პუტინის რუსეთი მემარცხენეობის დევნაში

თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური ანალიზისას ზედაპირული განათლების მქონე ლიბერალები ხშირად სვამენ ტოლობის ნიშანს საბჭოთა კავშირს და პუტინის რუსეთს შორის. ეს ცოტა კომიკურადაც კი გამოიყურება, რადგანაც რეალურად ისტორიული წარსულის გარდა თანამედროვე რუსეთს საბჭოთა კავშირთან ძალიან ცოტა რამ თუ აკავშირებს. პუტინის რუსეთი უკიდურესად ანტისოციალისტური, ველური კაპიტალიზმის და ფინანსური ოლიგარქიატის მქონე სახელმწიფოა, შეიძლება ითქვას საბჭოთა კავშირის ერთგვარი ანტიპოდია. ჩვენი დროის რუსეთს საქართველოსთან უფრო მეტი საერთო აქვს თუნდაც, ვიდრე საბჭოთა კავშირთან. საქართველოს და რუსეთს აერთიანებს არასამართლიანი საგადასახადო სისტემა, როდესაც ყველაზე ღარიბები და მდიდრები ეთნაირი საგასახადო განაკვეთით იბეგრებიან, შემოსავლების და ქონების კატასტროფულად არათანაბარი გადანაწილება – ეკონომიკური უთანასწორობის (ჯინი ინდექსის) მიხედვით საქართველო და რუსეთი რეგიონის ლიდერები არიან.

თანამედროვე რუსეთი და საბჭოთა კავშირი განსხვავდება არა მხოლოდ იდეოლოგიურ დონეზე, არამედ გატარებული პოლიტიკების მიხედვით. თუ საბჭოთა კავშირი დასავლეთის რეალური ალტერნატივა იყო სოციალისტური ეკონომიკური მოწყობის კუთხით, თან საკმაოდ მძლავრი, თანამედროვე რუსეთი დასავლური იმპერიალიზმის დანამატია.

ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს ის გარემოება, რომ პუტინის რუსეთში ჭეშმარიტი მემარცხენეობის დევნა სხვადასხა ეგიდით ხდება, რადგანაც ხალხის ხარჯზე, სახელმწიფო ქონების მიტაცებით გამდიდრებული ელიტისთვის ჰუმანური, დემოკრატიული და განმათავისუფლებელი იდეების გავრცელება და ტირაჟირება შეიძლება საფრთხედ იქცეს. კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა, პუტინის ყოფილმა მრჩეველმა – ვლადისლავ სურკოვმა, 2021 წლის ივნისში Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ: ”თავისუფლებით ზედოზირება სახელმწიფოსთვის სასიკვდილოა. ყველაფერი, რაც წამლის როლს ასრულებს, შეიძლება საწამლავიც აღმოჩნდეს. მთელი საქმე დოზირებაშია”

ამიტომაც პუტინის რუსეთში მმართველ პოლიტიკურ კლასს არ სურს მემარცხენე იდეებით მოსახლეობის ”ზედოზირება”. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან 3 სხვადასხვა იერიში ვიხილეთ მემარცხენე სუბიექტების მიმართ და დღევანდელ პუბლიკაციაში ზუსტად ამაზე გვსურს საუბარი.

DOXA

DOXA – რამდენიმე წლის წინ რუსეთში დაფუძნებული სტუდენტური საგნმანათლებლო პორტალია, სადაც თანამედროვე საუნივერსიტეტო პოლიტიკის კრიტიკული განხილვა ხდება და არამხოლოდ. DOXA-ს რედაქცია ღიად აკრიტიკებს რუსულ საგნმანათლებლო სისტემას, სტუდენტების სამოქალაქო გაერთიენებებს ეხმარება და რადიკალური ფილოსოფიის იდეების პოპულარიზაციას ახდენს: მარქსიზმის, ანარქიზმის და ფენიმინიზმის მიმართულებით. DOXA მემარცხენე დისკურსის წარმომადგენელია, გარკვეული ლიბერალური აქცენტით.

აღნიშნული ჟურნალი რუსეთის მასშტაბით ცნობილი გახდა გამოქვეყნებული მასალებით სტუდენტურ სოლიდარობაზე, აკადამიურ თავისუფლებაზე და გენდერულ პრობლემებზე რუსეთის უნივერსიტეტებში.

დაფუძნებიდან 4 წლისთავზე ჟურანალის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, არმენ არამიანმა გამოცემის მთავარი ლოზუნგი გააჟღერა: ”ნაივურობა. სოლიდარობა. პროვოკაცია”. DOXA გამოირჩევა ჰორიზონტალური რედაქციით, იერარქიის არქონით, რაც იმას ნიშნავს რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. გამოცემა მოსკოვის ”ეკონომიკის უმაღლესი სკოლის” (Высшая школа экономики) სტუდენტების ბაზაზე შეიქმნა. რამდენიმე წლის წინ ამ უნივერსიტეტმა მიიღო ეთიკური კოდექსი, რომელიც სტუდენტების და მასწავლებლებს უკრძალავს საკუთარ აფილირებას უნივერსიტეტთან პოლიტიკური თემების განხილვისას. თუმცა DOXA-ს აზრით პოლიტიკა ყველგანაა და მისი გამიჯვნა საუნივერსიტეტო საქმიანობიდან, ისევე როგორც ჩვენი ყოველდღიურობიდან, თითქმის შეუძლებელია.

მათ სპეციალური მაისურები და ჩანთებიც გამოუშვის ამ თემაზე – ”პოლიტიკა ყველგან”

2021 წლის 14 აპრილს, ჟურნალის 4 წლიანი იუბილის აღნიშვნიდან 2 თვეში ჟურნალის 4 რედაქტორის საცხოვრებელ სახლებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, ისინი დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.

გამომძიებლებმა დაკავებულთა ადვოკატებს შეატყობინეს, რომ აღძრული იყო საქმე შემდეგი მუხლით – არასრულწლოვნის ჩართვა ისეთ ქმედებაში, რაც საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის სიცოცხლეს.

როგორც დაკავების შემდეგ გაირკვა, ჩხრეკა და DOXA-ს თანამშრომლების წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება დაკავშირებულია ვიდეორგოლთან, რომელიც DOXA-ს ჟურნალისტებმა 2021 წლის 23 იანვარს გამოაქვეყნეს. მასში ავტორებმა მიმართეს სტუდენტებს და აუხსნეს, რომ უკანონოა სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მუქარა მათი გარიცხვის შესახებ თუ ისინი პოლიტიკურ აქციებში მიიღებენ მონაწილეობას. იანვარში „როსკომნადზორის“ მოთხოვნით აღნიშნული ვიდეო YouTube-იდან წაშალეს.

DOXA-ს რედაქტორების დაკავებიდან მალევე 60-მდე მეცნიერმა მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნიდან რედაქციის მხარდასაჭერი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე რომ საგნმანათლებლო საქმიანობით დაკავებული ჟურნალის თანამშრომლების დაჭერა იმის ნიშანია, რომ რუსეთში კრიტიკული აზროვნების კანონგარეშედ ქცევა სურთ. ამ წერილის ხელმომწერებს შორის არიან სლოვენიელი კულტუროლოგი და ფილოსოფოსი – სლავოი ჟიჟეკი, ამერიკელი ფილოსოფოსი ჯუდით ბატლერი და აკადემიური სფეროს ბევრი წარმომადგენელი.

აღმკვეთი ღონისძიების სახით DOXA-ს აქტივისტებს სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა. 00:00- 23:59 დროის მონაკვეთში მათ სახლის დატოვების უფლება არ აქვთ, ასევე ინტერნეტის და კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებაზეც უარი ეთქვათ.

2021 წლის 16 ივნისს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ DOXA-ს დამფუძნებლებს აღმკვეთი ღონისძიება 14 სექტემრბამდე გაუხანგრძლივა, შესაბამისად ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა მოლოდინის რეჟიმშია. აღსანიშნავია, რომ ჟურნალის რედაქტორები, ალა გუტნიკოვა და არმენ არამიანი დაკითხვებზე თემატური წიგნებით დადიან, რაც პროტესტის კრეატიულ ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ. ერთ-ერთ პირველ დაკითხვაზე არმენმა თან წაიღო ფრანგი ინტელექტუალის, მიშელ ფუკოს წიგნი ”ზედამხედველობა და დასჯა”, იმის შესახებ თუ როგორც ახდენს რეპრესიული სახელმწიფო საკუთარი ძალაუფლების რეალიზებას დასჯის და დისციპლინის მეშვეობით. ალა გუტნიკოვა კი ვალტერ ბენიამინის ესეების კრებულით ხელში დააფიქსირეს ფოტოკამერებმა.

როგორც DOXA-ს რედაქტორები აცხადებენ, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ის წნეხი, რასაც ჟურნალისტური საქმიანობა აწყდება პუტინის რუსეთში უპრეცენდენტოა, მაგრამ DOXA-ს დამფუძნებლები ამის გამო საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებენ.

ოლეგ პლატოშკინი – «ახალი სოციალიზმისთვის»

ოლეგ პლატოშკინი გახლავთ რუსი პოლიტიკოსი, დიპლომატი, პოლიტოლოგი და ისტორიკოსი. მან 2 წლის წინ საზოგადოებრივი მოძარობა დააფუძნა სახელად «ახალი სოციალიზმისთვის». მოძრაობის გაცხადებული მიზანი რუსეთში განახლებული სოციალიზმის აღდგენაა კანონიერი გზით – არჩევნების შედეგად. სტატისტიკური მონაცემებით აღნიშნულ პარტიაში უკვე 80 000-მდეა გაწევრიანებული და ის სიდიდით მე-2 მემარცხენე პარტია გამოდის რუსეთის მასშტაბით რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის შემდეგ.

პლატოშკინის წარსულს თუ გავიხსენებთ 2010-იან წლებში ის ხშირად გამოდიოდა რუსეთის ფედერალურ ტელევიზიებზე, სადაც დასავლეთის და ლიბერალიზმის კრიტიკით გამოირჩეოდა.

პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ ოლეგ პლატოშკინმა საკუთარ მხარდამჭერებს და Youtube არხის გამომწერებს პოლიტიკური პროგრამა წარუდგინა: «ქვეყანა დემოკრატიის უკმარისობისგან იხრჩობა. ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია საკმაოდ სახიფათოა» – აღნიშნავდა ის. რუსეთის გადასარჩენად ყოფილი დიპლომატი შემდეგი ნაბიჯების გადადმას მიიჩნევს საჭიროდ: საპენსიო რეფორმის გაუქმება, უფასო საშუალო და უმაღლესი განათლება, ერთიანი სახელმწიფო გამოცდის გაუქმება, პროგრესული საშემოსავლო გადასახადის დანერგვა, 1991 წელს გაყინული საბანკო ანაბრების კომპენსირება და ა.შ

ასე მაგალითად რუსეთის სახელმწიფო არხების ეთერში პლატოშკინი ღიად დაუპირისპირდა რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ოლიგარქს, 90-იანი წლების რუსეთის პრივატიზაციის ერთ-ერთი ავტორს და ”თავისუფალი ბაზრის” გულმხურვალე ადეპტს, ანატოლი ჩუბაისს. ის ასევე ღიად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას საპენსიო რეფორმის გამო. პლატოშკინის მემარცხენე იდეების მხარდამჭერთა რაოდენობა, ისევე როგორც მისი გამომწერებისა დღითიდღე იზრდებოდა. Youtube-ის ოფიციალურ არხზე მისი გამომწერების რაოდენობამ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მომენტისთვის 477 000-ს ადამიანს შეადგენდა, ხოლო პროცესის დასრულების შემდეგ 617 000-მდე გაიზარდა.

2020 წლის 4 ივნისს ოლეგ პლატოშკინი მოსკოვში დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტმა რუსი პოლიტიკოსი საკუთარ Youtube არხზე არეულობების ორგანიზებაში და კორონავირუსთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, რაც უფრო გამოცხობილ ბრალდებას წააგავდა, ვიდრე რეალურს. მოგვიანებით, მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ მას შინაპატიმრობა შეუფარდა. თითქმის 1 წლის განმავლობაში მას სახლის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, გასეირნების მიზნითაც კი. ამან კი პლატოშკინის ჯანმრთელობის გაურესება გამოიწვია და დაპატიმრებიდან 2 თვეში ის პრეინფარქტული მდგომარეობის გამო საავდმყოფოს რეინიმაციაში მოხვდა. საბედნიეროდ ის გადარჩა. ერთი წლის განმავლობაში საგამოძიებო ჯგუფმა რეკორდულად რაოდენობის მასალა შეაგროვა, რაც 27 ტომს მოიცავდა. 2020 წლის 15 ივნისს Amnesty International-მა პლატოშკინი სინდისის პატიმრად აღიარა.

This image has an empty alt attribute; its file name is kmo_181897_00083_1-1152x768-1.jpg
განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოლეგ პლატოშკინს მისი მხარდამჭერები ეგებებიან

2021 წლი 19 მაისს მოსკოვის გაგარინის რაიონის სასამართლომ პლატოშკინის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 5 წლიანი პირობითი მიესაჯა და 700 ათასი რუსული რუბლის ოდენობის მსხვილი ფულადი ჯარიმა. ის ვერ შეძლებს 2021 წლის 19 სექტემბერს რუსეთში დაგეგმელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მისი სიტყვებით რუსეთის ხელისუფლების მთავარი მიზანი წინასაარჩევნოდ არასახარბიელო კონკურენტების განიტრალებაა, და საკუთარ თავსაც მათ რიცხვს მიაკუთვნებს, ისევე როგორც ალექსეი ნავალნის.

პაველ გრუდინინი

რუსეთის ხელისუფლების მე-3 სამიზნე მემარცხენე ტალღიდან ცნობილი პოლიტიკოსი და მეწარმე პაველ გრუდინინი გახდა. ის 1995 წლიდან «ლენინის სახელობის საბჭოთა მეურნეობის» დირექტორი იყო. ეს საწარმო რუსეთში კენკროვანი ხილის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და ზოგადად გრუდინინმა ეს კომპანია საკმაოდ წარმატებულად აქცია.

2018 წელს მემარცხენე ძალებს შორის ჩატარებული ინტერნეტ პრაიმერიზის ფარგლებში პაველ გრუდინინმა გამარჯვება მოიპოვა და ”რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის” სახელით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად დასახელდა, იმის მიუხედავად რომ ის იმ მომენტისთვის პარტიის წევრი არ იყო. არჩევნების მასობრივი გაყალბების ფონზე გრუდინინი 11.77%-ით II ადგილზე გავიდა. საერთო ჯამში მან 8 660 000 ხმა მიიღო.

აღსანიშნავია რომ წარსულში, (1997-2011 წლებში) გრუდინინი მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატი იყო. 2007-2010 წლებში მან ამჟამინდელი მმართველი პარტიის ”ერთიანი რუსეთის” წევრობაც მოასწრო.

პაველ გრუდინინი

2021 წლის 24 ივლისს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატების ფედერალური სიიდან ჩახსნა რუსეთის კომპარტიის კანდიდატი სახელმწიფო დუმაში, პაველ გრუდინინი (КПРФ). აღნიშნული გადაწყვეტილების საბაბი გახდა ის, რომ გრუდინინს უცხოური ბანკის ანგარიშზე აქტივები გააჩნდა.

გრუდინინის ყოფილმა ცოლმა ცესკოს მიმართა და განაცხადა, რომ მის ყოფილ მეუღლეს უცხოურ ოფშორულ კომპანიებში წილები გააჩნია, რაც არ ასახა საკუთარ დეკლარაციაში, როგორც სახელმწიფო დუმის დეპუტატობის კანდიდატმა. მსგავი პრეტენზიები გრუდინინის მიმართ 2018 წელსაც არსებობდა, როდესაც ის საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწილეობდა, თუმცა მაშინ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვერ იპოვეს. როგორც თვით გრუდინინი აცხადებს მან ყველა ანგარიში ოფშორებში ჯერ კიდევ 2018 წელს დახურა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

აღსანიშნავია, რომ პაველ გრუდინინი საკმაოდ მაღალი რეიტინგით სარგებლოს რუსეთში და ფაქტიურად ალექსეი ნავალნის შემდეგ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მხარდაჭერა გააჩნია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის, უბრალოდ ნავალნისგან განსხვავებით ის მემარცხენე პოლიტიკის დღის წესრიგის მომხრეა. ხელისუფლების მიერ მისი დევნის 2 რეალური მიზეზი იკვეთება: პირველი და უმთავრესი ალბათ მისი, როგორც უხერხული პოლიტიკური ოპონენტის გაინეტრალებაა, ხოლო მეორე – ფინანსური ინტერესი. დეპუტატობის შეთმხვევაში გრუდინი იმუნიტეტს მიიღებდა, რაც მთავრობას მისი კომპანიის და კონკრეტულად მის სამართლებრივ დევნას გაურთულებდა. «ლენინის სახელობის საბჭოთა მეურნეობის» მიმართ კი ხელისუფლების კლანებს ეკონომიკური ინტერესი გააჩნიათ. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რაიმე საბაბით პაველ გრუდინინს წაართმევენ “Совхоз имени Ленина”-ის აქციებს, რაც ჯერ კიდევ შერჩა მას.

ქართველ მკითხველს უფრო ფართო წარმოდგენა რომ შეექმნას გრუდინინის პერსონაზე, გთავაზობთ მის ინტერვიუს 2018 წელს, ცნობილ რუს ჟურნალისთან იური დუძთან, სადაც ის საკმაოდ საინტერესოდ საუბრობს იმ ლიბერალურ მითებზე, რითაც რუსეთის მსგავსად საქართველოცაა მოცული როცა ზოგადად მემარცხენეობას ეხება საქმე, საბჭოთა წარსულს, სტალინის პიროვნებას და ა.შ

მმართველი პარტიის, “ერთიანი რუსეთის” რეიტინგი წინასაარჩევნოდ ისტორიულ მინიმუმდეა დაცემული და ბოლო სოციოლოგიური კვლევის თანახმად მათ მხოლოდ გამოკითხულთა 27% უჭერს მხარს. ამ პირობებში რუსეთის მთავრობა ყველა ხერხს მიმართავს მემარცხენე-პატრიოტული ძალების დისკრედიტაციის და თამაშიდან გაყვანის მიზნით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s