დევიდ კორტენი – ადამიანზე ორიენტირებული განვითარება

maxresdefault.jpg

დეივიდ კორტენი განვითარების სფეროს პროგრამებს ახორციელებდა ფილიპინებზე ფორდის ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში. შემდეგ მან თავისი საქმიანობა ამერიკის განვითარების სააგენტოში (USAID) გააგრძელა, ხოლო ამჟამად გლობალიზაციის წამყვანი კრიტიკოსია. მან მნიშვნელოვანი ნაშრომი შექმნა სახელწოდებით „21-ე საუკუნეში შებიჯება“, რომელიც 1990-იან წლებში განვითარების თეორიის შემუშავების საკითხებს ეძღვნება. კორტენმა ადამიანებზე ორიენტირებული განვითარება ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებულ განვითარებას შეადარა, რომელსაც ბევრი დასავლური მთავრობა უჭერს მხარს (იხილეთ დიაგრამა).

ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული
განვითარება

ადამიანებზე ორიენტირებული
განვითარება

მატერიალური საგნების მოხმარება

ადამიანთა კეთილდღეობა

შეძლებულთა საჭიროებები

ღარიბების საჭიროებები

ბიზნესი ან კორპორაცია

ოჯახი

კონკურენცია

თემები და საზოგადოება

ექსპორტიორები

ადგილობრივი ბაზრები

გარეშე მფლობელი (არ ცხოვრობს იქ,
სადაც მისი აქტივებია)

ადგილობრივი მფლობელი

სესხები და ვალები

დაზოგვა და განაწილება

სპეციალიზაცია

დივერსიფიკაცია

ერთმანეთზე დამოკიდებულება

საკუთარ თავზე დაყრდნობა

გარემოსდაცვითი ხარჯების
ექსტერნალიზაცია

გარემოსდაცვითი ხარჯების
ინტერნალიზაცია

კაპიტალისა და მომსახურებების
თავისუფალი ნაკადები

ინფორმაციის ნაკადები

განვითარების ორი კონცეფცია

კორტენის აზრით, 21-ე საუკუნის ბოლოსთვის სამყარო დაიტანჯება კრიზისისაგან, რომელსაც სამი განზომილება ექნება: სიღარიბე, გარემოს განადგურება და სოციალური გათიშულობა (დისინტეგრაცია) (1990, 114). მან განვითარება აღწერა, როგორც

„პროცესი, რომლის მეშვეობითაც საზოგადოების წევრები პირად და ინსტიტუციურ შესაძლებლობებს ავითარებენ რესურსების მობილიზაციისა და მართვის მიზნით, რათა უწყვეტად/მდგრადად აწარმოონ პროდუქცია და სამართლიანად გაანაწილონ იგი, რის შედეგადაც საბოლოოდ მათი ცხოვრების დონე შესაბამისობაში იქნება მათ მისწრაფებებსა და საჭიროებებთან“ (1990, 67).

კორტენის საკვანძო ტერმინებია „პროცესი“, „შესაძლებლობები“, „უწყვეტი“/„მდგრადი და სამართლიანი“ და „საკუთარ მისწრაფებებსა და საჭიროებებთან შესაბამისობა“. განვითარება არ არის რაღაც წერტილი ან ნიშნული, რომელსაც საბოლოოდ მივაღწევთ. მას არ გააჩნია დასასრული, ის უწყვეტი პროცესია. ეს პროცესი, კორტენის შესაბამისად, სამი ძირითადი პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს. ესენია: უწყვეტობა/მდგრადობა, სამართლიანობა და ინკლუზია.

„მდგრადობას“ კორტენი მოიაზრებს, როგორც განვითარებას, რომელიც ბუნებისა და რესურსების მდგრადობის მიღწევას ისახავს მიზნად. „სამართლიანობა და ინკლუზია“, კორტენის აზრით, დაგვეხმარება სოციალური დეზინტეგრაციისა და უფლებამოსილების შეზღუდვის აღმოფხვრაში, რომელიც თან ახლავს სიღარიბეს და მთავრობებისა და სოციალური სისტემების მიკერძოებულობას იწვევს შეძლებულების სასარგებლოდ, რომლებიც, იმავდროულად, ყველაზე მსხვილი მომხმარებლები არიან.

ტერმინში „საკუთარ მისწრაფებებსა და საჭიროებებთან შესაბამისობა“ კორტენი გულისხმობს, რომ ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ რისი გაუმჯობესება ესაჭიროებათ და როგორ უნდა მივაღწიოთ გაუმჯობესებას. განვითარების პროგრამა არ უნდა შემუშავდეს გარეშე ადამიანების მიერ.

კორტენის კიდევ ერთი დამსახურება ისაა, რომ მან ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ განვითარების სააგენტოს უნდა ჰქონდეს გარკვეული ფილოსოფია, რომელიც სიღარიბის ხასიათსა და მიზეზებზე სააგენტოს თვალსაზრისს უნდა ასახავდეს. იგი მოუწოდებს სააგენტოებს, რომ საკუთარი ვარაუდები გამოხატონ სიღარიბესა და მის გამომწვევ მიზეზებზე და შემდეგ კრიტიკულად შეაფასონ ეს ვარაუდი საკუთარი გამოცდილების მისადაგებით. თეორიის უქონლობის პირობებში განვითარების სააგენტო გარდაუვლად გადაიქცევა დახმარების სააგენტოდ, რომელიც სიღარიბის ყველაზე უფრო ხილული და ხელშესახები სიმპტომების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული. დახმარების სააგენტო, რომელიც თეორიის გარეშე მოქმედებს, საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას, რადგანაც მან, თავისდა უნებურად, შესაძლოა, პირიქით, გააძლიეროს სწორედ ის ძალები, რომლებიც იწვევს ადამიანების სიღარიბეს, ტანჯვასა და უსამართლობას (1990, 113).

კორტენი ადგენს განვითარების ზომების ტიპოლოგიას, რომლის ყოველი კომპონენტი ასახავს სიღარიბის პრობლემის მოაზრებას (იხილეთ დიაგრამა 5-3). კორტენის პრობლემების განსაზღვრის ტიპოლოგია საგნების დეფიციტისა და უნარების უქონლობიდან და ინერტულობიდან გადადის სოციალური და კულტურული სისტემების არაეფექტურობასა და მობილიზაციის კონცეფციის უქონლობაზე. განვითარების ღონისძიებებიც შესაბამისად იცვლება და იგი ადამიანების გამოკვებიდან სისტემების უფლებამსილების გაზრდაზე, მდგრადი სოციალური სისტემების დანერგვასა და ადამიანების მობილიზაციაზეა ორიენტირებული. ზომების ეს ბოლო ორი წყება ფრიდმანის მიერ შემოთავაზებულ ზომებს ეხმიანება. კორტენი ამ ზომებს განვითარების სტრატეგიის ოთხ თაობას უწოდებს, რადგანაც ისინი სიმპტომებზე რეაგირებიდან (დახმარება) სიღარიბის გამომწვევი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრისკენ არიან მიმართული (მდგრადი განვითარება). განვითარების სააგენტოების უმეტესობა მუშაობას კორტენის მიერ აღწერილი პირველი დონიდან იწყებს და შემდეგ მეორე დონეზე, ანუ თემების

განვითარებასა და მდგრადი სისტემების დანერგვაზე, გადადის. კორტენი მოგვიწოდებს, მის მიერ შემოთავაზებულ მეოთხე დონეზე გადავიდეთ. მისი აზრით, ასე მიიღწევა ღარიბების ცხოვრების ტრანსფორმაცია.

 

განვითარების ზომების კორტენისეული ტიპოლოგია

განვითარების შესახებ კორტენის მოსაზრებებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ სფეროს ფორმირებაში. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეაა განვითარება როგორც პროცესი და არა როგორც საბოლოო მიზანი ან დანიშნულების ადგილი. იგი სამართლიანი სოციალური სისტემებისა და მდგრადი ეკოლოგიის მნიშვნელობაზეც საუბრობს. რასაკვირველია, კორტენის მიერ შემოთავაზებულ ადამიანებზე ორიენტირებულ განვითარების მიდგომას აქვს სადავო ასპექტები, მაგრამ მისი შედარება ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ განვითარებასთან უაღრესად სასარგებლოა ამ უკანასკნელის სუსტი მხარეების გამოსავლენად, მით უფრო, რომ ეს მიდგომა ძალიან პოპულარულია და ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

inspiring_leaders.jpg

კორტენი განვითარების სულიერ ასპექტებსაც შეეხო და განვითარების პროცესებში რელიგიის მნიშვნელოვან როლზე მიგვითითა. მისი აზრით,

„ისეთი საკითხები, როგორებიცაა ძალაუფლებით სარგებლობა, ფასეულობები, სიყვარული, ძმობა, მშვიდობა და ადამიანების უნარი, იცხოვრონ ჰარმონიაში, რელიგიის ფუნდამენტური საკითხებია, რაც განვითარების პროცესებში ეკლესიისა და საზოგადოების მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს“ (1990, 168).

ჩარლზ ელიოტის მსგავსად (1987), კორტენი ამბობს, რომ „ადამიანის სული ისე უნდა გაძლიერდეს, რომ სიხარბე და ეგოიზმი ნაკლებად დომინანტური იყოს მასში“ (1990, 168). კორტენი ცდილობს, დაეხმაროს იმათ, ვინც განვითარებას ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებულ მიდგომებში ხედავს, რათა მათ მისი აზრი გაიზიარონ. რანაირად შეიძლება ჩაუნერგო ადამიანებს ისეთი ფასეულობები, როგორებიცაა სამართლიანი გადანაწილება და მდგრადობა? იგი ასკვნის, რომ ფასეულობების ფორმირება, მათ შორის ძალაუფლების გადანაწილება, „ყველა რელიგიური მიმდინარეობის არსს წარმოადგენს“ (1990, 168). კორტენს ესმის, რომ ფასეულობების ჩანაცვლება არ არის ადვილი და ამ სფეროში რელიგიის როლს უსვამს ხაზს. იგი მიგვითითებს, რომ რელიგიური ინსტიტუტები ხშირად თავადაც სცოდავენ და ყოველთვის თავიანთი ნაქადაგევი ფასეულობების შესაბამისად არ იქცევიან, მაგრამ ისინი მაინც ყველაზე უფრო შესაფერისი კანდიდატები არიან მოცემულ სფეროში ტრანსფორმაციის მისაღწევად. კორტენი აღიარებს რელიგიური ორგანიზაციების როლს აღნიშნულ პროცესებში, თუმცა მიიჩნევს, რომ პროზელიტიზმი და სარწმუნოების შეცვლა მისასალმებელი არ არის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იგი რელიგიაზე დაფუძნებით ფასეულობების ფორმირების მხარდამჭერია, ოღონდ იმ პირობით, რომ ამას თან არ უნდა ახლდეს ადამიანების დარწმუნების მცდელობა, რომ საკუთარი რელიგიური მრწამსი შეიცვალონ.

კორტენი რამდენიმე შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს. იგი ზედმეტად ოპტიმისტია, როდესაც მოელის, რომ ცხოვრების დონის ამაღლებასთან ერთად ცხოვრების ერთნაირი ხარისხი მისაღები იქნება ყველა ადამიანისთვის, თუ ის თავად თემმა განსაზღვრა. ადგილობრივი მისწრაფებებისა და მოსაზრებების ფორმირება ადგილობრივი კულტურის, მრწამსისა და სოციალური სტრუქტურების ზეგავლენით ხდება. როგორც ჯაიკუმარ ქრისტიანმა განმარტა, ადგილობრივი მსოფლმხედველობის მიღება ყოველგვარი კრიტიკული შეფასების გარეშე ზოგჯერ სიღარიბის წყარო ხდება და არა ამ პრობლემის გადაჭრის გზა. დაბოლოს, კორტენის მეოთხე თაობის სტრატეგია მობილიზაციის შესაბამისი კონცეფციის არსებობას გულისხმობს, მაგრამ კორტენი არ გვპასუხობს ისეთ შეკითხვებზე, როგორებიცაა: ვისია ეს კონცეფცია? რა ხდის ამ კონცეფციას ადეკვატურს? საიდან ჩნდება ასეთი კონცეფცია?

კორტენის განვითარების ზომების ტიპოლოგია ძალიან ბევრ ასპექტს წარმოაჩენს, მაგრამ მას გარკვეული სახიფათო ასპექტებიც ახასიათებს. იგი თავის ოთხთაობიან სტრატეგიას ევოლუციის ისტორიის მსგავსად აგებს, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის სოციალური სწავლების პროცესი, რომლის დროსაც სააგენტოები სიმპტომების მკურნალობიდან მიზეზების გამოვლენამდე მიდიან. კორტენი ფიქრობს, რომ განვითარების სააგენტოებმა უნდა შეწყვიტონ ყურადღების გამახვილება უფრო დაბალ დონეებზე (სიმპტომები) და მხოლოდ მიზეზებზე გააკეთონ აქცენტი. დაისმის კითხვები: იდეალური განვითარების სააგენტო მეოთხე თაობის სააგენტოა, თუ განვითარების სააგენტოებმა ოთხივე დონეზე ერთდროულად უნდა იმუშაონ? შეუძლია ნებისმიერ სააგენტოს ეფექტურდ იმუშაოს ამდენი მიმართულებით? თუ განვითარების სააგენტოებმა დახმარების სააგენტოებთან და ადვოკატირების ჯგუფებთან პარტნიორობით უნდა იმუშაონ სოციალურ უზრუნველყოფაზე, დახმარებაზე, თემების განვითარებაზე, მდგრადი სისტემების ჩამოყალიბებასა და ადამიანების მობილიზაციაზე? გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსაზრება, თითქოს ადამიანთა ჯგუფები და მოძრაობები მდგრად სოციალურ ცვლილებებს იწვევენ, პრაქტიკით არ დასტურდება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s