ლარის კურსის ვარდნის მიზეზები

წინა კვირაში აქტუალური იყო ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის თემა.  პროცესი იმით დაიწყო, რომ 2014 წლის 25 ნოემბერს დოლარი მკვეთრად გამყარდა და  ლართან მიმართებაში გაცვლითი კურსი 1.8217  ნიშნულამდე ავიდა, ხოლო 6 დეკემბერს 1.9527 ნიშნულსაც კი მიაღწია.

Lari 1

ზოგადად, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე ზემოქმედებს სავალუტო ბაზარზე საბაზრო წონასწორობის დარღვევა, კერძოდ დოლარის დეფიციტი ან/და ლარის სიჭარბე. განვიხილოთ ორივე ნაწილზე (მოთხოვნაზეც და მიწოდებაზეც) ზემოქმედი ფაქტორების ცვლილებები ბოლო პერიოდში.

ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან საინტერესო ტენდენციები შეინიშნებოდა  სავალუტო ბაზარზე. კერძოდ,  აშშ დოლარით განხორციელებული ვაჭრობის შედეგების მიხედვით სექტემბერში კომერციული ბანკების მიერ შესყიდული  აშშ დოლარების მოცულობამ  982 774  ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო  გაყიდული დოლარების მოცულობამ კი –  979 348 ათასი აშშ დოლარი, ანუ შესყიდული დოლარების მოცულობამ სექტემბრის თვეში გაყიდული დოლარების მაჩვენებელს   3 425 ათასი აშშ დოლარით გადააჭარბა.  ანალოგიური ტენდენცია შეინიშნებოდა ოქტომბერშიც, კერძოდ, კომერციული ბანკების მიერ შესყიდული დოლარები ოქტომბერში შეადგენდა  1 043 901 ათას აშშ დოლარს, ხოლო გაყიდვები კი –  1 015 016 ათას აშშ დოლარს. ანუ ოქტომბრის თვეში კომერციული ბანკების მიერ 28 885 ათასი აშშ დოლარით მეტი შესყიდვა იყო, ვიდრე გაყიდვა. სავალუტო ბაზარზე სექტემბერშიც და ოქტომბერშიც განხორციელებული ვაჭრობის შედეგებით ნათლად ჩანს, რომ ბოლო თვეებში კომერციული ბანკების მიერ გაზრდილი იყო მოთხოვნა აშშ დოლარზე.

თავისმხრივ,  შეიძლება ითქვას, რომ აშშ დოლარზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, ფულადი გზავნილების-ჩარიცხვების შემცირება, იმპორტის ზრდა, გრაფიკით განსაზღვრული საგარეო ვალდებულებების დაფარვა და ინვესტორების მიერ კუთვნილი დივიდენდებისა  თუ სესხების  გატანა/გასტუმრება.

2014 წლის სექტემბერში იმპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 723.5  მლნ აშშ დოლარი, რაც წინა თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით 6.4%-ით,  ხოლო წინა წლის ანალოგიურ თვესთან (სექტემბერთან) შედარებით 5.4%-ით არის გაზრდილი.სექტემბრის მსგავსად, 2014 წლის ოქტომბერშიც იმპორტის გაზრდილი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 782.5 მლნ აშშ დოლარი. რაც წინა თვესთან შედარებით 7.7%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ თვესთან (ოქტომბერთან) შედარებით კი 8.7%-ით არის გაზრდილი.

აქვე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენენ, რომლის მაჩვენებლებიც ბოლო პერიოდში არცთუ ისე საიმედოა.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2014 წლის 1-ლ და მე-2 კვარტალში სულ შემოსულია 415.8 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. აქედან მე-2 კვარტლის მაჩვენებელი 150.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 43.3%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2013 წლის მე-2 კვარტალს)  27.6%-ით ჩამორჩება.  აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლის  მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკაში ნეგატიური ვითარებაა.

აგრეთვე, აუცილებელია აღვნიშნოთ ფულადი გზავნილების მაჩვენებლებიც. 2014 წლის ოქტომბრის თვეში ქვეყანაში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა (ჩარიცხვებმა) 123 896 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 6.2%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს (2013 წლის ოქტომბერს) 6.5%-ით ჩამორჩება. ამასთანავე, გარდა ჩარიცხვების მოცულობის შემცირებისა, უნდა ითქვას რომ გაზრდილია გადარიცხვების მაჩვენებელი. 2014 წლის ოქტომბრის თვეში გადარიცხულმა ფულადმა გზავნილებმა  17 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც  14.5%-ით აღემატება წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო 2013 წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელს კი 13.9%-ით.

Lari 2

თავისმხრივ მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილების (ჩარიცხვების) სტრუქტურა ქვეყნების მიხედვით. 2013 წლის ჯამური მონაცემებით გადმორიცხული თანხებიდან მთლიანი წლიური მაჩვენებლის  54% მოდიოდა რუსეთზე (801 მლნ აშშ დოლარზე მეტი),  13% – საბერძნეთზე (159 მლნ აშშ დოლარი),  7% – იტალიაზე (110 მლნ აშშ დოლარი), 5% – აშშ-ზე (75 მლნ აშშ დოლარი), 3% – თურქეთზე (42 მლნ აშშ დოლარი).

აღნიშნული მონაცემებით კარგად ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და იქედან გადმორიცხული თანხები ჩვენი ქვეყნისთვის.  ამ მხრივ კი რუსული რუბლის გაცვლითი კურსი ძალიან დიდ როლს თამაშობს.

მაგალითად, თუკი რუსეთში სამუშაოდ წასული ქართველის დანაზოგი რუბლის გაუფასურებამდე აშშ დოლარებში გამოხატული პირობითად 500 დოლარს შეადგენდა, რუბლის გაუფასურების შემდეგ იგივე დანაზოგი, გამყარებულ დოლარში გადახურდავების შემდეგ, უფრო ცოტას შეადგენს. ამის შედეგად ბუნებრივია მცირდება რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობაც (აშშ დოლარებში გამოხატული), რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის სავალუტო ბაზარზე და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკაზეც.

მაგალითად, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში რუსეთიდან გადმორიცხული იქნა 66 772 ათასი აშშ დოლარი, რაც 7,5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში კი რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა შეადგინა  62 226 ათასი აშშ დოლარი, რაც 15.1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ანუ, როგორც ვხედავთ სექტემბერშიც და ოქტომბერშიც რუსეთიდან ჩარიცხული ფულადი გზავნილები მკვეთრად არის შემცირებული. აღნიშნული კლება კი როგორც უკვე აღვნიშნეთ აშშ დოლართან მიმართებით რუსული რუბლის გაუფასურებამ განაპირობა. რუბლის გაუფასურების დინამიკა კარგად ჩანს ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე (წყარო: http://www.reuters.com/finance)

Lari 1 Lari 3

გარდა ფულადი გზავნილების კლებისა, ლარის გაუფასურებაზე ზეგავლენა მოახდინა აგრეთვე დიდი ოდენობის საგარეო ვალდებულებების გასტუმრებამაც.

2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი შეადგენს 13 154  მლნ  აშშ დოლარს, რომლის დაფარვაც სერიოზულ სავალუტო რესურსს მოითხოვს.  ამ მხრივ საინტერესოა საგარეო ვალის დაფარვის გრაფიკის განხილვაც. აღნიშნული გრაფიკის მიხედვით (რომელიც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა განთავსებული) 2014 წლის მე-3 კვარტალში ქვეყნიდან 954.5 მლნ აშშ დოლარის საგარეო ვალდებულება იყო დასაფარი.    2014 წლის მე-4 კვარტალში კი 853.1 მლნ აშშ დოლარის საგარეო ვალდებულებაა დასაფარი, საიდანაც ბანკების წილად 197.5 მლნ აშშ დოლარია,  სამთავრობო სექტორის წილად – 98.3 მლნ აშშ დოლარი, პირდაპირი ინვესტიციები:კომპანიათაშორისი სესხების წილად – 258.3 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სხვა სექტორების (არასაბანკო-საფინანსო სექტორის) წილად კი – 294.7 მლნ აშშ დოლარი. აღნიშნული მოცულობის  უცხოური ვალდებულებების გასტუმრება ბუნებრივია საჭიროებს უცხოურ ვალუტას, რაც თავისმხრივ სხვა თანაბარ პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გამყარებას განაპირობებს.

რაც შეეხება ლარის გაუფასურების ნეგატიურ შედეგებს, პირველ რიგში უნდა გამოვყოთ ინფლაციის საშიშროება. რადგან საქართველოში სამომხმარებლო კალათის 80%-მდე იმპორტულ პროდუქციაზე მოდის,  ამიტომ,  ლარის გაუფასურება საშუალოვადიან პერიოდში (იმპორტიორების მიერ არსებული მარაგების ამოწურვის შემდეგ) სამომხმარებლო ფასების ზრდას გამოიწვევს. რაც სამწუხაროდ კიდევ უფრო გააუარესებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში.

ირაკლი დოღონაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s