”Squid Game” – დემოკრატიის ილუზია და კაპიტალიზმის კრიტიკა

2021 წლის 17 სექტემბერს გამოვიდა Netflix-ის ახალი სერიალი ”Squid Game”. ეს პირველი სამხრეთკორეული შოუა, რომელიც სტრიმინგის მსოფლიოს რეიტინგი სათავეში მოექცა. აღნიშნულმა სერიალმა 90 ქვეყანაში პირველი ადგილი დაიკავა, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, კანადა, მექსიკა, ბრაზილია.

Netflix-ის ხელმძღვანელმა ტედ სარანდოსმა აღნიშნა, რომ ”Squid Game” – სტრიმინგის ყველაზე ყურებადი არაინგლისურენოვანი პროექტია. უფრო მეტიც სერიალს ყველა შანსი გააჩნია Netflix-ის ყველაზე პოპულარულ პროექტად იქცეს. აშკარაა, რომ თვითონ შემქნელებიც კი არ მოელოდნენ ასეთ წარმატებას და ეს მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

Squid Game”-მა 100%-იანი შეფასება მიიღო Rotten Tomatoes-ზე და 8.3/10 IMD-ზე. ჰენრი ვონგი The Guardian-დან სერიალს ოსკაროსან «პარაზიტებს» ადარებს. ორივე პროექტის ფუნდამენტური საკითხი სამხრეთ კორეაში არსებული კლასობრივი უთანასწორობაა. როგორც პროექტის ავტორი აღნიშნავს, სამსახიობო შემადგენლობა და სერიალის გმირები ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომელთა დამსახურებით მაყურებელს მოუთმენლად სურს ნამუშევრის ბოლომდე ნახვა, იმის მიუხედავად რომ საკმაოდ ბევრი სისხლიანი და მძიმე სცენაა.

ჩვენ სერიალის დრამატურგიის, სცენარის და წარმოუდგნლად მაღალი პოპულარობის გარჩევას კინემატოგრაფის კუთხით არ ვაპირებთ, ეს საქმე თავისი საქმის პროფესიონალებს დავუტოვოთ. ჩვენ ამ სერიალის საბაზისო საკითხზე – სოციალურ უთანასწორობაზე, კლასობრივ ბრძოლაზე და ჭარბვალიანობაზე გვსურს ყურადღების გამახვილება.

ეკონომიკური უთანასწორობა და კლასობრივი ბრძოლა

ჭარბი მუშაობა, მინიმალური ანაზღაურება და არასტაბილური დასაქმება – ეს ყველაფერი გვიანდელი კაპიტალიზმის ქრონიკული დაავადებებია სამხრეთ კორეაში და არამარტო. ეს სოციალური პრობლემები საკმაოდ ავთენტურად არის ასახული ”კალმარის თამაშში”. სერიალის მთავარი გმირი და სასიკვდილო თამაშების სხვა მონაწილეები ვალებში ჩაფულული პრეკარიატის წარმოადგენლები არიან. პრეკარიატი არამუდმივად დასაქმებული არასტაბილური პროლეტარიატია, სამხრეთკორეული მშრომელების 40%-ზე მეტს სწორედ ისინი წარმოადგენენ.

სამხრეთკორეული ეკონომიკის დირიჟორები კორპორატიული კონგლომერატები არიან, კორეელები მათ Chaebol-ს ეძახიან, ანუ «პლუტოკრატებს». მშრომელების ექსპლუატაცია და სახიფათო შრომითი პირობები ამ მსხვილი კორპორაციების განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ეს სერიალშიც ხაზგასმულია, როდესაც პაკისტანური ეთნიკური წარმომავლობის გმირს, ალის, ქარხნის უფრო მის კუთვნილ ხელფასს არ უხდის.

სამხრეთ კორეა წლიური სამუშაო საათების მიხედვით მსოფლიოში მე-3 ადგილზე იმყოფება და ასევე მე-3 ადგილზეა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს შორის სამუშაო ადგილზე სიკვდილიანობით.

ერთ-ერთ სერიაში ადგილობრივი ტელევიზიით ვიგებთ, რომ „კორეა მეორე ყველაზე დაკრედიტებული ქვეყანაა მსოფლიოში“, ნიშანდობლივია რომ უშუალოდ თამაშების მონაწილეების უმრავლესობა საკუთარი ნებით თუ გარემოებათა დამთხვევის შედეგად იმდენად არიან ვალებში ჩაძირულები, რომ ნორმალურ ყოფა-ცხოვრებაზე უკვე გადაწურული აქვთ იმედი და მზად არიან გარისკონ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი გააჩნიათ, საკუთარი სიცოცხლე.

2016 წელს სამხრეთ კორეაში ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე 10%-ზე საერთო შემოსავლების 45% მოდიოდა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულმა სპეკულაციებმა საბინაო კრიზისი გამოიწვია, ხოლო სამედიცინო სფეროს და განათლების პრივატიზაციამ სამხრეთ კორეაში სოციალური სიდუხჭირე კიდევ უფრო გამძააფრა. ეს კარგად ჩანს სერიალის დასაწყისშიც, როდესაც მთავარი გმირი სონ-გი ხუნის დედა საავადმყოფოში მოხვდა, მაგრამ დაზღვევის და შესაბამისი ფულადი სახსრების არქონის გამო სიკვდილის პირას მყოფმა ქალბატონმა საავადმყოფო დატოვა.

1980-იან წლებში სამხრეთ კორეაში ნეოლიბერალური რეფორმების გატარება დაიწყეს, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ადგილობრივი ბაზრის დაცულობა და ფაქტიურად პროტექციონიზმი განზე გააგდო. ამ პერიოდში ადგილობრივი ბაზარი და რესურსები გაიხსნა უცხოელი ინვესტორებისთვის მუშათა კლასის ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე. 1990-იან წლების შუახანებში ქვეყანამ 100$ მლრდ.-მდე ოდენობის უცხოური ვალები მიიღო. 1997 წლის აზიის ფინანსური კრიზისის დროს სამხრეთკორეული ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, რადგანაც უცხოურმა კაპიტალმა ქვეყანა დატოვა. მოსალოდნელი დეფოლტის შიშით სამხრეთ კორეა იძულებული შექმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის (IMF) მიემართა სესხების მისაღებად.

ერთის შეხედვით სამხრეთ კორეა განვითარებული, მდიდარი ქვეყანაა თუმცა ამის მიღმა ჩაგრული და ექსპლუატირებული მრავალმილიონიანი პროლეტარიატი იმალება. მშრომელების პირობები ხშირად შემზარავი და სავალალოა, როდესაც ისინი იძულებულები არიან 2X2მ-ის ფართობის ოთახები იქირაონ და უფრო უარეს პირობებში იცხოვრონ, ვიდრე ციხეში – დამნაშავეებმა. უფრო მეტი სიცხადისთვის შეგიძლიათ სამხრეთ კორეელი რეჟისორის ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „პარაზიტი” იხილეთ, სადაც ძალიან კარგად არის აღწერილი “სოციალური უთანასწორობის” თემატიკა.

ეს ვრცელი შესავალი სამხრეთ კორეის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე მკითხველს დაეხმარება სერიალის წინაპირობის გასაგებად. ზოგადად სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის თემა კორეულ კინემატოგრაფში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დემოკრატიის ილუზია და კაპიტალიზმის რეალური სახე

პირველი თამაშისთანავე მოთმაშეები იგებენ, რომ სასიკვდილო მახეში მოხვდნენ და მათ ნახევრად სათამაშო სოციუმში მომენტალურად კონსენსუსამდე მისვლის საკითხი დგება დღის წესრგიში – წესების მიხედვით თამაშის დატოვება მხოლოდ უმრავლესობის გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, სულ კი 456 მოთამაშეა. აი სწორედ აქაა დამალული დემოკრატიის მთავარი მახე: ურთიერთსაწინააღმდეგო განზრახვები მოთამაშეების სამკვდრო-სასიცოცხლოდ აპირისპირებს. ადამიანები, ვისაც თამაშის დატოვება სურთ, მათ წინააღმდეგ იწყებენ გააფთრებულ ბრძოლას, ვისაც თამაშში დარჩენა სურს. ეს სიტუაცია დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კარგი გამოძახილია, სხვადასხვა იდოლოგიების მატარებლებს ერთმანეთთან ნებსით თუ უნებლიეთ აპირისპირებენ და ხანდახან ეს დაპირისპირებები უკიდურესად მძაფრდება და საქმე სამოქალაქო ომებამდე მიდის.

ამის შემდგომ ყველაზე საინტერესო იწყება: როგორც სერიალიდან ვიგებთ, არჩევანი – ილუზიაა. მაყურებლებს აჩვენებენ, რომ ღარიბების გადარჩენისთვის საბედისწერო თამაში, რეალურად მდიდრების რეალითი შოუა. თამაშის განმკარგულებელი შავ სახასიათო ნიღაბში მოთამაშეებს ატყობინებს, რომ მათ თანასწორი უფლებები აქვთ და გამრჯვების შანსი ნებისმიერ მათგანს გააჩნია. ესაა სწორედ კაპიტალიზმის მთავარი მაქსიმა: თავისუფალი ბაზარი ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს წარმატების შანსს, მთავარია სურვილი, უნარები და აზარტი. სწორედ ამ აზრის კულტივირება ხდება დაურეგულირებელი კაპიტალიზმის აპოლოგეტების მიერ ტელევიზიით, რადიოთი, კინოთი თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, რომ ნიჭიერ და შრომისმოყვარე ადამიანებს გამდიდრების და დიდძალი ქონების დაგროვების შანსი აქვთ, თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ეს შანსები წარმოუდგენლად მცირეა გეოგრაფიული არეალის მიუხედავად. მთელი უბედურება კი ისაა, რომ ხალხი თანასწორი არ იბადება, ჩვენი საზოგადოება პრივილეგიების და მკაცრი იერარქიის მანკიერი პრაქტიკაზეა დაფუძნებული, რისი გადალახვაც ძალიან ხშირად ურთულესია.

თამაშის მასპინძელი ხმამაღლა აცხადებს, რომ ყველა ყველა მოთამაშე თანასწორია, მაგრამ ისეთ პირობებს ქმნის, როდესაც მათი უპირატესობა უბრალო შეთხვევაზეა დამოკიდებული. არცერთმა მოთამაშემ წინასწარ არ იცის, თუ რისი თამაში მოუწევს და საშუალებებს ალალბედზე არჩევს. პირველი თუ ბოლო სათამაშო ნომერით ასპარეზობა, ქალებით თუ ძლიერი მამაკაცებით დაკომპლექტებული გუნდი – რა იქნება უმჯობესი წანასწარ არავინ არ იცის. შეთხვევის დამარცხება შეუძლებელია, არჩევნის ილუზია კი მოთამაშეების უმრავლესობას ადამიანურობას უკარგავს, მთავარი გმირის სონ-გი ხუნის გარდა. თავის გადასარჩენად ისინი მზად არიან კონკურენტები სიცოცხლეს გამოასალმონ და ყველაზე სუსტებს იშორებენ თავიდან. რაიმე სამართლიანობაზე საუბარიც კი ზედმეტია, თამაშიც ისეთივე სასტიკია, როგორც რეალობა, უბრალოდ იქ ბევრად უფრო სწრაფად კვდებიან.

ცინიზმის პიკი

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცოტა ცინიკური და კომიკურია, როდესაც ეკონომიკური უთანასწორობის და კაპიტალიზმის კრიტიკა ამერიკული კორპორაციის, Netflix-ის მიერ შექმნილ პროდუქტშია გაჟღერებული. Netflix საკუთრივ ამ ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებაში საკუთარ აქტიურ როლს თამაშობს. ასე მაგალითად 2020 წელს კომპანიამ რეკორდული მოგება მიიღო, ხოლო ეფექტური საგადასახო განაკვეთის სახით მხოლოდ 0.9% გადაიხადა, $2.8 მლრდიანი მოგების პირობებში, $24 მლნ.

გიორგი მდივანი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s