ქართული ბანკების მოგებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

1356180966_bankebi
2015 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესი საბანკო სექტორია. ეკონომიკის ვარდნასა და ეროვნული ვალუტის დევალვაციას კომერციულ ბანკებზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ეროვნულ ბანკს დეკემბრის საბოლოო მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ბოლო კვარტლების ტენდენციით, წლევანდელ წელს ეს სექტორი, სავარაუდოდ, რეკორდული რაოდენობის მოგებით დაასრულებს.

მიუხედავად გაცვლითი კურის ცვლილების ეფექტით გამოწვეული შეზღუდვებისა, საბანკო სექტორი დამაჯერებელი ნაბიჯებით განაგრძობს ზრდას და ერთი წლის განმავლობაში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები – 24,7%-ით გაიზარდა და 24,4 მილიარდ ლარს შეადგენს. წლის ბოლოსთვის კომერციული ბანკების წმინდა მოგება ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბებს და ეს იქნება მოგების ისტორიული მაქსიმუმი კომერციული ბანკების ისტორიაში. საბანკო სექტორის ფინანსური ინდიკატორების გაანალიზებისას ირკვევა, რომ მოგების მკვეთრი ზრდა ამ დარგის განვითარებასთან ერთად ლარის კურსის ცვლილებამაც განაპირობა. ერთ წელიწადში თითქმის 1 მილიარდი ლარით გაიზარდა კომერციული ბანკების შემოსავალი და 3,148 მილიარდ ლარს მიაღწია. აქედან, 1,980 მილიარდი ლარი პროცენტებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის და ეს მაჩვენებელი 400 მილიონი ლარით აღემატება შარშანდელ პროცენტულ შემოსავლებს.

არსებული მონაცემებით, ასევე 1 მილიარდ დოლარზე მეტის შემოსავლები მიიღეს ბანკებმა ფიზიკური პირებიდან (188 მილიონი ლარით მეტი), ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მაჩვენებელმა 730 მილიონი ლარი შეადგინა (150 მილიონ ლარით მეტი). საბანკო სექტორისთვის მთავარი შემოსავლის წყარო ისევ ფიზიკური პირები რჩება და მათთვის განსაკუთრებით მომგებიანი სამომხმარებლო სესხებია, მაღალი პროცენტითა და მოკლე ვადით. 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, კომერციულ ბანკებს 2,5 მილიარდი ლარის სამომხმარებლო სესხები აქვთ გაცემული და ამ მიმართულებით ტენდენცია მუდმივად მზარდია. ერთ წელიწადში სამომხმარებლო სესხების მოცულობა ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა.

საკმაოდ სოლიდურ შემოსავლებს იღებენ ბანკები საკომისიოებიდან და გამონაკლისი არც 2015 წელი ყოფილა. მხოლოდ საბანკო მომსახურებებზე დარიცხული საკომისიოების სახით ბანკების შემოსავალმა – 247 მილიონი ლარს მიაღწია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბანკო სექტორი ასევე რეკორდულად მაღალი წმინდა მოგებით ასრულებენ 2015 წელს. ერთ წელიწადში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 71,2 მილიონი ლარით გაიზარდა და ნოემბერში 453 მილიონ ლარს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი 18,67%-ით აღემატება 2014 წლის და 16,05%-ით 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ წლის ბოლოსთვის საბანკო სექტორი ნახევარ მილიარდ ლარის მოგებაზე გავა. 2014 წელი კი კომერციულმა ბანკებმა 475 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს.

“ბუნებრივია, აქტივებისა და კრედიტების მოცულობის ზრდასთან ერთად, კომერციული ბანკების შემოსავალიც იზრდება. ამ პროცესს ხელს უწყობს უზარმაზარი პრეფერენციები საბანკო სექტორისთვის, რაც ეკონომიკის სხვა დანარჩენი სექტორებისთვის საერთოდ არ არსებობს. გარდა ამისა, მაღალი საპროცენტო განაკვეთები უფრო უნდა ზრდიდეს კომერციული ბანკებისთვის მოგებას”,- ამბობს საბანკო სპეციალისტი ლია ელიავა და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა საქართველოში საკმაოდ კარგად არის აწყობილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის მიხეილ თოქმაზიშვილის განცხადებით, ბანკების მიერ რეკორდული მოგების მიღება გარკვეულწილად ეროვნული კურსის ცვალებადობასაც უკავშირდება.

“ფულს გააჩნია რეალური ღირებულება დროში ანუ რაც დრო გადის მისი ღირებულება იცვლება და შესაბამისად ბანკებმა და საფინანსო ორგანიზაციებმა ძალიან კარგად იციან, რომ არ უნდა გასცენ ისეთი სახის ფული, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ გაუფასურდება. ამას ემატებოდა ფულის გაუფასურების ბუნებრივი პროცესი”, – ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი და დასძენს, რომ კომერციულმა ბანკებმა პრევენციის მიზნით, ლარში გაცემულის სესხებიც დოლარის კურსს მიაბეს, რათა სესხის დაბრუნება მიმდინარე კურსზე გადაანგარიშებით მომხდარიყო.  შესაბამისად, ბანკებმა კურსის ცვალებადობით არამარტო დოლარში გაცემული სესხებიდან მიიღეს მოგება, არამედ ლარში გაცემული სესხებიდანაც.

“ასეთი გათვლით ლარის დევალვაციის შედეგად მათ საკმაოდ დიდი მოგება მიიღეს. მათი მასშტაბური მოგება მეტყველებს იმაზე, რომ დევალვაციის შედეგად მათი ფულის ნომინალური ღირებულება გაიზარდა”, – ამბობს მიხელ თოქმაზიშვილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 33.7 პროცენტი შეადგინა. საკრედიტო პორტფელის ზრდა მეტწილად გამოწვეულია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების გადაფასებით. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 10.4 პროცენტი იყო. ამასთანავე, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 2015 წლის ბოლო კვარტალში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტების შემცირება აღინიშნება, მაგალითად ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 12.5 მილიონი ლარით 15.35 მილიარდ ლარამდე შემცირდა.

საკრედიტო პორტფელის 80.2 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდის, რომლის 68.8 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. ანუ დოლარიზაციის მაჩვენებელი ამ მიმართულებითაც თვალშისაცემია. მოკლევადიან სესხებში კი დოლარიზაციის მაჩვენებელი კი 45,8 პროცენტია, ესეც იმიტომ, რომ მოკლევადიან სესხებში დიდი წილი სამომხმარებულო სესხებს უჭირავს, რომელიც ლარშია დენომინირებული. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები 1,3 პროცენტული პუნქტით 19.9 პროცენტამდე გაიზარდა. დაფიქსირდა, უცხოურ ვალუტაზე 15 პროცენტი. უცხოური ვალუტის გაცემულ სესხებზე კი საპროცენტო განაკვეთი მცირედით შემცირდა და 10,2 პროცენტს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 13.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა. 2014 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 29.5 პროცენტით არის გაზრდილი. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდა მთლიანად გამოწვეულია უცხოური ვალუტით დეპოზიტების ზრდით, სადაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტით დეპოზიტების ლარით გამოსახული მაჩვენებლის გადაფასებამ.

ხაზგასასმელია, რომ ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა შემცირდა 94.7 მილიონი ლარით (2.1 პროცენტით) და 4.32 მილიარდ ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით დეპოზიტების კლება დაფიქსირდა, როგორც ვადიან დეპოზიტებზე, ასევე მიმდინარე ანგარიშებზე. ლარის რესურსის 32.5 პროცენტი ფიზიკური პირების დეპოზიტებზე მოდის უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტების მოცულობა პირიქით იზრდება და ამ დროისთვის 3.98 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ შემთხვევაში აღნიშნული ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო იურიდიული პირების ანგარიშების ზრდით. დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელმა 68.8 პროცენტს მიაღწია. აქედან იურიდიული პირების დეპოზიტების დოლარიზაციაა 60,3 პროცენტი, ხოლო ფიზიკური პირების 81.0 პროცენტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ 2015 წელს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კიდევ უფრო შემცირდა. 

რაც შეეხება დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს, წლის მეორე ნახევარში ამ მიმართულებით მცირედი ზრდა აღინიშნება, ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი 10.9 პროცენტი დაფიქსირდა. ფიზიკური პირების ეროვნული ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთი კი 11.1 პროცენტს შეადგენს.  უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი იურიდიული პირებისთვის 4.3 პროცენტია, ხოლო ფიზიკური პირებისთვის განაკვეთი მცირედით შემცირდა 4.1 პროცენტამდე.

ამ დროისთვის, საქართველოში 19 კომერციული ბანკი, საიდანაც უცხოური კაპიტალის მონაწილეობით ფუნქციონირებს 18 მათგანი, ხოლო დარჩენილი 1 არარეზიდენტი ბანკის ფილიალი წარმოადგენს. ჯამში უცხოური კაპიტალის მონაწილეობა ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 77.1%-ს შეადგენს. ბაზარზე წარმოდგენილი 19 ბანკი მთლიანობაში 125 ფილიალს და 800-ზე მეტ სერვის ცენტრს ფლობს.

წყარო: ბანკები და ფინანსები

http://bit.ly/1nyNyYy

One thought on “ქართული ბანკების მოგებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

  1. Pingback: ქართული ბანკების მოგებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია | | live24.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s