5 ფილმი II მსოფლიო ომზე, რომელიც უნდა ნახოთ

II მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, შემზარავი და სისხლიანი მოვლენა იყო, სადაც 80 მილიონამდე ადამიანი იქნა მოკლული, ნაწამები და უგზოუკლოდ დაკარგული. მთლიანი ქალაქები და სოფლები განადგურდა, ისტოორის მსვლელობამ მიმართულება შეიცვალა. ამიტომაც II მსოფლიო ომის თემაზე უამრავი ფილმია გადაღებული. საბჭოთა ხალხების თავდადება, ტანჯული ოჯახების ისტორიები, ადამიანების დანგრეული მომავალი კინოხელოვნების ცენტრალურ თემას წარმოადგენდა დიდი ხნის განმავლობაში.

წარმოგიდგენთ 5 ფილმს II მსოფლიო ომზე, რომლის ყურებასაც პოლიტიკანო გულმოდგინებით გირჩევთ:

მიფრინავენ წეროები – 1957

(Летят журавли) – 1957

ქართველი რეჟისორის მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი მეორე მსოფლიო ომის შესახებ, რომელსაც საფუძვლად უდევს ვიქტორ როზოვის ამავე სახელწოდების პიესა. უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი კინემატოგრაფის ისტორიაში, სადაც ტყვიების ზუზუნის და დაბომბვების გარეშე გადმოცემულია II მსოლფიო ომის მთელი სიმძიმე. ”მიფრინავენ წეროები’‘ ბევრი ასპექტით უნიკალური ფილმია, ეს არის ერთადერთი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ფილმი, რომელსაც მოგებული აქვს ოქროს პალმის რტო – კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი.

როგორც იმ ეპოქაში მცხოვრები ხალხი ყვებოდა, ხშირი იყო გულის შეტევის შემთხვევები, როდესაც ომგამოვლილი ადამიანები ამ შედევრს უყურებდნენ წლების შემდეგ.

მიხელ კალატოზიშვილი მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ”მიფრინავენ წეროები” იყო ფრანგული ახალი ტალღის (Nouvelle Vague) წინამორბედი, იქამდე სადაც ევროპაში კინემატოგრაფის ახალი, რევოლუციური მიმართულება ჩამოყალიბდებოდა, საბჭოთა კავშირში ფაქტიურად ის უკვე არსებობდა. ფილმში ცალკე აღნიშვნის ღირსია ოპერატორის ნოვატორული მუშაობა, კამერის 360°-იანი ბზრიალი დრამატული მომენტებისას და რა თქმა უნდა განუმეორებელი ტაწიანა სამოილოვა, რომელმაც ფილმის გამოსვლის შემდეგ სრული ფურორი მოახდინა.

მიხეილ კალატოზოვი და ტაწიანა სამოილოვა ფილმის გადაღებისას

ჯარისკაცის მამა -1957

Отец солдата -1957

რეზო ჩხეიჩის შედევრი, რომელიც II მსოფლიო ომის თემაზე გადაღებულ ფილმებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ფილმადაა მიჩნეული. სერგო ზაქარიაძის ბენეფისი, რაც მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1965 წელს სათანადოდ დააფასეს და მას ვერცხლის პრიზი მიანიჭეს მამაკაცის საუკეთესო როლისთვის.

„ჯარისკაცის მამა“ ქართული კინემატოგრაფიის ჭეშმარიტი შედევრია. რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ამ ფილმით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ თანამემამულეებს ხელთუქმნელი ძეგლი აუგო. კინოსურათის პირველი ჩვენება1965 წლის 13 მაისს გაიმართა. მას შემდეგ ფილმს ოდნავაც არ დაუკარგავს კინემატოგრაფიული ხიბლი – მეტიც, ძველი ღვინოსავით, სულ უფრო და უფრო ფასეული ხდება.

სცენარის ავტორი სულიკო ჟღენტი დიდი სამამულო ომის დროს მოხალისედ წავიდა ფრონტზე, სადაც საზღვაო დესანტში მსახურობდა და მძიმედ დაიჭრა. «ჯარისკაცის მამის» პროტოტიპი სწორედ სულიკო ჟღენტთან ერთად მსახურობდა.

კახეთში ფილმის მთავარი გმირის – გიორგი მახარაშვილის ძეგლი დგას. იქვე არის დიდების მუზეუმი, სადაც მახარაშვილის სოფლიდან II მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების სახელებია ამოტვიფრული. ჯარისკაცების 40% ასევე მახარაშვილი იყო გვარად.
სერგო ზაქარიაძე და სოფი ლორენი წითელ მოედანზე, 1965 წ.

ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ – 1975

Они сражались за Родину – 1975

ფილმის მოქმედება 1942 წლის ივლისში ვითარდება. სტალინგრადის მისადგომებთან, გამოფიტული საბჭოთა მეომრები ურთულეს თავდაცვით ბრძოლაში არიან ჩართულნი და დიდ ადამიანურ დანაკარგებს განიცდიან. ფილმი მოგვითხრობს რიგითი ჯარისკაცების გმირობას, მშობლიური მიწის სიყვარულის და გამარჯვების ნამდვილი ფასის შესახებ. ფილმი გადაღებულია ნობელიანტი საბჭოთა კლასიკოსის მიხეილ შოლოხოვის იმავე სახელის რომანის მიხედვით.

ფრონტის ხაზზე მებრძოლი სერგეი ბონდარჩუკისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებს II მსოფლიო ომი კარგად ხსომებოდათ ან მონაწილეობა ჰქონოდათ მიღებული, ამიტომაც იური ნიკულინი, ვასილი შუკშინი და ვიაჩესლავ ტიხონოვი პრობების გარეშე დაამტკიცეს.

”ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ” ერთი-ერთი ყველაზე ყურებადი და მაღალრეიტინგული საბჭოთა ფილმია. ფილმი გამორჩეულია იმითაც, რომ მოქმედება ომში მონაწილე ჯარისკაცების გამოსახედიდან ვითარდება.

ივანეს ბავშვობა – 1962

Иваново детство – 1962

რა თქმა უნდა II მსოფლიო ომზე ფილმების სია სრულყოფილი არ იქნებოდა, კინოს მაესტროს, მისი აღმატებულება ანდრეი ტარკოვსკის გარეშე. სწორედ ამ ფილმით შედგა ტარკოვსკის სარეჟისორო დებიუტი 1962 წელს. იმ დროს ცნობილი სხვა თემატური ფილმებისგან განსხვავებით, ფილმში ყურადღების ცენტრშია არა საბჭოთა კავშირის მიერ მოპოვებული სამხედრო წარმატება, არამედ ერთი ადამიანის ტრაგიკული ბედი.

ივანეს ბავშვობა საკმაოდ ადრე დამთავრდა: გერმანელებმა მისი და დედა დახვრიტეს, ხოლო თვითონ შურისძიების გრძნობით განმსჭვალული იძულებულია მზვერავი გახდეს. ომობანა, რომელიც მშვიდობიანი დროების დროს ბავშვების გართობის ერთ-ერთი ფორმა იყო, ივანესთვის შემზარავი რეალობა ხდება.

სხვადასხვა რაკურსები, სიზმრების ასახვა, ოპერატორის შესანიშნავი ნამუშევარი, ავთენტურად გადმოცემული ერთი ადამიანის დრამა, მისი ტრაგიკული მეტამორფოზები და მასტერკლასი.

იმავე, 1962 წელს ”ივანეს ბავშვობამ” ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს ლომი მოიპოვა.

მიდი უყურე – 1985

Иди и смотри – 1985

ალბათ საუკეთესო ანტისამხედრო, პაციფისტური ფილმი, რომელიც შექმნილია II მსოფლიო ომის უშუალო მონაწილეების მიერ – რეჟისორი, ელემ კლიმოვი სტალინგრადელი ბავშვი იყო, როდესაც საკუთარი თვალით იხილა ამ ომის მთელი სისასტიკე, ხოლო სცენარისტი, ალეს ადამოვიჩი ბელარუსი პარტიზანი იყო. ომის ადამიანური სისტიკის შესახებ ყველაზე რეალისტური ფილმი, სადაც არ არის ურთიერთსროლა, სპეცეფექტები, ყალბი თამაში და ზედმეტი პათეტიკა. ყველაფერი იმდენად რეალურია, რომ თქვენ ფილმის მთავარ გმირის გვერდით შეიძლება ამოყოთ თავი. ფილმში მოთხრობილი ისტორია, რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებელი, რაც მაყურებლის შოკის ეფექტს აძლიერებს.

ტრაგიკული ფილმის ცენტრში ნაცისტური მხეცობის სიმბოლო – ბელარუსული სოფლის ხატინის ტრაგედია, რომლის მაცხოვრებლებიც ცოცხლად ამოწვეს. როგორც ელემ კლიმოვი ამბობდა, მისი მიზანი იყო ხატინის ტრაგედიის შესახებ მთელ მსოფლიოს გაეგო და ეს გარკვეულწილად შეძლო კიდევაც.

დოკუმენტური რეალიზმი ომის საშინელებებზე და ნაცისტების გაუგონარ დანაშაულზე. ფილმის მთავარი გმირა ფლორა რამდენიმე დღეში მორალურად ბერდება და მოზარდიდან მოხუცად იქცევა.

”მიდი უყურე” – ვენეციის და მოსკოვის კინოფესტივალების პრიზები, IMDB-ზე 8.3 რეიტინგი, სტალინსლავსკის მეთოდიკით გადაღებული ფილმი, 14 წლის ალექსეი კრავჩენკო ყოველგვარი სამსახიობო გამოცდილების გარეშე მთავარ როლში, ავთენტურად გადმოცემული ომის საზარელი მხარე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s