა – (37%), ევროკავშირმა – (28%).

აშშ სუპერსახელმწიფოებს შორის ყველაზე არასამართლიანად და დაუნდობლად მოიქცა დანარჩენი მსოფლიოს მიმართ და ამაზე ციფრებიც მოწმობენ. ოფიციალურად ვაშინგტონს ვაქცინების ექსპორტი სხვა ქვეყნებში არ აუკრძალავს, მაგრამ ჯო ბაიდენმა გაპრეზიდენტების შემდეგ მალევე ფედერალური საომარი თავდაცვითი კანონი აამოქმედა {Defense Production Act}, რაც 1950 წლიდან იღებს სათავეს. ეს აქტი ნაციონალიზმის ნიშნებს ტოვებს და ლიბერალური ღირებულებების მოტრფიალე დემოკრატებისგან ბევრი შეიძლება არც კი ელოდა მსგავს ნაბიჯს, მაგრამ როდესაც საქმე ამერიკულ ჰეგემონიას ეხება, რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის სხვაობა მინიმუმდე დადის. აღნიშნული კანონი/აქტი ამერიკულ კომპანიებს ავალდებულებს პირველ რიგში შიდა მოთხოვნა და კონტრაქტები უზრუნველყოს სრულად და მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანოს ვაქცინები სხვა ქვეყნებში. ადამიანურ ენაზე კი ეს ნიშნავს იმას, რომ სანამ აშშ-ში ახალგაზრდების ჩათვლით მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ იქნება ვაქცინირებული, სხვა ქვეყნებში კორონავირუსით დაინფიცირებული მოხუცები სიკვდილით გარდაიცვლებიან ამ ვაქცინების ხელმიუწვდომლობის გამო. ეს გარკვეულწილად შეგვიძლია მივიჩნიოთ ”ჰუმანიტარულ ემბარგოდ”, რადგანაც ამ აქტის თანახმად არამარტო ვაქცინების, არამედ სხვა სამედიცინო პროდუქციის ექსპორტის შეფერხებაც ხდება. ასე მაგალითად ინდოეთის Serum Institute ჩიოდა, რომ სამედიცინო შპრიცების და ნემსების იმპორტს ვეღარ ახდენდა აშშ-დან. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით შშ შპრიცების და ნემსების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიოში.

აშშ-ის მსგავსად, დიდ ბრიტანეთსაც ფაქტიურად არ მოუხდენია ვაქცინების ექსპორტი, სიმბოლურ რაოდენობას (1 მლნ) თუ არ ჩავთვლით, მაშინ როდესაც ევროკავშირიდან მილიონობით დოზის იმპორტერება შეძლო. ამის წყალობით ქვეყანაში საკმაოდ სწრაფი ვაქცინაციის კამპანია გაჩაღდა. დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა მეტისმეტად დაიძაბა. საქმე იქამდეც კი მივიდა რომ ევროკავშირიდან ვაქცინების ექსპორტის აკრძალვაც კი განიხილებოდა. სხვადასხვა სპეციალისტები შიშობდნენ, რომ ამ დაძაბულობის გამძაფრება და შეზღუდვების ოფიციალური დაწესება «ვაქცინების ნაციონალიზმამდე» მიგვიყვანდა.

რამდენიმე თვის წინ ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენიც აღნიშნავდა, რომ AstraZeneca-მა 2021 წლის I კვარტალში ევროპულ ქვეყნებს ვაქცინების დაგეგმილი მოცულობის მხოლოდ 30% მიაწოდა. ის პირადად ემუქრებოდა ბრიტანულ-შვედურ ფარმაკომპანიას, რომ თუ ეს უკანასკნელი არ შეასრულებდა თავის ვალდებულებებს, მაშინ ევროკავშირში წარმოებული ვაქცინების ექსპორტს აკრძალავდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროკავშირი ვაქცინების ერთ-ერთ ყველაზე გულუხვ მწარმოებლად რჩება და იმედოვნებს, რომ მისი ახალი საექსპორტო პოლიტიკა ნაცვალგების და პროპორციულობის პრინციპზე იქნება დამყარებული.

სოლიდარობის და თანადგომის მაგალითად და მსოფლიო ჩემპიონად კი სამხრეთ კორეა იქცა. სამრეთ კორეა გლობალური ჰუმანიტარული პლატფორმა COVAX-სთვის (ჯანმოს მიერ შექმნილი პლატფრომა ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად) ”ასტრაზენეკას” ვაქცინას აწარმოებდა და საკუთარ ქვეყანაში დამზადებული ვაქცინების 90%-ს სხვა ქვეყნებში გააგზავნა, რაც წარმოუდგენლად მაღალი მაჩვენებელია.

საკუთარი თავის იმედად დარჩენილი საქართველო

წლების განმავლობაში დასავლური ნეოლიბერალური ინსტიტუტები, მსოფლიო ბანკიდან დაწყებული საერთაშორისო სავალუტო ფონდით დამთავრებული საქართველოს მმართველ პოლიტიკურ კლასს და მოსახლეობას ტვინს ურეცხავენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკის მაქსიმალური ლიბერალიზაცია მომხდარიყო. ისინი ეკონომიკური ნაციონიალიზმის, პროტექციონიზმის და სატარიფო პოლიტიკის საშინელ მოწინააღდეგებად გვევლინებოდნენ და ამას არც მალავდნენ.

მაგრამ რა ვიხილეთ როდესაც ბოლო პერიოდის ყველაზე გარდამტეხი მომენტი დადგა? როგორ მოიქცნენ თვით აშშ და სხვა მდიდარი ქვეყნები გლობალური პანდემიის პირობებში? დარჩნენ თუ არა ისინი იმ პოლიტიკის და იდეოლოგიის ერთგულნი, რასაც ასე აქტიურად გვტენიან ამდენი ხანი? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – არა.

მათ აქტიურად დაიწყეს ეკონომიკური ნაციონალიზმის პრინციპის გამოყენება, რასაც საქართველოს და სხვა განვითარებად ქვეყნებს არ ურჩევენ და კიცხავენ კიდეც. სად იყვნენ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები, როდესაც საქართველოს ჰაერივით ჭირდებოდა ვაქცინები დამძიმებული კოვიდვითარების ფონზე? პირველი მსხვილი დახმარება ვაქცინაციის კუთხით საქართველომ არა დასავლეთიდან, არამედ აღმოსავლეთიდან მიიღო. 2021 წლის აპრილის ბოლო საქართველოს ჩინეთის მთავრობამ, მმართველი კომუნისტური პარტიის თაოსნობით 100 000 დოზა ”სინოვაკი” გადასცა. მხოლოდ ამის შემდეგ, მაისში ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 15 000 ვაქცინას გამოაგზავნიდა საჩუქრად საქართველოში, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელი მწარმოებლის ვაქცინა იქნებოდა.

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ და გლობალურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა გლობალიზაციის მთელი სიყალბე და კაპიტალიზმის სისასტიკე. ერთადერთი საკუთარი თავის იმედი შეიძლება გვქონდეს, ამისთვის კი სუვერენული, ერვნული ეკონომიკის მშენებლობაა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის მაჩანჩალა აუტსაიდერების როლში ვიქნებით.

აშშ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა

აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები და ხმების დათვლის პროცესი, ფლორიდაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოში და სხვა მნიშვნელოვან შტატებში არამარტო საარჩევნო რბოლის, არამედ იმ მდგომარეობის კვინტენსაციაც იყო, სადაც დღესდღეობით აშშ იმყოფება. წარმოუდგენლად დაძაბული წინაასარჩევნო კამპანია, ლიდერის არაერთგზის ცვლილება მინიმალური სხვაობის ფონზე – იმ ქვეყნის სახასიათო სიმბოლოა, რომელიც ორად გაიყო.

ვერმონტის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა ფილ სკოტმა განაცხადა, რომ საკუთარი ხმა დემოკრატიული პარტიის კანდიდატს მისცა. ეს მან იმით ახსნა, რომ ტრამპს ”4 წელი ჰქონდა ქვეყნის გასაერთიანებლად, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა”. მაგრამ პოლიტიკოსს სწამს, რომ ჯო ბაედენს ეს ძალუძს: ”მე მგონია ის შეძლებს ჩვენს გაერთიანებას’‘ – აღნიშნა მან.

ვერმონტის ხელმძღვანელმა საკუთარ ქვეყანას იგივე დიაგნოზი დაუსვა – განხეთქილება. აი რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ესაა ფილ სკოტის იმედების უშედეგობა არჩევნების საბოლოო რეზულტატის მიუხედავად.

ნიუ-იორკის მე-5 ავენიუს მაღაზიების ვიტრინებს ისეთი დამცავი აღჭურვილობა დაუყენეს, თითქოს მე-3 მსოფლიო ომი იწყება – გამვლელი იფიქრებს. არადა სუპერდემოკრატიული ნიუ-იორკის მე-5 ავენიუს ფეშენებელური მაღაზიების მფლობელებს ალბათ დარბევის და განუკითხაობის ეშინიათ, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ შეიძლება ვიხილოთ.

აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლნებმა გააშიშვლა, რომ ქვეყანას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დემოკრატიის მაგალითი იყო, რეალურად საკმაოდ სავალალოდ აქვს საქმე შიდა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის ძიების კუთხით.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ის აღნიშნავს: “მან მოიგო მხოლოდ ფეიკ მედიის თვალში. მა არაფერს არ ვაღიარებ. ყველაფერი წინაა. ეს ფალსიფიცირებული არჩევნები იყო”

(Photo by Tasos Katopodis/Getty Images)

რაც დღესდღეობით აშშ-ში ხდება რამდენიმე ათეული წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო. დემოკრატიის აკვანში დემოკრატიის აშკარა კრიზისი შეინიშნება, რასაც რა თქმა უნდა დანარჩენ მსოფლიოზეც ექნება მნიშვნელოვანი ზეგავლენა.

ყველაფერი მშვენივრად მუშაობდა, სანამ ამერიკული საზოგადოება უმრავლესობის ინტერესებით ხელმძღვანელობდა იმის შესახებ რა იყო სწორი და რა არასწორი. 100 წლის წინ ამერიკული ოცნება – ”შექმენი შენი თავი” [Make Yourself], რაც კაპიტალიზმს და ტრადიციულ ფასეულობებს ეყრდნობოდა, არამხოლოდ იმ დროს პრივილეგირებულ მოსახლეობას შთააგონებდა, არამედ დისკრიმინირებულ შავკანიან მოსახლეობასაც, არაფერი რომ ვთქვათ ოკეანის გაღმა მცხოვრებ მილიონობით ადამიანზე.

ძირძველი ამერიკული პრინციპებისგან თანდათანობითმა დაშორებამ ლიბერალიზმის მიმართულებით რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა – მედიური და პოლიტიკური მეინსტრიმის მიერ დახატული სურათის მიხედვით ეს ტრანსფორმაცია საკმაოდ გამართულად ხდებოდა. ყველაფერი ტრამპის შოკისმომგვრელმა გამარჯვებამ შეცვალა წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც ჩვენ დავინახეთ, რომ არანაირ ბუნებრივ ტრანსფრომაციას ადგილი არ ჰქონია: რეალურად აშშ-ში მომწიფდა ორი პრინციპულად განსხვავებული იდეოლოგიური პლატფორმის ჯახი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები არ არის მხოლოდ ორი მოხუცი პოლიტიკოსის ბრძოლა ქვეყნის მთავარი პოლიტიკოსის თანამდებობაზე, ეს ასევე 2 რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიური მოდელის ჭიდილია, ნაციონალ-სოციალიზმისა და ლიბერალური გლობალიზმისა. ეს დაპირისპირება იღებს სოციალური, ეკონომიკური, რასობრივი და გენდერული კონფლიქტის იერსახეს.

ყველაზე დიდი ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ აშშ საკმაოდ ერთსულოვანი და შემჭიდროებული იყო საბჭოთა კავშირის არსებობისას და ცივი ომის მიმდინარეობისას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც ცნობილი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა თავის გახმაურებულ სტატიაში ”ისტორიის დასასრული” წერდა ლიბერალური ტრიუმფის მომსწრენი გავხდით. ლიბერალური ტრიუმფი ასევე გულისხმობდა აშშ-ის აღზევებას, რადგანაც სწორედ ამერიკელები განსაზღვრავდნენ მსოფლიო წესრიგს ერთპიროვნულად. თუმცა როგორც განვლილმა ათწლეულებმა გვაჩვენა აშშ-მა ეს როლი არც თუ ისე დიდი წარმატებით მოირგო, რადგანაც მეორე სიმძიმის ცენტრის გამოცლამ, რის როლსაც საბჭოთა კავშირი ირგებდა, მსოფლიო წესრიგის ძალთა ბალანსი დაარღვია.

აშშ-ის დიდი გზის გავლა მოუწევს მსოფლიო ქვეყნების მაცხოვრებლებში ის ნდობა რომ დაიბრუნოს, რაც მას 90-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა. დღესდღეობით აშშ-ის მიმართ კეთილიგაწყობა ევროპული ქვეყნების მაცხოვრებლებს შორის რეკორდულად დაბალ დონეზეა – გერმანელების მხოლოდ 26% აფასებს პოზიტიურად აშშ-ის, ბელგიელების – 24%, ფრანგების 31% და ბრიტანელების 41%.

საუკუნე-ნახევრის წინამერიკელ საზოგადოებაში არსებული კონფლიქტი, რომლის მონაწილეებსაც ერთმანეთთან მოლაპარაკება არ სურდათ აშშ-ში სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა. მიმდინარე პროცესების გააზრებისას ჩნდება ლოგიკური კითხვა – შეძლებენ თუ არა აშშ-ში დღესდღეობით მსგავსი სცენარისგან თავის დაღწევას?